15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, ქუთაისის მერია ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიებას აუქმებს
ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ აღარ აინთება, მიზეზი 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა.
„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.