11 000-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარი ალიანსი ხელს აწერს და ავრცელებს მნიშვნელოვან შეტყობინებას მთელი მსოფლიოსთვის — თუ სწრაფად, საფუძვლიანად და ხანგრძლივად არ შევცვლით ჩვენს ცხოვრებას, ისინი წერენ, რომ სულ მალე დადგება „კაცობრიობის ჯერ არნახული განსაცდელი“.
უკვე 40 წელიწადზე მეტია, მეცნიერები მსოფლიოს კლიმატის მოახლოებული კრიზისის შესახებ აფრთხილებენ. მათი „ყვირილი“ ძალიან მცირე ყურადღებას იქცევდა და კიდევ უფრო მცირე ცვლილებები მოსდევდა.
ახლა კი, გლობალური განგაშის აგონიაში მათი შორსმჭვრეტელი ექო თანდათან მისუსტდა, მაგრამ მეცნიერებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ სცადონ.
„მეცნიერებს მორალური ვალდებულება აქვთ, რომ კაცობრიობა ნებისმიერი დიდი საფრთხის შესახებ გააფრთხილოს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით აშკარაა, რომ ვდგავართ კლიმატური საგანგებო მდგომარეობის წინაშე“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერი თომას ნიუსამი.
ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი კლიმატური დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ, რომელსაც ხელს აწერდა მეცნიერთა ყველა დროის ყველაზე დიდი საერთაშორისო ჯგუფი „ნიუსამი“ და მისი კოლეგები, მსოფლიოს კიდევ ერთ სასწრაფო გაფრთხილებას უგზავნიან.
მათი დოკუმენტი გარემოსდაცვითი შეშფოთების ბოლოდროინდელი გლობალური ტალღით არის შეგულიანებული და ეყრდნობა ბოლო 40 წლის განმავლობაში დაგროვებულ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს ენერგიის მოხმარების, ზედაპირის ტემპერატურის, მოსახლეობის, ტყის ჩეხვის, პოლარული ყინულის, ნაყოფიერების მაჩვენებლების და რა თქმა უნდა, ნახშირბადის გამოყოფის შესახებ.
დოკუმენტი გუშინ გამოქვეყნდა და მას ხელი უკვე 11 000-ზე მეტმა მეცნიერმა მოაწერა; ამ მაჩვენებლით ჩამორჩება მხოლოდ წინა დოკუმენტს, რომელსაც 15 000-ზე მეტი მეცნიერი აწერდა ხელს 150-ზე მეტი ქვეყნიდან.
„კლიმატის კრიზისი უკვე დადგა და იმაზე სწრაფად ჩქარდება, ვიდრე მეცნიერთა უმეტესობა ელოდა. ის უფრო სასტიკია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს ბუნებრივ ეკოსისტემებსა და კაცობრიობის ბედს“, — წერენ ავტორები.
დასკვნებში ახალი არაფერია, მაგრამ ცდილობენ წარმოაჩინონ ძირითადი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მაგალითად, ხორცის აღმავალი წარმოება, ხეების დანაკარგი, შობადობის მაჩვენებლები და ნახშირბადის გამოყოფა.
დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 80 მილიონით იზრდება, ხოლო ამაზონის ტყის ჩეხვა დღითი დღე უფრო სასტიკი ხდება.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგის, უილიამ რიპლის განცხადებით, მიუხედავად 40 წლის განმავლობაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა, ბიზნესის წარმოება მაინც იგივენაირად გრძელდება და ამ კრიზისის აღმოფხვრაში მნიშვნელოვანი ჩავარდნაა.
ავტორთა განცხადებით, კლიმატის კრიზისის ყველაზე უარესი შედეგების შესაჩერებლად, საჭიროა ეს ტენდენციები უკუვაქციოთ და დარჩენილი წიაღისეული საწვავის მარაგი მიწაშივე დავტოვოთ.
მის სანაცვლოდ კი აუცილებელია შევქმნათ განახლებადი და ნახშირბადის შთანმთქმელი ტექნოლოგიები, გადავიდეთ უფრო მცენარეულ საკვებზე, საჭიროა ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ოჯახის დაგეგმვის სერვისები, განსაკუთრებით – გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის.
ავტორები აღიარებენ, რომ მდიდარი ქვეყნები ამ ცვლილებებში გზას აუცილებლად გაიკვალავენ, მაგრამ თუ მსოფლიოს ნამდვილად სურს ნულოვანი ნახშირბადის მომავალი, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ღარიბ ქვეყნებსაც დაეხმარონ.
გამონაბოლქვის ზრდის კვალდაკვალ, ჩვენ ამავე დროს სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაჩეროთ და უკუვაქციოთ ჰაბიტატისა და ბიომრავალფეროვნების დანაკარგები, ტყეებსა და სხვა ბუნებრივ ჰაბიტატებს მივცეთ აყვავებისა და ნახშირბადის შენახვის საშუალება.
ავტორთა გათვლით, მხოლოდ ამ „ბუნებრივი გამოსავლებით“ შეგვიძლია შევასრულოთ პარიზის შეთანხმების ამბიციათა მესამედი.
„საჭიროა, უარი ვთქვათ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიზნებზე და მთელი ძალისხმევა მივმართოთ ეკოსისტემების მდგრადობისკენ, ადამიანთა კეთილდღეობა კი გავაუმჯობესოთ საბაზისო საჭიროებების პრიორიტეტიზაციითა და უთანასწორობის შემცირებით“, — წერენ მეცნიერები.
ეს ნამდვილად იქნება დიდი შემობრუნება, სადაც ამჟამად მსოფლიო ლიდერთა უმეტესობა იმყოფება. წარმატების შემთხვევაში, კაცობრიობის კეთილდღეობა გაცილებით გაუმჯობესდება, უკეთესი გახდება ჩვენი ერთადერთი სახლიც სამყაროში — პლანეტა დედამიწა.
ბოლო პერიოდში ყველაფერი თითქოს იმედისმომცემი მიმართულებით მიდის. გასულ ათწლეულში 300 პროცენტით გაიზარდა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება. წიაღისეული საწვავის დივესტიცია (აქტივები) 7 ტრილიონ აშშ დოლარამდე დავიდა, ნახშირბადის გამოყოფის შემცირება კი კომპანიებში ნელ-ნელა პოპულარული ხდება.
არ უნდა დაგვავიწყდეს კლიმატის მიმართულებით ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად გადადგმული სასიკეთო ნაბიჯები ინდივიდუალური პირების, კორპორაციებისა და ქვეყნების მხრიდან.
ავტორთა განცხადებით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, თუკი ნამდვილად გვსურს თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი, კატასტროფული მომენტი, რომლის იქით დედამიწა ცხელი სათბური გახდება და ჩვენს კონტროლს მიღმა აღმოჩნდება.
„მართალია, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ყველაფერი მთლად უიმედოდაც არ არის. შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯები კლიმატური განგაშის შესაჩერებლად“, — წერენ მეცნიერები.
კვლევა ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.