ბრიტანელი მწერალი და ესეისტი ზეიდი სმითი 1975 წელს ბრენტეში დაიბადა. ზეიდის დედა იამაიკელი, ხოლო მამა ბრიტანელია, რამაც ბევრი რამ განაპირობა მის ცხოვრებაში. წერა ჯერ კიდევ კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო.

ზეიდი სმითს მსოფლიო პოპულარობა 2000 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა „თეთრი კბილები“ მოუტანა. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და უამრავი ლიტერატურული პრემია თუ ჯილდო მიენიჭა, ამასთან, მას „ახალი ათასწლეულის პირველი ლიტერატურული სენსაცია“ უწოდეს. ჟურნალმა „თაიმმა“ ის წლის საუკეთესო რომანების ათეულში შეიყვანა, ხოლო „ნიუ იორკერმა“ – 1925-2005 წლებში გამოსული საუკეთესო რომანების ასეულში. მწერალმა სალმან რუშდიმ „თეთრ კბილებს“ „საოცრად თავდაჯერებული დებიუტი“ უწოდა. რომანის მიხედვით, 2002 წელს სატელევიზიო ფილმი გადაიღეს. ზეიდი სმითმა დაარღვია ლამის დამკვიდრებული წესი, რომ მწერლის პირველი რომანი საკუთარი თავის მიმართ შეცოდებით გაჟღენთილი ავტობიოგრაფიული ტექსტი უნდა იყოს. როდესაც „თეთრი კბილები“ გამოქვეყნდა, ზეიდი კემბრიჯს ამთავრებდა, 25 წლის იყო და როგორც თავად ამბობს, ასეთმა მოულოდნელმა წარმატებამ, შემოქმედებითი კრიზისიც კი დამართა. მიუხედავად ამისა, 2002 წელს გამოსული რომანიც – „ავტოგრაფების შემგროვებელი“ წარმატებული აღმოჩნდა. 2005 წელს რომანი „სილამაზის შესახებ“ ბუკერის პრემიის ფინალისტი გახდა, ხოლო 2006 წელს სომერსეტ მოემისა და ორანჯის პრემიები დაიმსახურა. ასევე წარმატებული აღმოჩნდა 2012 წელს დაწერილი რომანი „NW“. რომანს სათაური ჩრდილო-დასავლეთ ლონდონის საფოსტო კოდის მიხედვით დაერქვა. ზეიდი სმითს ექვსი რომანი აქვს დაწერილი და არც ერთი მათგანი არ დარჩენილა კრიტიკოსებისა და მკითხველების ყურადღების მიღმა. მისი ბოლო რომანი „სვინგის დრო“ 2016 წელს გამოქვეყნდა და ცხარე კამათი გამოიწვია. კრიტიკოსების ნაწილი მას ზეიდი სმითის საუკეთესო რომანს, ხოლო ნაწილი კი მწერლის შემოქმედებით ჩავარდნას უწოდებს. ლიტერატურული რედაქტორი საიმონ ლეზერი რომანს შედევრად მიიჩნევს. ხოლო კრიტიკოსი ჯეიმს ვუდი „სვინგის დროს“, ისევე, როგორც „თეთრ კბილებს“ „ისტერიულ რეალიზმს“ მიაკუთვნებს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ეს ტერმინი ჯეიმს ვუდმა დაამკვიდრა და განაცხადა, რომ „თეთრი კბილები“ ამ ახალ ლიტერატურულ ჟანრს მიეკუთვნება. მისი განმარტებით, ამ ჟანრს მიეკუთვნებიან ის მწერლები, რომლებიც ცდილობენ, „მხატვრული ლიტერატურა სოციალურ თეორიად გადააქციონ“ და მკითხველებს უამბონ, როგორაა სამყარო მოწყობილი, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება იმაზე გაამახვილონ, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი განსაზღვრულ სიტუაციასა და პირობებში.“

ზეიდი სმითი ცნობილია, როგორც პანორამული რომანების მწერალი, მრავალი პერსონაჟითა და სიუჟეტური ხაზებით. ზეიდი სმითის ძირითადი თემა მულტიკულტურული საზოგადოება და იდენტობაა. ის ბრიტანულ ლიტერატურაში ახალი, მულტიეთნიკური  მიმართულების სიმბოლო გახდა. მისი გმირები, როგორც წესი, საკუთარ თავში ერთზე მეტ კულტურას აერთიანებენ. მაგალითად, აირის, „თეთრი კბილების“ მთავარი გმირის მამა ბრიტანელია, ხოლო დედა – იამაიკელი, მათი ოჯახი მუშათა კლასს მიეკუთვნება და ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობენ. ალექს-ლი თანდემი, „ავტოგრაფის შემგროვებლის“ მთავარი გმირი ჩინელ-ებრაელი ჩრდილო ლონდონელია, ხოლო მთავარი გმირები რომანში „სილამაზის შესახებ“ სხვადასხვა რასის წარმომადგენელი წყვილია და ა.შ. მრავალი სხვა პერსონაჟი მის შემოქმედებაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი თუ გეოგრაფიულად გადაადგილებული პირია. ზეიდი სმითი უამრავ განსხვავებული ხასიათს ქმნის, სიუჟეტებს ხლართავს და სხვადასხვა გლობალურ პრობლემასაც უღრმავდება. ის, როგორც ამბობენ, თაფლსა და რძეს ერთმანეთში ურევს და მკითხველს ისეთ ზოგადსაკაცობრიო თემებზე ესაუბრება, როგორიცაა რასიზმი, მულტიკულტურულობა, რელიგია, ადამიანური ურთიერთობები, ოჯახური ფასეულობები, გენეტიკური მახსოვრობა, კულტურული იდენტობა, გენდერი, და ა.შ. მის შემოქმედება სავსეა ალუზიებით. აღსანიშნავია, მწერლის მახვილგონიერება და შეფარული იუმორი, რის გამოც, მკითხველის გულს და ყურადღებას იოლად იპყრობს.

გარდა რომანებისა, ზეიდი სმითს გამოქვეყნებული აქვს მოთხრობებისა და ესეების კრებულები. 2017 წელს გამოვიდა ზეიდი სმითის ესეების კრებული „თავი იგრძენი თავისუფლად“. გაზეთ „გარდიანის“ შეკითხვაზე, რა განსხვავებაა ესესა და მხატვრული ტექსტის შექმნას შორის, ზეიდი პასუხობს: „რომანის წერა გრძელ მანძილზე სირბილს ჰგავს, ხოლო ესეს წერა – შუა სირბილში გზიდან გადახვევას, კაფეში დაჯდომასა და სხვა რამეზე გადართვას. ის განტვირთვის გარკვეული ფორმაა და წერის პროცესიც განსხვავებულია. მხატვრული ტექსტის წერა უფრო მეტად არეული პროცესია, ესე კი ჩემთვის, კონკრეტულ საკითხში გარკვევას ნიშნავს. მე ძალიან არეული და ქაოსური გონება მაქვს, თუმცა, როდესაც ესეს ვწერ, ვხედავ, რომ გონების გაკონტროლება შემიძლია.“

ზეიდი სმითის ნაწარმოებები მსოფლიოს უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულ ენაზეც. ქართულად თარგმნილია რომანი „თეთრი კბილები“.

მთარგმნელისაგან

 

  1. ვიდრე ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, დროის უმეტესი ნაწილი კითხვას დაუთმე და აუცილებლად წაიკითხე უამრავი წიგნი.
  2. როცა გაიზრდები, შენი ნაწერი ისე იკითხე, როგორც უცხო ვინმე, ან სულაც, მტერი წაიკითხავდა.
  3. შენს „პროფესიას“ რომანტიკულად ნუ მიუდგები. ან შეგიძლია გამართული წინადადების წერა, ან არა. არ არსებობს „მწერლის სტილი“. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რას დატოვებ ფურცელზე.
  4. ნუ შეეჭიდები იმას, რაც არ გამოგდის. მაგრამ ნუ ეტყვი საკუთარ თავს, რომ ის, რისი გაკეთებაც შენ არ შეგიძლია, არაფრად ღირს. სხვისი არად ჩაგდებით საკუთარი თავის უნდობლობას ვერ შენიღბავ.
  5. დააცადე, დრო გავიდეს, ვიდრე ნაწერის რედაქტირებას შეუდგები.
  6. მოერიდე გაერთიანებებს, კავშირებს, ჯგუფებს. სხვა ხალხი შენს ნაწერს ვერ გააკეთილშობილებს.
  7. ისეთ კომპიუტერზე იმუშავე, რომელშიც ინტერნეტი გამორთულია.
  8. შემოსაზღვრე დრო და ადგილი, სადაც წერ. ახლოს არ მიაკარო ის ადამიანებიც კი, ვინც ყველაზე ძვირფასია შენთვის.
  9. ჯილდოები და მიღწევები ერთმანეთში არ აგერიოს.
  10. თქვი სიმართლე, ამის გამო ფარდის უკან დამალვაც რომ მოგიხდეს, მაინც თქვი. იმ მარადიულ სევდას დაემორჩილე, რომელიც საკუთარი თავით უკმაყოფილებას თან სდევს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8