ზანტი მდინარე

ჩავდივართ. ყველა: შენ, მე, ბავშვები, მეგობრები, მათი შვილები, და დანარჩენებიც. ზოგჯერ ამოვდივართ კიდეც: ლანჩზე მივდივართ, ვკითხულობთ, მზეზე ვწვებით, მაგრამ დიდი ხნით არა. შემდეგ ისევ მეტაფორაში მივცოცავთ. ზანტი მდინარე სველი წრეა და ხელოვნური დინებაც აქვს. ხელი რომც არ გაანძრიო, სადღაც მაინც მიგიყვანს, მერე კი უკან, საწყის წერტილში მიგაბრუნებს, და თუ  მეტაფორის სიღრმეზე უნდა ვისაუბროთ, მაშინ, ვიტყვი, რომ ის დაახლოებით სამი ფუტისაა, თუ იმ მცირე მონაკვეთს არ ჩავთვლით, სადაც ექვსნახევარ ფუტამდე ღრმავდება.  ბავშვები კივილს იწყებენ – კედელს ეჭიდებიან, ან რომელიმე იქვე მდგარ უფროსს, ვიდრე ისევ სამ ფუტიან სიღრმეს არ მიაღწევენ. ვტრიალებთ და ვტრიალებთ. დავდივართ და დავდივართ წრეზე. მთელი ცხოვრება აქაა, აქ მიედინება. მიედინება!

საპასუხო რეაქცია ყველას თავისებური აქვს. უმეტესობა დინების მიმართულებით დალივლივებს, შიგადაშიგ ხელებს ოდნავ აფართხალებს, ან ფსკერზე ფეხს უწვდენს, წყალს ტკეპნის და რამდენიმე ნაბიჯით წინ მიიწევს. ზოგიერთი დამხმარე საშუალებასაც იყენებს – რეზინის რგოლებსს, ტივტივებს, გაბერილ ბალიშებს, – მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში – ზურგის, მკლავების, ან კისრის ქვეშ იდებენ, ეყრდნობიან და უზრუნველ, მყუდრო გარემო პირობებს  იქმნიან. ცხოვრება ბრძოლაა! მაგრამ ახლა სიცოცხლეშიც და ბრძოლაშიც არდადეგები გვაქვს. დინებას მივყვებით. და როგორც კი ზანტ მდინარეში ჩამოვცოცდებით, მოტივტივე საგნები გვჭირდება. მერე რა, თუ მშვენივრად ვიცით, რომ ეს უწყინარი ხელოვნური ტალღა არსად გაგვიტაცებს და არას გვავნებს, მაინც ვეძებთ ტივტივას: ბრენდულ ტივტივას, ვეებერთელა ტივტივას, სასაცილო ფორმის ტივტივას. ტივტივა სიახლეა, დროის ამოსავსებად შექმნილი ფუფუნებაა. კიდევ ბევრ რევოლუციას მოვესწრებით, ვიდრე ხიბლს დაკარგავდეს.  იღბლიანებს ეს არ ეხებათ. დანარჩენების კი ამისი დრო მაშინ დაგვიდგება, როდესაც მივხვდებით, მაშველის ნათქვამი რომ სიმართლეა: გასაბერი რგოლები ძალიან დიდებია – ვიდრე შენს ჭკუაზე მოატრიალებ, ქანცს გაგაცლისო. მარტივი ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყველანი, ერთი მცხუნვარე მზის ქვეშ, ერთი და იგივე ტემპით, ზანტ მდინარეს მანამდე მივყვებით, ვიდრე არ დამდორდება და გაჩერდება.

ვიღაცა სამყაროს დინების ამ პრინციპს ბოლომდე მისდევს. ასეთი ადამიანები მკვდრებივით იქცევიან – თავს ჩაქინდრავენ, ხელებს ჩამოუშვებენ, ფეხებს ძალას აღარ დაატანენ და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ სიარული გვამსაც შეძლებია. ზოგიერთი,  ვისაც, როგორც წესი,  ტატუ არ აქვს, მაგრამ  სამაგიეროდ, აქვს უნივერსიტეტის დიპლომი, მოსახვევში ხელს ძლიერად უსვამს, მაგრამ წინ მაინც ვერ მიდის, მხოლოდ წამით თუ შეჩერდება. დინებას მინდობილები კი ამ დროს გვერდს უზრუნველად აუვლიან და გზას აგრძელებენ. ეს ერთგვარი პოზაა, მას ადამიანი დიდხანს ვერ უძლებს. შემთხვევით გავიგონე, ერთი მოდურად თმაშეჭრილი კაცი ამბობდა, ზანტ მდინარეში უკან-უკან ცურვა შემიძლიაო, მისი ჰიფსტერი ცოლი კი აქეზებდა – მიდი,მიდი, ყველას დაუმტკიცეო. შვილები არ ჰყავდათ და ასეთი თამაშებისთვის ბევრი დრო რჩებოდათ, მაგრამ როგორც კი კაცი დინებისკენ ზურგით შებრუნდა და უკან გაცურვა სცადა, მდინარემ მაშინვე წაიღო.

ზანტი მდინარე მეტაფორაცაა და ესპანეთის სამხრეთით, ალმენიაში ერთი სასტუმროს (ყველაფერი საგზურის საფასურში შედის, გარდა ტივტივებისა) ხელოვნური წყლის რეალური ნაკადიც. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომ სასტუმრო თავისივე მოგონილ თამაშში დაგვემარცხებინა. ამისათვის, აი, ასე უნდა მოიქცე: იმდენი ალკოჰოლი უნდა დალიო, რომ ოთახი უფასო გამოგივიდეს (ჩვენს შორის  მხოლოდ ყველაზე ვულგარული ადამიანი ამხელს  ჩვენს გეგმას ხმამაღლა.) რადგან ამ სასტუმროში მხოლოდ ბრიტანელები ვართ, სირცხვილი სულ დავკარგეთ. ერთად ყოფნა გვიხარია, სასადილოში არც გერმანელი არავინაა და არც ფრანგი. ვერავინ გვხედავს,  პაელასა* და შიმშერზე უარს რომ ვამბობთ და სამაგიეროდ, სოსისებსა და ჩიფსებს ვჭამთ. ვერც ვერავინ გაგვჭორავს, როცა უსაქმურად ვყრივართ, ლაპარაკს ლიტერატურით ვიწყებთ და უცებ სუდოკუზე ვხტებით. ჩვენი ტომის ერთ წევრს წვივებზე ემი ვაინჰაუზის პორტრეტები ახატია, მაგრამ ჩვენ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ, საერთოდ ვერაფერს, ან რა არის ამაში უცნაური? ემის მსგავსი წმინდანი ბევრი არ გვყავს, მას ვაღმერთებთ. ემი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც ჩვენი ტკივილი ზუსტად, სხვების აბუჩად  აგდებისა და დამცირების გარეშე გამოხატა. ამიტომაცაა, რომ საღამოობით, იმ მცირე დროს, როდესაც აუზიდან ამოვძვრებით ხოლმე, მას ვუთმობთ და კარაოკე-ბარში, უკვე კარგად შემთვრალები, მთელი ხმით გავყვირით მის ჰიტებს და თან, კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს დასაფლავებაზეც, აუცილებლად, სწორედ ამ სასიყვარულო სიმღერებს გვიმღერებენ.

 


*პაელა – ესპანური კერძი ბრინჯისგან

1 2 3 4 5 6 7 8