ცნობილმა ჟურნალისტმა, ლეონიდ ტრახტენბერგმა ჯანო ანანიძის შესახებ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, რომლის შინაარსზეც სათაური მეტყველებს – „პატარა პირლო“. წერილი იწყება ჯანოს გარდაცვლილი მამისადმი მიმართვით.
პატარა პირლო
„ამირან! რა თქმა უნდა, პირველმა გაიგე, რომ ჯანომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შენ, ისევე როგორც შენი შვილი, ფეხბურთს აღმერთებდი. ჯანომ მითხრა, შენ თვითონ კარგად თამაშობდი. იმდენად კარგად, რომ შეგეძლო ბათუმის „დინამოში“ თამაში – შესაძლოა, თბილისის „დინამოშიც“, მაგრამ იმ დროს იყო, გადაჭარბების გარეშე, კონკურენცია საქართველოს საუკეთესო გუნდისთვის – ათიათასობით ერთ ვაკანტურ ადგილზე – შეუდარებლად მეტი, ვიდრე რომელიმე ყველაზე პრესტიჟულ საკავშირო ინსტიტუტში!
– მგონი, სწორედ მაშინ გადაწყვიტე, ამირან, რომ შენს აუხდენელ ოცნებას ჯანო განახორციელებდა. მას საუკეთესო წლები დაუთმე, საფეხბურთო გაკვეთილები კი ფასდაუდებელი იყო. არ ზოგავდით შვილს და როცა ჩანდა, რომ რამდენიმესაათიანი ვარჯიშის შემდეგ უკანასკნელი ძალები ამოწურა, აიძულებდით ისევ ევარჯიშა.
– და, რაც მთავარია, შენ ასწავლე მოედნის ხედვა და ფიქრი. ასწავლე მას ჭკვიანი ფეხბურთის თამაში, რომელიც თავად მასაც სიამოვნებდა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ათასობით ადამიანს. ემოციებით ძუნწმა სკანდინავიელებმაც კი აპლოდისმენტებით გააცილეს შვედეთში, შეკრებაზე გამართული საკონტროლო მატჩის შემდეგ უმძიმესი დატვირთვის ფონზე.
– ვინ იცის, შესაძლოა, ეს დატვირთვები იყო მისი მრავალი ტრავმის ძირითადი მიზეზი, რომლებიც მას თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში აწუხებდა. შემთხვევით არაფერი ხდება. აღმოჩნდა, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ვარჯიშობდა და თამაშობდა ტერფის სერიოზული ტრავმით, რომელიც რენტგენმაც კი ვერ აღმოაჩინა. და მხოლოდ ყველაზე გამოცდილმა ფინელმა ქირურგმა ხელებით, იტალიაში გადაღებული სურათის გარეშე, „იგრძნო“ პრობლემა და რამდენიმე საათის განმავლობაში საოპერაციო მაგიდაზე ცდილობდა მის აღმოფხვრას.
– მანამდე კი, რუსეთის თასის ფინალში, რომელიც „კრასნოდარს“ „როსტოვმა“ მოუგო, ჯანომ თითქმის ორი ტაიმი ტკივილით ითამაშა. თუმცა, მსგავსი მატჩი და ვარჯიში მის ბიოგრაფიაში არაერთი ყოფილა. არ გამოვრიცხავ, რომ ბაზის დახურულ კარს მიღმა წყენისა და უსამართლობის განცდისგან ლოყაზე ცრემლები ბევრჯერ ჩამოუგორდა, მაგრამ საჯაროდ ნამდვილი ქართველი მეომარივით იქცეოდა და ამიტომ მისი ცრემლები არავის უნახავს.
– ამასობაში, ამირან, შენი შვილი უფრო ხშირად ითამაშებდა და კიდევ უფრო შთამბეჭდავადაც, მწვრთნელები ისევე რომ მოქცეოდნენ, როგორც ბესკოვი ჩერენკოვს. მათ არ ვადარებ, მაგრამ ვბედავ იმის თქმას, რომ ერთიც და მეორეც ისეთი ნიჭიერი იყო, როგორებიც ყოველ წელს არ იბადებიან. თუმცა ორ მწვრთნელს – ბოზოვიჩს და კარერას ეს კარგად ესმოდათ. და შემთხვევითი არ არის, რომ ჯანო პირველს თასის მოგებაში დაეხმარა, ხოლო მეორეს – ჩემპიონობის დაბრუნებაში. სხვათა შორის, საჩემპიონო სვლა „არსენალთან“ მატჩში ჯანოს დუბლით დაიწყო.
– ჯანომ სეზონი როსტოვში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, მაგრამ მალევე შემადგენლობაში გადავიდა და პირველი ტაიმი სრულიად ჩააგდო – სურვილმა, რაც შეიძლება კარგად ეთამაშა და ვიღაცისთვის რაღაც დაემტკიცებინა, ჩვეული სიმშვიდე და წინდახედულობა წაართვა. შესვენებაზე ერთი წამით გასახდელში რომ გავიხედე, დავინახე ჯანომ წინდები გაიხადა და შხაპის მისაღებად მიდიოდა.
– სად მიდიხარ?, – ბოზოვიჩმა გაკვირვებით შეხედა ჯანოს.
– ახლა ხომ მაინც შემცვლი… – გულწრფელად უპასუხა მოთამაშემ.
– ეს საიდან გადაწყვიტე?
– ჩაიცვი და მოემზადე მეორე ტაიმისთვის. მე შენნაირებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვცვლი.
– მწვრთნელის მხარდაჭერით გამხნევებულმა ჯანომ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ტაიმი ითამაშა! ამ თამაშის შემდეგ, სტადიონზე შესამჩნევად მეტი გულშემატკივარი მოდიოდა. დებიუტის მეორე დღეს ჯანომ ვერ მოითმინა და მწვრთნელს ჰკითხა: „რატომ არ დამტოვე გასახდელში – მე ხომ კარგად არ ვითამაშე…“. მიოდრაგმა გაიღიმა: „შენნაირ ფეხბურთელებს შესაძლოა თამაში არ წაუვიდეთ, მაგრამ შემდეგ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მომენტი დაიჭიროთ და თამაში შეატრიალოთ“. ერთხელ ბოჟოვიჩმა მითხრა: „ბევრ ქვეყანაში ვთამაშობდი და ვვარჯიშობდი, მაგრამ ასეთ ტალანტს პირველად შევხვდი”
– მის ნიჭს, მის თამაშს „სპარტაკში“ დიდად აფასებდნენ. ბრაზილიელებიც კი აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ტექნიკით, სიზუსტით და დარტყმის ძალით, მოძრაობების არაპროგნოზირებადობით. გასაკვირი არ არის, რომ „ბაზელთან“ გასვლითი მატჩის ბოლოს, ალექსმა, რომელიც საჯარიმოებს არტყმდა, ბურთი ჯანოს დაუგორა და ბურთი ახლო კუთხეში გაიტანა. სამედოვიც ჯანოსთან ურთიერთობდა ვარჯიშებსა და თამაშებში და მის კლასს ასევე აფასებდა: „მესმოდა, რომ გამორჩეული მოთამაშე იყო, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ისეთი ოსტატია, როგორც ჩვენს ფეხბურთში ცოტაა!“
– საღამოს ვარჯიშის შემდეგ ხშირად ათენებდა ღამეს ბაზაზე, რათა საკმარისად ეძინა და დილის ვარჯიშზე ენერგიული წასულიყო. ფეხბურთი, ისევე როგორც ხელოვნება, მსხვერპლს მოითხოვს. ჯანო კი მზად იყო ბევრი გაეწირა საყვარელი თამაშისთვის. არ არსებობს ქართველი, ვისაც ქეიფი არ უყვარს, მაგრამ არც „სპარტაკის“ და არც საქართველოს ნაკრების გამარჯვება არც ერთი ჭიქა ღვინით არ უზეიმია. და ესეც შენი დამსახურებაა, ამირან!
– ბოჟოვიჩმა მას „პატარა პირლო“ შეარქვა. სხვათა შორის, როცა წითელ-თეთრებს თამაში არ მისდიოდა, შეტევების დასაწყებად პირლოს პოზიციაზე გადაიყვანეს. და ისიც მინდა ვთქვა, რომ ამირანმა გაზარდა ადამიანი, რომელსაც ნამდვილი მეგობრობა შეუძლია. ჰკითხეთ, მაგალითად, ჯიქიას, სამედოვს და ჟიგოს – ახალ გუნდში პირველი ვინ დაეხმარა. სამივე ერთხმად გიპასუხებთ – ჯანო. ამის მოწმე მეც გავხდი, ისევე როგორც თავად ჯანოს პირველი გოლის, რომელიც „სპარტაკში“ 16 წლის, 9 თვისა და 5 დღის ასაკში „კრასნოდართან“ სათასო მატჩში გაიტანა – „სპარტაკში“ უფრო პატარა ასაკში არავის გაუტანია. მაინტერესებს ეს ჩანაწერი რამდენ ხანს გაგრძელდება…
– ბუნებამ, რბილად რომ ვთქვათ, კარგი ჯანმრთელობით არ დააჯილდოვა. ყოველი ტრავმის შემდეგ საჭირო იყო ოპტიმალური ფორმის ხელახლა აღდგენა. მერწმუნეთ, ეს ძალიან მძიმე სამუშაოა! მას, როგორც ტექნიკურ ფეხბურთელს, ხშირად ხვდებოდა ფეხებში. ჯანომ ყველაზე მძიმე დარტყმა კარიერის მწვერვალზე მიიღო, როცა მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ის იყო პირველი მწვრთნელი, ყველაზე მომთხოვნი კრიტიკოსი და საუკეთესო მრჩეველი – ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც.
– მას შემდეგ არაერთხელ ვუმეორებ ჯანოს: „როცა მოედანზე გახვალ, დარწმუნებული იყავი, რომ მამა, როგორც ყოველთვის, შენს თამაშს ყველა სხვაზე მეტი ყურადღებით და ზედმიწევნით უყურებს. ყოველივე ამის შემდეგ, სამოთხიდან ხედავს მას, ისევე როგორც სტადიონის ტრიბუნიდან …“, – წერს ლეონიდ ტრახტენბერგი.