ზეიდი სმითი „ნიუ იორკელის“ ჟურნალისტთან თავისი მოთხრობის – „ზანტი მდინარის“ შესახებ საუბრობს

 

როგორც ვიცი, „ზანტი მდინარე“ სასტუმროა სამხრეთ ესპანეთის პატარა ქალაქ ალმერიაში, სადაც თქვენ შვებულება გაატარეთ, და სასტუმროს აუზსაც იგივე სახელი ჰქვია. აუზს ხელოვნური დინება აქვს, რომელსაც დამსვენებლები მდინარის დინებას ადარებენ, როგორც  მთხრობელი ამბობს. როდის მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ ამ აუზს მეტაფორის პოტენციალი ჰქონდა?

დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, რაც „ზანტ მდინარეში“ ჩავედი. როგორც მოთხრობაშია, იქ შვებულება გავატარე ჩემს ოჯახთან და სხვა ოჯახებთან ერთად, და თუმცა, მხოლოდ ორი მწერალი ვიყავით, ყველას ერთი ხუმრობა გვქონდა, სულ მეტაფორებს ვეძებდით და ვამბობდით: „ეს ნამდვილად რაღაცის მეტაფორაა“, – შემდეგ კი ვმსჯელობდით, რისი მეტაფორა შეიძლებოდა ყოფილიყო.  მე თავიდან სიკვდილი მომდიოდა თავში, დავფიქრდებოდი და შემდეგ ისევ სიკვდილი მომდიოდა თავში.

მაშინვე მინდოდა მოთხრობის დაწერა, როგორც კი შინ დავბრუნდი. გონებაში ყველაფერი ჩამოყალიბებული მქონდა – ამბავი, პერსონაჟები, და ა.შ., მაგრამ ბავშვებს არდადეგები ჯერ კიდევ უგრძელდებოდათ, ამიტომ მთელ დროს მათ ვანდომებდი, ხოლო როცა სკოლაში წავიდნენ, უამრავი სხვა საქმე გამომიჩნდა და მოთხრობისთვის ვეღარ მოვიცალე. დაახლოებით ოთხი თვე გავიდა ასე. მერე ის თავდაპირველი ჩანაფიქრიც შეიცვალა. თუმცა, გარკვეულწილად, ამგვარი შუალედები ცუდი როდია. მერე უფრო მეტად იკვეთება ძირითადი დეტალები. იმ შუალედში თითქოს სულ ამაზე ფიქრობ, ერთი სიტყვაც რომ არ დაწერო, ფილმივით გადის შენს წარმოდგენაში. ბოლოს, როდესაც დრო გამოვნახე, რაღაც იგავივით გამოვიდა და ტექსტში ზედმეტი მეტაფორები აღარ აღმოჩნდა საჭირო. მე მინდოდა, მოთხრობა მთლიანად გამოსულიყო მეტაფორა. აი, ეს იყო ჩემი დამოკიდებულებაზანტი მდინარის მიმართ. ალბათ არცერთი სხვა მეტაფორა მას ზუსტად არ ერგება.

სხვა დამსვენებლების მსგავსად, მთხრობელი ბრიტანელია, და როგორც ამბობთ, მაშინ იმყოფებოდით იქ, როცა ბრექსითის შესახებ მსჯელობდნენ – ქვეყნაში ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი იმართებოდა. თავიდანვე იცოდით, რომ ბრექსითიზე დაწერდით მოთხრობას?

არა მგონია, რომ მოთხრობის მთავარი თემა ბრექსითია. მე ვთვლი, რომ მოთხრობაში აღწერილია სასოწარკვეთა – პირადი, პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული სასოწარკვეთა. და ვგრძნობ, რომ ბრექსითი ასე ჩამებეჭდა გონებაში. მომავალ თაობას ჩვენს მერე მსოფლიო უფრო ვიწრო ხვდება: ეს სასოწარკვეთის ნამდვილი განმარტებაა.

მეორე პირის მრავლობითი გაქვთ გამოყენებული, და ამასთანავე, მეგობრული ჟრიამული ისმის, რაც ნიშნავს – ჩვენ ერთად ვართ, – თუმცა, ზოგჯერ პირველ პირში გადადიხართ, მაშინ, როდესაც დამსვენებლები, ბრიტანელები, ერთ ტომად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. მთხრობელი ასევე, გარკვეულწილად, კლასებად ყოფს დამსვენებლებს და ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფი არ არის ერთიანი. რამდენად მნიშვნელოვანია მოთხრობისთვის ეს დაყოფა „ჩვენ“ და „მე“-ს შორის, ანუ ტომსა და ინდივიდებს შორის?

მგონი, ასე ხშირად ვწერ. ეს ცნობიერად ალბათ არ ხდება, მაგრამ, რადგან თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, მე ამას წერის ხასიათს, სტილის გამოხატულებას დავარქმევდი. სხვების მსგავსად, მეც გული მერევა როცა ჩვენ, ან ტომი, ან რაიმე ჯგუფი ერთი ერთეულივით ვიქცევით, არ მიყვარს სკასავით აწყობილი ერთიანი გონება და ა.შ. მაგრამ თუ „მე“ ცდილობს „ჩვენ“-ზე ამაღლდეს, ან თუნდაც, თავისი თავი „ჩვენ“-ის ანტონიმად წარმოაჩინოს, მაშინ უკვე გული მერევა „მე“-ზე. ამ ამბივალენტურობიდან გამოსავალი არ არსებობს, ასე მგონია. კაფკა ამას ყველაზე უკეთ ხსნის: „რა საერთო მაქვს ებრაელებთან? საკუთარ თავთანაც კი თითქმის არაფერი მაქვს საერთო“.

ტუნისელი ტყუპები სასტუმროში მუსიკოსებად მუშაობენ, და დამსვენებლებს თმას სენეგალელი და გამბიელი ქალები უწნავენ. რამდენად გარკვეულია მათი ადგილი მსოფლიოში? ხომ არ ფიქრობთ, რომ არც ისე საიმედო სიტუაციაში არიან?

პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით, მათი მდგომარეობა უაღრესად არასაიმედოა. თუ მათი და ტურისტების პირადი უსაფრთხოების შეგრძნებას ერთმანეთს შევადარებთ, ალბათ გული გვეტკინება. თუმცა, მეორეს მხრივ, ყველა ერთ არასაიმედო ძაფზე ვკიდივართ. ყველას ერთი ადგილისკენ გვაქვს გეზი აღებული.

ერთ ღამეს, სისხლივით წითელი მთვარე ამოდის. „2017 წლის ორგული მთვარე“, როგორც მთხრობელი ამბობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენ ყველანი ამ მთვარის ქვეშ ვცხოვრობთ?

ეს მოთხრობა სასოწარკვეთასა და სირცხვილს ეხება, ნაციონალურსაც და პირადსაც. რეალურ ცხოვრებაში, მე ვერ ვისაუბრებ „ჩვენ“-ს შესახებ, თუმცა, ეს აზრი მაქვს 2017 წელთან დაკავშირებით. და თუ 40 წლის შემდეგ ჩემი შვილიშვილები 2017 წლის შესახებ მკითხავენ, არც კი ვიცი, რა უნდა ვუპასუხო, რადგან ნათელი და გარკვეული პასუხი არ მაქვს. ხოლო თუ მკითხავენ, თავს როგორ ვგრძნობდი, მაშინ ამ მოთხრობის წაკითხვას ვურჩევ.

თქვენი ესეების კრებული გამოქვეყნდა, სახელად „თავი თავისუფლად იგრძენი“. ხომ არ ფიქრობთ, რომ „ზანტი მდინარეც“ ესეა და არა მოთხრობა?

რა თქმა უნდა, არა. ესე იწერება იმისთვის, რომ რაღაცაზე ვიმსჯელოთ, არგუმენტები დავასახელოთ, ან საკუთარი თავი თუ სხვები დავარწმუნოთ რამეში. ეს ჰგავს უკუნეთში ალის გაკრთომას: „მე ასე მიმაჩნია, და შენ?“  „ზანტი მდინარე“ კი მოთხრობაა, მხატვრული ტექსტი.

 

1 2 3 4 5 6 7 8