13-წლიან კარიერაში 3,5 წელი მკურნალობდა - რამ აიძულა ანანიძეს კარიერის დასრულება #1TVSPORT
ჯანო ანანიძე ყოველ წელს 103 დღე ტრავმების მკურნალობას ანდომებდა – ასეთი სამწუხარო სტატისტიკა აღმოაჩნდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, რომელმაც კარიერის დასრულება 29 წლის ასაკში გადაწყვიტა.
2012 წლის რუსეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის შემდეგ ანანიძე „ოქროს ბიჭის“ საუკეთესო 50 პრეტენდენტშიც მოხვდა. მაგრამ ტრავმებმა ძალიან დატანჯა და რეალურად, კარიერა ვერ აიწყო.
საგანგაშო სიგნალი 19 წლის ასაკში ხშირი რეციდივები იყო. პირველი ოპერაციის შემდეგ ტრავმების სიხშირე შემცირდა, მაგრამ სიმძიმე გაიზარდა. 20 წლის ასაკში მუხლზე პირველი ოპერაცია გაიკეთა.
2011 წელს მიღებული დაზიანებების გამო ანანიძემ 8 თვე გამოტოვა, მერე „როსტოვში“ ნემსებით თამაშობდა, მათ შორის თასის ფინალში, რომელიც მოიგო. 2017 წლის სექტემბერში მარცხენა ტერფის სახსარი იტკინა. თავდაპირველად, კლუბის ექიმები ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება არ იყო სერიოზული, მაგრამ რომის კლინიკის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ახალი ოპერაცია გადაწყდა.
2018 წელს ჯანომ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩი და უკვე მე-5 წუთზე ჯვარედინი იოგები დაიზიანა. ანანიძეს რომში წარმატებით გაუკეთეს ოპერაცია და სწრაფად დაბრუნდა.
2019 წლის იანვარში გამოთვალეს, რომ ჯანომ 8 წელიწადში 825 დღე გამოტოვა. ანუ ყოველწლიურად ჯანოს საშუალოდ 103 დღე სჭირდებოდა სამკურნალოდ. მერე ეს სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდა. 2020 წლის იანვარში „სპარტაკმა“ კონტრაქტი გაუწყვიტა და რამდენიმე დღეში კვიპროსულ „ანორთოსისში“ ჩაირიცხა.
ახალ გუნდში 6 არასრული მატჩი ჩაატარა, მუხლი დაიზიანა და ისევ პაუზა – შედეგად, ანანიძემ კვიპროსში 8 მატჩში 300 წუთზე ცოტა ნაკლები ითამაშა. აგვისტოში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „როტორთან“, სადაც საერთოდ არ უთამაშია. ისევ მუხლმა შეაწუხა.
ანანიძემ რამდენიმე თვე გაატარა უკლუბოდ და 2021 წლის აპრილში „დინამო თბილისში“ გადავიდა, სადაც 26 წუთი ითამაშა. 2022 წლის იანვარში უკვე ბათუმის „დინამოში“ სცადა ბედი, მაგრამ 6 მატჩში ჯამში მოედანზე 90 წუთზე გაატარა და კარიერა დაასრულა.
ჯანომ 13-წლიან კარიერაში 208 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ტრავმების გამო გამოტოვა 119 მატჩი ანუ 1262 დღე (უხეში შეფასებით 3,5 წელი). ანუ ყოველი მესამე თამაში გამოტოვა. 2021 და 2022 წლებში მიღებული ტრავმებისგან კი ვეღარ განიკურნა და ქართულმა ფეხბურთმა ნიჭიერი მოთამაშე დაკარგა.