ლევან კობიაშვილი - ძალიან საწყენია, რომ ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - ძალიან საწყენია, რომ ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კომენტარი გააკეთეს ჯანო ანანიძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „ჯანოს გადაწყვეტილებას ყველა პატივს ვცემთ. ჩემთვის, ისე როგორც საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივრისთვის, სამწუხაროა ასეთ ასაკში კარიერის დასრულება. გვერდიგვერდ ვითამაშეთ საქართველოს ნაკრებში, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ყოველთვის გამორჩეული იყო მოედანზე. საწყენია 29 წლის ასაკში თქვა უარი იმ სივრცეზე, სადაც ყველაზე მეტი დრო გაქვს გატარებული. მადლობა ჯანო, შენ იყავი და ყოველთვის დარჩები ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წევრად”.

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი: „ძალიან საწყენია, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯანო ქართული ფეხბურთის გამორჩეული და განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ჯანოსთან ერთად საქართველოს ნაკრების მაისურით პირველად 2009 წელს, მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ვითამაშე. ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და საკუთარი ქვეყნის ნაკრების სახელს იცავდა. დიდი მადლობა ჯანოს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის“.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერის დასრულება ნაადრევად, 29 წლის ასაკში გადაწყვიტა. ეროვნული ნაკრების მაისურით ჯამში 45 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა ანგარიშზე. ბოლო სანაკრებო თამაში 2019 წლის 15 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს 3:2 მოუგო.