აი, ასე შეეძლოთ მოსვლა, თუმცა ასე არ მოსულან. არც ტელევიზორი გვაქვს, არც თოვლი, და არც მიწურს ავცდენილვართ. და მაინც, იმ კაცებმა იმავე სოფელში იგივე რამ შემოიტანეს: საბედისწერო სიჩუმე და ავი წინათგრძნობა. გოგოც იყო, მაგრამ სხვა, ასაკით უმცროსი, იმ ორი კაცისთვის თეფშები გამოიტანა, ანუ, ადგილობრივი წესებით თანახმად, ერთი საერთო ჯამი. რა მაგარია. ეს მაღალმა სიმპათიურმა ნაძირალამ თქვა და თევზს თავისი ბინძური თითებით დაწვდა,  იმ პატარა ვირთხისსახიანმა ცბიერმა კი: უჰ, დედაჩემი აკეთებდა ასე. ღმერთო, გაანათლე მისი სული. და ჭამდნენ, და თან იმ გოგოს კალთაში ათამაშებდნენ, უფროსი ქალები კი კედელს ეხლებოდნენ და მოთქვამდნენ.

ჭამისა და – თუ სოფელში ალკოჰოლი ნებადართულია, – სმის შემდეგ, ძარცვის დროც დგება; ისინი ყოველთვის იპარავენ რაღაცას, თუმცა, გაუგებარი მიზეზების გამო, არ უყვართ ამ სიტყვის ხსენება. სახლიდან სახლში გადადიან, თუ რომელიმე შენს საათს, ან სიგარეტს, ან საფულეს, ან ტელეფონს, ან ქალიშვილს დაადგამს თვალს, ხელს გააყოლებს და ის დაბალი, ერთსა და იგივეს იმეორებს: გმადლობ საჩუქრისთვის. ან ვაფასებთ, რომ შემოგვწირეთ. და ის მაღალი სიცილს იწყებს, და სულ მთლად აცამტვერებს იმ ეფექტს, რის მოხდენასაც ის დაბალი ცდილობს. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, როცა მთელ სოფელში დადიოდნენ და რაც მოესურვებოდათ, ყველაფერი თან მიჰქონდათ, დედის კაბის უკან დამალული მამაცი ბიჭი გადმოხტა და შეეცადა იმ დაბალი ვირთხისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ის მამაცი ბიჭი ჩვენს სოფელში ცხოვრობდა, თოთხმეტი წლის იყო და ჩვენ ყველანი მეფე-ბაყაყს ვეძახდით, რადგან, ოთხი-ხუთი წლისას  ვიღაცამ ჰკითხა, ვინ არის ჩვენს სოფელში ყველაზე ძლიერიო, მან კი იქვე, ეზოში, უზარმაზარ მახინჯ გომბეშოზე მიუთითა და დაიყვირა: ის, მეფე-ბაყაყი. როცა მიზეზი ჰკითხეს, განმარტა: ის ისეთი ძლიერია, რომ მამასაც კი ეშინია მისი. თოთხმეტი წლის ასაკში ბიჭი გაბედული და ფიცხია, ამიტომაც გადაწყვიტა ფართოთეძოიანმა დედამ, კაბის უკან პატარა ბავშვივით დაემალა. თუმცა, არსებობს ისეთი რამეც, რასაც ფიზიკური სიმამაცე ჰქვია, ნამდვილი, შეუპოვარი, რთულად ასახსნელი. ის ბიჭებს პაწაწინა ჯიბეებში უდევთ, აქ-იქ, ყველგან და თუმცა თითქმის ყოველთვის ზედმეტი რამეა, ადვილად ვერ დაივიწყებ, თუ ერთხელ მაინც მოჰკრავ თვალს – ის, როგორც ყველაზე მშვენიერი სახე, როგორც  გიგანტური მთების მწვერვალები, საკუთარ იმედებზე რაღაცნაირად ზღვარს დაგიწესებს; და ალბათ, როცა სწორედ ეს სიმამაცე იყნოსა, იმ მაღალმა და უფერომ, თავისი ელვარე მაჩეტე აღმართა და, იმავე ყნოსვით, ისევე ძალდაუტანებლად, ყვავილს თავს რომ წააცლიან ხოლმე, ბიჭი სიცოცხლეს მოსწყვიტა.

როცა სისხლი გაღებულია, განსაკუთრებით, ამდენი სისხლი, თითქოს ველური სიმხეცე ჩნდება, სისხლიანი ქაოსი, რომელშიც ყველა ოფიციალური მისალმება, სუფრა და მუქარა წამში ლღვება. ამ ქაოსში უფრო მეტ სასმელს ეძალებიან. უცნაური ისაა, რომ სოფლის ხნიერი კაცები, რომლებიც, მართალია, კაცები არიან, მაგრამ თავის დაცვა აღარ შეუძლიათ, ახლა ბოთლებს ეპოტინებიან, ბოლომდე სვამენ და ქვითინებენ, რადგან სიმამაცე არა მარტო სისხლიანი ქაოსის შექმნისათვისაა საჭირო, არამედ იმისთვისაც, რომ შორიდან უყურო, ამ ქაოსს სხვები როგორ ქმნიან. და ქალები?! როგორ ვამაყობთ ხოლმე ჩვენი ქალებით, რომლებიც წრედ იკვრებიან, ერთმანეთს მკლავებს გადააჭდობენ და შიგნით იქცევენ გოგონებს, როდესაც ის მაღალი ღიზიანდება და იატაკზე ფურთხებას იწყებს, „რა დაემართათ ამ ძუკნებს? მომსახურება დამთავრდა? ცოტაც და ძალიან დავთვრები!“ და ის დაბალი, გაიძვერა ბელადის ცოლის ბიძაშვილს სახეზე ეფერება (ბელადის ცოლი მამასთანაა სტუმრად სხვა სოფელში) და რევოლუციის შვილების შესახებ რაღაცას საიდუმლოდ  ეჩურჩულება. გასაგებია, რომ ქალები უძველესი დროიდან, თეთრ ქვებსა და ლურჯ ზღვებთან, ამ ბოლო დროს კი სპილოს ღმერთის სოფლებსა და სხვა ახალსა თუ ძველ ადგილებშიც ასე დგანან, მაგრამ მაინც, რაღაც განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო იმ დროს ჩვენი ქალების უგუნური თავგანწირვა და სიმამაცე, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით აიცილეს იმ ორი კაცის სოფელად თარეში – ამას ვერც ადრე ახერხებდნენ და ვერც მომავალში მოახერხებენ – და მაინც, დადგა ის წამი, როცა მაღალი და უფერო დაფეთდა და შიში ჩაუდგა თვალებში, თითქოს ქალი, რომელიც აფურთხებდა, დედამისი იყო. თუმცა, ზაფრამ მაშინვე გადაუარა, როგორც კი იმ დაბალმა გაიძვერა ვირთხამ ქალს ფეხი მუცელში ჩასცხო და შეკრული წრე დაშალა. სისხლიან ქაოსს წინ ვერაფერი აღუდგა.

მეორე დღეს ამ ამბავს სოფელში ნაწილ-ნაწილ და სხვადასხვაგვარად ყვებოდნენ. გააჩნია, ვინ ეკითხებოდათ –  ჯარისკაცი, ქმარი, ავადმყოფურად ცნობისმოყვარე სტუმარი მეზობელი სოფლიდან თუ სოფელში დაბრუნებული ბელადის ცოლი. შეკითხვები ძირითადად ასე ჟღერდა: ვინ იყვნენ ის კაცები? რა ერქვათ? ვინ იყვნენ? რა ენაზე ლაპარაკობდნენ? რამე ნიშანი ხომ არ ქონდათ სახეზე ან ხელებზე? – მაგრამ სოფელს ძალიან გაგვიმართლა, რადგან მოუხეშავი ბიუროკრატები კი არ გვმართავენ, ბელადის ცოლი გვყავს, რომელიც, როცა ყველაფერი ითქვა და გაკეთდა, უფრო მეტი გახდა ჩვენთვის, ვიდრე თავად ბელადი  ყოფილა ოდესმე. ის მაღალი და სიმპათიური და ცბიერი და მამაცია. მას გა ჰარამატასი სწამს, ქარის, რომელიც ჩვენთან ქრის და  ხან ცივია და ხან ცხელი, გააჩნია რა შემთხვევაში. და რომელსაც ყველა ვსუნთქავთ – შესუნთქვით კი, როგორ არ შეისუნთქავ –  თუმცა, სისხლიან ქაოსში მხოლოდ ცოტა ვინმე თუ ამოისუნთქავს, მხოლოდ ის, ვინც  საკუთარი თავი, სახელი და სახე დაკარგა, და ვეღარ იტყვის, რომ ქარბორბალას მოვლენა ძალუძს, რადგან თავად გახდა  ქარიშხალი. და ბელადის ცოლისთვისაც ეს ადამიანები იყვნენ გა ჰარამატა. ნათქვამი, რა თქმა უნდა, მეტაფორაა. ის ამით ცხოვრობს. პირდაპირ გოგონებთან მივიდა და ამბავი ჰკითხა, მალევე იპოვა, ვინც ბელადის ცოლის თანაგრძნობით გამხნევებული, ამბავს დაწვრილებით უამბობდა. ბოლო იყო საოცრად უცნაური – ის დაბალი ვირთხა, ცბიერი და გაიძვერა, თავს შეყვარებულად ასაღებდა. მოგვიანებით, როცა ოფლიანი სახე გოგონას შიშველ მკერდში ჩაუდო, უჩურჩულა, რომ ისიც ობოლი იყო, და რომ ობლობა მისთვის უფრო მძიმე ასატანია, რადგან, დიდი ხანია, რაც დაობლდა და არა რამდენიმე საათის წინ. და რომ მას სახელიც აქვს და მონსტრი კი არა, ერთი უბრალო ბიჭია, რომელიც ისევე განიცდის და იტანჯება, როგორც ყველა კაცი და შიშიც ბევრჯერ უნახავს.  შვილები უნდოდა ჰყოლოდა ამ გოგოსთან, ბევრი პატარა ბიჭი, ძლიერები და ლამაზები, და გოგოებიც, რა თქმა უნდა, რატომაც არა. და სურს იცხოვროს ყველა სოფელს და ქალაქს მოშორებულმა, ბავშვების ჯარით გარშემორტყმულმა, რომლებიც ორივეს მოუვლიან და სიკვდილამდე დაიცავენ. უნდა, რომ მისი სახელი ვიცოდე! წამოიძახა გოგომ, იგი ჯერ კიდევ აღტაცებული იყო ამ აზრით. „სულ არ რცხვენია. მითხრა, რომ არ უნდოდა, უბრალოდ გაევლო ჩვენს სოფელში, ჩემს სხეულში. ისე, რომ არავის სცოდნოდა მისი სახელი. ალბათ,  ნამდვილი სახელი არ არის,  მას ქვია – “

უცებ ბელადის ცოლი  წამოდგა და ოთახიდან ეზოში გავიდა.

1 2 3 4 5 6 7 8