2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პოლონეთი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ „გლივიცა არენაზე“ უკვე დაიწყო. კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წელს გიორგი როსტიაშვილი წარადგენს. ქართველი კონკურსანტი შეასრულებს დათო ევგენიძის საკონკურსო სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს“ (We need Love). ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.
გიორგი როსტიაშვილი „გლივიცა არენაზე“ მე-6 ნომრად გამოვა.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე Junioreurovision.tv-ზე შეგიძლიათ. ვებგვერდზე ხმის მიცემის გრაფის ნახვის შემდეგ, მოუსმინეთ ცხრამეტივე კონკურსანტს და ხმა მიეცით მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს.
რაც მთავარია, ხმის მიცემა საქართველოსთვისაც შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ. ონლაინ ხმის მიცემა გაგრძელდება დღეს, კონკურსის დაწყებამდე და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.
საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე, ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი ახორციელებს. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინ სივრცეში, საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.