***

„პატიოსანი კაცის ძებნას თავი დავანებე, ახლა მუდმივ კარტრიჯს  ვეძებ. პოვნას ვცდილობ. “ ტომ ჩინი  

რა არის ცხოვრების მთავარი ამოცანა? რას ნიშნავს „კარგად“ ცხოვრება? ჩვენს წინ ორი დიდმკერდიანი გოგო წევს, დები არიან. დილით ადრე ჩამოვიდნენ და ჩვეულებრივი პლასტმასის შეზლონგების ნაცვლად, რომელზეც თითქმის ყველანი ვწევართ, მოახერხეს და უზარმაზარ ტახტრევანზე წამოკოტრიალდნენ და პირდაპირ  ოკეანეს გაჰყურებენ. ერთი და თვრამეტი წლისაა, მეორე ცხრამეტის. მათ საწოლს ოთხივე მხარეს ფარდა აქვს ჩამოფარებული და გოგონებს მზისგან იფარავს. მაგრამ ისინი ფარდას აქეთ-იქით წევენ და ტახტრევანი სცენას ემსგავსება. დები მზეზე წვანან და რუჯს იმატებენ, ხშირ-ხშირად ბიკინის ოდნავ ჩაიწევენ ხოლმე და სხვაობას ამოწმებენ, ანუ ვიწრო ზოლს, რომელიც ყავისფერ მუცელსა და ღია ფერის ქვედა ნაწილს ყოფს და თავიანთ ბოქვენის გორაკებს უკმაყოფილოდ დაჰყურებენ,  ვიდრე თვლემას მიეცემიან.

მიზეზი, თუ რატომ გავამახვილე მათზე ყურადღება, ისაა, რომ გოგონები ზანტ მდინარეში უჩვეულო ქცევით გამოირჩევიან. დროის უმეტეს ნაწილს ხმელეთზე ატარებენ და ძირითადად ერთმანეთს ფოტოებს უღებენ ტელეფონებით. დებისათვის  ფოტოების გადაღება ის საქმიანობაა, რომელიც მათ დღეებს სისავსეს ანიჭებს, ისევე, როგორც ზანტი მდინარე ავსებს ჩვენს დღეებს. ეს ცხოვრების აღრიცხვაა, და იმდენი ხანი გრძელდება, რამდენ ხანსაც თავად ცხოვრება. „ჩვენ შევდივართ და ვერ შევდივართ ერთ მდინარეში. ჩვენ ვართ და არც ვართ.“  ასე თქვა ჰერაკლიტემ, და ასე თქვეს დებმაც, როცა პოზიორობდნენ და ფოტოებს იღებდნენ, ცხოვრების დინებას აღბეჭდავდნენ და საკუთარ თავს წამით ჩარჩოში სვამდნენ, რადგან ისინი არიან და არც არიან.  პირადად მე, გული ამიჩუყდა მათი შემხედვარე. შრომობენ და შრომისთვის ფულს არავინ უხდით, თუმცა, ეს მათ სულაც არ ადარდებთ. ნამდვილ ფოტოგადაღებებზე ფოტოგრაფების თანაშემწეების მსგავსად, ისინი ჯერ სივრცეს აწესრიგებენ, ასუფთავებენ, ალაგებენ, ალამაზებენ, სინათლის კუთხეს არჩევენ, და, თუ საჭიროა, საწოლს გვარდით აჩოჩებენ, რომ კადრში რამე ზედმეტი არ მოხვდეს, მაგალითად – სინი, ჩამოცვენილი ფოთლები, ან ვინმე შეუხედავი მოხუცი. სცენის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება. იმის გამო, რომ მათ ტელეფონებს საკმაოდ ძლიერი ობიექტივი აქვთ, კარგა მოშორებით დაგდებული შოკოლადის ქაღალდიც კი უნდა მოაშორო. ბოლოს და ბოლოს დეკორაცია მზადაა: ვარდისფერი ყვავილის ფოთლები, ფოტოგენური პაწია ქოლგებიანი ექსტრავაგანტური კოქტეილები, ნაყინი, (მხოლოდ ფოტოზე გამოსაჩენად, თორემ პირსაც არ აკარებენ).  ერთხელ, ხელში წიგნიც კი ეკავათ, თუმცა, როგორც ეს მხოლოდ მე შევამჩნიე, უკუღმა. გადასაღები მოედნის მომზადების დროს ერთ დას წარმტაცი შავი სადა სათვალე უკეთია. როდესაც  პოზას აირჩევს და უკვე მზადაა გადასაღებად,  სათვალეს დას გადასცემს. მათი შემხედვარე, ადვილად იტყვი, რომ რთულია, იყო ახალგაზრდა. მაგრამ განა ყოველთვის რთული არ იყო, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ სირთულე ყოველთვის სხვადასხვაგვარი არაა? ან როდის ყოფილა მარტივი? სულ მცირე, რაც შეიძლება ითქვას, ისაა, რომ გოგონები საკუთარი ცხოვრების პროექტს ადგენენ, ისეთს, რომლის შეფასება – მოწონება, თუნდაც კომენტირება, შესაძლებელია. და ჩვენ რაღას ვაკეთებთ? ვტივტივებთ?

***

შებინდებისას, როცა ზანტ მდინარეს წმენდენ, ან ასტერილებენ, გართობა ხომ გვჭირდება. ჰოდა, ერთ-ერთი გასართობი სამწუთიანი გასეირნებაა სასტუმროს უკანა კარიდან ფიცარფენილ ბილიკზე, სადაც სხვადასხვა სახის მსუბუქ თავშესაქცევს წააწყდება კაცი. ერთ-ერთი გასართობი, რა თქმა უნდა, ზღვაცაა, მაგრამ, თუ ზანტ მდინარეში ერთხელ მაინც შესულხარ, მისი სირბილეს და სიმსუბუქეს ზიარებიხარ, სტერილური ქლორი გიგემია, და მარდ, მაგრამ ამავე დროს თვინიერ ტალღებს წაუღიხარ, მაშინ ზღვას შენად ვერ მიიღებ, გეუცხოვება ჭარბი მარილი, წყალქვეშა ყოფა, დაგრეხილი პლასტმასის პაწაწინა კუნძულები, რომ არაფერი ვთქვათ თევზებით სავსე წყალქვეშა სივრცესა და მარადიული ჰორიზონტებზე, რომლებიც უსაშველო სიღრმის მაუწყებელნი არიან. ზღვას გვერდით ჩავუარეთ. ფიცარნაგზე დავსეირნობთ. გავცდით ორ ქალს, თმის დამწვნელ ქალებს და ბატუტებამდე მივედით. ეს იყო ყველაზე დიდი მანძილი, რაც მთელი შვებულების განმავლობაში ფეხით გავიარეთ და ყველაზე დიდი მანძილი, რითაცზანტ მდინარეს აქ ყოფნის განმავლობაში დავშორდით. ასე შორს „ბავშვების გამო“ წამოვედით, და ახლაც ბავშვებს შევცქერით, მაღლა-დაბლა მეტაფორაზე როგორ ხტებიან. მაღლა-დაბლა, მაღლა-დაბლა, ჩვენ კი ვსხედვართ, ზღვას და ბავშვებს შევყურებთ, ფეხები ჩამოკიდებული გვაქვს, სასტუმროდან წამოღებულ არაყს ვეწაფებით და ვმსჯელობთ, ზანტი მდინარეებისთვის უფრო ზუსტი მეტაფორა ბატუტი ხომ არაა. ცხოვრება აშკარად აღმა-დაღმა, აღმა-დაღმა ტიპის ისტორიაა. სიხარულისგან გაგიჟებული ბავშვებისთვის ქვემოთ ჩამოხტომა გაცილებით დიდი სიამოვნება და დიდი ემოციაა. მათთვის რთული დასაჯერებელია, რომ ამხელა სიმაღლიდან ჩამოხტომა შესაძლებელია, მაშინ როდესაც ჩვენთვის, ქვემოთ, კედელზე ჩამომსხდრებისთვის, ხელში სირჩაჩაბღუჯულებისთვის, ზემოთ ახტომაა უცნაური და არაბუნებრივი. რთულია, რამე დადებითი დაინახო ახტომაში, რადგან ჩვენ ამას მცდარ მიმართულებად, უფრო სწორად კი გზის არევად მივიჩნევთ, თითქოს, ვიღაცამ არასწორად მიგვასწავლა გზა და ამიტომ,  ახტომა უფრო გვაბნევს, ვიდრე სისხლისფერი მთვარე.

ჰო, უნდა ავღნიშნო, რომ იმ ღამეს სისხლისფერი მთვარე ამოცურდა. ნუ მიყურებთ ასე, ესპანეთის სამხრეთში ცხოვრებისეული მეტაფორების ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება. აქ ყველაფერი რაღაცას ნიშნავს, ყველაფერში რაღაც სხვა ბუდობს. ჩვენ ავხედეთ სისხლისფერ მთვარეს, იმ 2017 წლის ორგულ მთვარეს და ყველა ჩვენგანისთვის გასაგები გახდა, რომ ასეთ წელს ადამიანი ვერ დაისვენებს. და მაინც, მთვარე მშვენიერი იყო, მან ჩვენი მოხტუნავე შვილები სიწითლით  განბანა და ზღვას ცეცხლი წაუკიდა.

***

შემდეგ დრო ამოიწურა და ბავშვები გაცოფდნენ, მათ ხომ ჯერ არაფერი ესმით დროისა. გვირტყამდნენ და გვკაწრავდნენ, როცა დამცავი თოკების მოხსნას და ბატუტებიდან გადმოყვანას ვცდილობდით. მაგრამ არც ჩვენ შევეპუეთ, არ დავნებდით. პირიქით, გულში ჩავიკარით და მათ აღშფოთებას ჯიქურ დავუხვდით. უფრო მეტიც, მთელი მათი წინააღმდეგობა ჩვენს სხეულში გადმოვიტანეთ და ჭეშმარიტი რისხვის შემცვლელად მივიღეთ. მათ, რა თქმა უნდა, ჯერ არც კი იციან ეს რისხვა რაში მდგომარეობს, რადგან მათთვის დროის მსვლელობის შესახებ არაფერი გვითქვამს, იმიტომ, რომ შვებულება გვაქვს, მერე რა, რომ ჩვენი დრო ზანტ მდინარეში თითქმის გავიდა. მეორეს მხრივ, კი, ისიც ხომ სიმართლეა, რომ ბავშვებისთვის მსგავსი განმარტებების შესაფერისი წუთი არასოდეს დგება. თუ წინასწარმეტყველებას დავუჯერებთ, რომელიღაც, ვთქვათ,  2050 წლის ერთ მშვენიერ დღეს გაშლიან გაზეთს, ან რომელიმე საიტზე შევლენ და თავად წაიკითხავენ, როდის დასრულდება დრო. იმ წელს ისინი ალბათ ჩვენი ასაკის თუ იქნებიან. ყველაფერი წრეზე არ ბრუნავს. ზოგი რამ ადის და –

უკან რომ ვბრუნდებოდით, იმ ქალებთან გავჩერდით, თმებს რომ წნავენ. ერთი სენეგალიდან იყო, მეორე გამბიიდან. ის წითელი მთვარე, რომელიც ციდან დაგვნათოდა, ქალებს კინემატოგრაფიულ შუქში ხვევდა, გაღმა კი მათი კონტინენტი კრთოდა, მაგრამ მათ ეს ოკეანე არ გადაულახავთ, რადგან ის კიდევ უფრო მუხანათია, ვიდრე  ოკეანე ლიბიასა და ლამპედუზას შორის, რა გზითაც ისინი წამოვიდნენ. ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი, რომ ორივეს ზანტი მდინარის უკუღმა გაცურვაც შეეძლო და მთელი წრის უკანა გზით შემოვლაც. კაცმა რომ თქვას, ზუსტად ეს არ გააკეთეს? ერთს მარიატუ ერქვა, მეორეს კი სინტია. ათ ევროდ თმას წვრილ-წვრილად წნავენ, ან სენეგალურ ნაწნავებად, ან „საპატარძლოდ“ – მაღალ კოსაში ჩაქსოვილი ნაწნავებით. ჩვენგან სამს მოუნდა თმის დაწვნა. ქალები საქმეს შეუდგნენ. კაცები სათბურებში არიან, პომიდვრები – სუპერმარკეტში. მთვარე ცაშია. ბრიტანელები ევროპას ტოვებენ. აქ კურორტზე ვართ. ისევ გვჯერა კურორტების. „რთულია ესპანეთში“. ჩვენს შეკითხვას პასუხობს მარიატუ. „ძალიან ძნელი. კარგად ცხოვრება?“ ამატებს სინტია და ჩემს გოგონას თმას ქაჩავს ისე, რომ აკივლებს. „არ არის ადვილი.“

***

ვიდრე სასტუმროდან ვიბარგებოდით, ჩამობნელდა. დაახლოებით ოცი წლის იდენტურმა ტყუპებმა, რიკომ და როკომ, ეს წუთია, სამუშაო დაასრულეს და ახლა ხმის გამაძლიერებლებს იღებენ.  კულულები გაზეთილი აქვთ,  ვიწრო ჯინსები აცვიათ, ჯიბეში ორივეს აიფონი უდევს. „ესპანეთის X ფაქტორში გამოვალთ“. პასუხობენ ჩვენს შეკითხვას. „ტუნისში დავიბადეთ, მაგრამ ახლა უკვე ესპანელები ვართ.“ მშვენიერ და მშვიდობიან ღამეს ვუსურვებთ, ვცდილობთ, ბავშვებს თვალები მოვაშორებინოთ ბიჭების ჯიბეებიდან ლამის უხამსად გამობურთული აიფონებიდან, რომელთა არსებობასაც, როგორც გადავწყვიტეთ, მათ კარგა ხანს არ გავუმხელთ, სულ მცირე, იქამდე, ვიდრე თორმეტი წლისანი არ გახდებიან. ლიფტთან მეგობრებს ვემშვიდობებით და ჩვენს ბინაში ავდივართ, რომელიც ზუსტად მათი და სხვა დანარჩენების ბინის მსგავსია, და ბავშვებს დასაძინებლად ვაწვენთ, ჩვენ კი აივანზე ჩვენს ლეპტოპებს და ტელეფონებს ვუსხდებით, საიდანაც ტვიტერში შევდივართ, როგორც ამას, იანვრიდან მოყოლებული, ყოველ ღამე ვაკეთებთ ხოლმე. აქა-იქ, სხვა აივნებზე, ვხედავთ თავ-თავიანთი ელექტრომოწყობილობებით ამავე საქმეში ჩართულ სხვა კაცებსა და ქალებს. ქვემოთ კი ზანტი მდინარე მიედინება.. ნეონის ცისფერი, მუქი ცისფერი, ფეისბუქის ცისფერი. მდინარეში კაცი დგას გრძელი ცოცხით ხელში, თავიდან ფეხებამდე ჩაცმულია,  მეორე კაცს მისთვის წელზე ხელი მოუხვევია და იჭერს, ეხმარება, რომ მძლავრ, მაგრამ ძილისმომგვრელ დინებას გაუძლოს, როგორმე შორეულ კუთხეს მიწვდეს, საიდანაც ჩვენი დატოვებული ნაგავი უნდა გადმოხვეტოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8