„112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
„112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამინისტროს ინფორმაციით, თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა.

ახალი ხელმძღვანელი „112“-ის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ პირადად წარუდგინა.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა გელაშვილი მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო. 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013–2016 წლებში ნიკა გელაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი, ხოლო 2013 წელს კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2009 – 2012 წლებში იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი“) პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. ნიკა გელაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.