ორი კაცი სოფელში შემოდის

 

ხან ცხენით, ხან ფეხით, ხან მანქანით, ხანაც ცხენივით მოტოციკლეტით, ზოგჯერ იმ ტანკითაც, მთავარი ფალანგის მოშორებით რომ დგას, და ზევიდან კიდევ – წამდაუწუმ ვერტმფრენებით. თუმცა, თუ საერთო სურათს შორი ხედით დავხატავთ,  უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ორნი ყველაზე ხშირად ფეხით მოდიოდნენ ხოლმე, ჩვენი მაგალითიც, ფაქტიურად იგავივით სრულყოფილია. ორი კაცი ფეხით შემოდის სოფელში, და ყოველთვის სოფელში, და არასოდეს ქალაქში. თუ ორი კაცი ქალაქისკენ გაემართება, მაშინ აუცილებლად თავისნაირებსაც გაიყოლებს, და ყველანი ერთად გაცილებით მეტ ბარგსაც წაიღებენ, ამას რა მიხვედრა უნდა! მაგრამ როცა ორი კაცი სოფელში შემოდის, მათი იარაღი მხოლოდ მუქი ფერის შიშველი ხელი შეიძლება იყოს, თუმცა, გააჩნია შემთხვევასაც. როგორც წესი, ამ ხელებში რაღაც ტიპის მჭრელი რკინა – შუბი, გრძელი მახვილი, ხანჯალი, ბებუთი, მაჩეტე ან სულაც ძველი, ჟანგიანი სამართებელი მაინც უჭირავთ, ზოგჯერ თოფიც. გააჩნია, შემთხვევასაც. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ როგორც კი ორი კაცი სოფელში შემოვიდოდა, მაშინვე ვამჩნევდით, ჰორიზონტზევე, იქ, სადაც გაწელილი გზა მეზობელი სოფლისკენ მიიკლაკნება და ჩამავალ მზეს ეგებება. მზის ჩასვლა, ტრადიციულად, იმ ორი კაცისთვის ხელსაყრელი დროა, რადგან მზის ჩასვლისას, ჩვენ ყველანი ისევ ერთად ვიყრით თავს: ქალები იმ წუთას უდაბნოდან, ან ფერმიდან, ან ქალაქის ოფისიდან, ან ყინულიანი მთიდან ბრუნდებიან, ბავშვები წიწილებიან ეზოში, ან მაღალი საცხოვრებელი კორპუსის წინ ბაღში თამაშობენ, ბიჭები, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე გრილი ქვეყანის გრილი ხიდის ქვეშ არ შექუჩებულან,  ქეშუის ხის ჩრდილში წვანან და საშინელი ხვატს გამორიდებულები, შვებას ეძებენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჯინსებში, სარიში, თავსაფარში, ან ლიკრის ქვედაბოლოებში გამოწყობილი მოზარდი გოგოები თავიანთი ქოხების ან სახლების წინ ეზოს ხვეტავენ, ან საჭმელს აკეთებენ, ან ხორცს ჭრიან, ან ტელეფონით მესიჯობენ. გააჩნია, შემთხვევასაც. ხოლო ძლიერი, ჯანიანი მამაკაცები,  სადაც წავიდნენ, იქიდან ჯერ არ დაბრუნებულან.

ღამესაც თავისი დადებითი მხარეები აქვს და ვერავინ უარყოფს, რომ შუაღამისას სოფელში შემოვიდა ორი, ფეხშიშველი, ან ცხენზე, ან სუზუკის სკუტერზე, თუნდაც სამთავრობო სამხედრო ჯიპზე შემომჯდარი კაცი. მათ მხოლოდ სიბნელით კი არა, მოულოდნელობის ეფექტითაც ისარგებლეს. თუმცა, სიბნელეს თავის უარყოფითი მხარეც აქვს და რადგან ორი კაცი ყოველთვის სოფელში შედის ხოლმე და ქალაქში არასოდეს, სოფელში შესვლისას მათ აბსოლუტური წყვდიადი ეგებებათ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ კაცებს  დედამიწის რომელ სოფელში, ან მსოფლიო ისტორიის რომელ წერტილში გადააწყდები. უკუნეთში ვერასდროს გაარჩევ, ვის სტაცე კოჭში ხელი – ალქაჯს, შენს ცოლს, თუ სულაც მეზობლის ქორფა გოგოს.

აქამდე არ გვითქვამს, რომ ერთი კაცი მაღალია, საკმაოდ სიმპათიურია, თუმცა ვულგარული, ბოროტი, ამღვრეული და უფერო ეთქმის. მეორე კი უფრო დაბალი, სინდიოფალას თუ ვირთხის მომგვანო სახით. და ცბიერი, გაიძვერა. ეს დაბალი, გაიძვერა კაცი სოფლის შემოსასვლელში კოკა კოლის სარეკლამო დაფას მიეყრდნო, გზაზე მიმავალ ქალს ხელი კარგი მეგობარივით დაუქნია, მისი თანმხლები კი, კევის ღეჭვა-ღეჭვით პატარა ჯოხს დაწვდა, მერე ისევ მიწაზე დააგდო და გაიღიმა. ისინი შეიძლება,  ლამპიონის ბოძს იყვნენ მიყრდნობილები და კევს ისე აღლაჭუნებდნენ, ჰაერში ბორშის სუნი ტრიალებდა, მაგრამ ჩვენს სოფელში ბორშს არ ვაკეთებთ, მხოლოდ კუსკუსსა და თევზს ვჭამთ, ამიტომ, ბორშის კი არა, ალბათ უფრო თევზის სუნი ტრიალებდა;  დღემდე ვერ ვიტან ამ სუნს, რადგან იმ დღეს მაგონებს, როცა ორი კაცი სოფელში შემოვიდა.

მაღალმა მისალმების ნიშნად კარგი მეგობარივით აუწია ხელი. და ზუსტად იმ დროს ჩვენი ბელადის ცოლის ბიძაშვილმა, რომელიც ახლოსოფლისკენ მიმავალ იმ მიხვეულ-მოხვეულ გზაზე გადმოდიოდა, იფიქრა, რომ არჩევანი აღარ დარჩენოდა, მაღალი კაცის წინ უნდა გაჩერებულიყო და  საპასუხოდ მასაც ხელი აეწია, რადგან იმ კაცის მაჩეტე მზეზე ლაპლაპებდა, და როდესაც ქალი მართლაც ასე მოიქცა, მხრები ერთიანად აუკანკალდა. იმ ორ კაცს მოეწონა სოფელში ამგვარი შემოსვლა. რამაც უნდა შეგვახსენოს, რომ ყველა ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, ძალიან უყვარს, როცა სხვებს მოსწონთ იგი. თუნდაც ვინმეს სულ ერთი საათით ადრე მოეწონოს, მანამ შეეშინდებათ, ან შეიძულებენ, ან.. უკეთესი იქნებოდა მეთქვა, რომ მათ უყვართ ის შიში, რომელსაც იწვევენ. სურთ, რომ შიში ისეთ გრძნობებს გაუთანაბრონ, როგორიცაა ლტოლვა ან ცნობისმოყვარეობა, მაშინაც კი, თუ საბოლოო ჯამში, მათი სურვილების უდიდეს ნაწილს ყოველთვის შიში ამეტებს.

კაცებს სადილი მოუმზადეს. ჩვენ მათ სადილის მომზადება შევთავაზეთ, ან სხვა რამისა, გააჩნია, რას მოითხოვდნენ. სხვა დროს, თოვლით დაფარული ეული კორპუსის მეთოთხმეტე სართულზე, რომელშიც სოფელი ვერტიკალურად ცხოვრობს, ის ორი კაცი ტელევიზორის წინ დივანზე  გაიშოტება და სამხედრო გადატრიალებით მოსული მთავრობის შესახებ გადაცემას უყურებს და ის ორივე კაცი სიცილით მოკვდება, როცა დაინახავს, სულელური ქუდით შემოსილი ახალი ლიდერი  აღლუმზე ზევით-ქვევით როგორ დააბოტებს.  და როცა გაიცინებენ,  ერთ-ერთი კაცი ყველაზე დიდ გოგოს, რომელიც მათთან ერთად ტელევიზორს უყურებს, მხარზე ხელს გადახვევს, თითქოს მეგობრულად, ამხანაგურად, მაგრამ ისე ღონივრად,  რომ გოგო ტირილს დაიწყებს (მეგობრები არ ვართ? ის მქრქალი, მაღალი იკითხავს, აქ ყველანი მეგობრები არ ვართ?).

 

1 2 3 4 5 6 7 8