ზეიდი სმითი „ნიუ იორკელის“ ჟურნალისტთან თავისი მოთხრობის, „ორი კაცი სოფელში შემოდის“ შესახებ  საუბრობს

 

თქვენი მოთხრობა აღწერს, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ორი უცნობი პიროვნება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანთა საზოგადოებაში აღმოჩნდება. თითქოს მოთხრობის სათაურიც შეიცავს ფარულ შეკითხვას, რა შეიძლება სოფელში მათ შესვლას მოყვეს? თუმცა, ასე შესაძლოა, იუმორისტული ამბავიც დაიწყოს, ან რაიმე საიდუმლოებით მოცული ამბავიც. ეს სათაური თავიდანვე გქონდათ არჩეული?

ეს მოთხრობა ერთბაშად დაიწერა – სათაური, ამბავი, ყველაფერი ერთად. კაფეში ვიჯექი და უცებ მომივიდა  თავში და სულ ორიოდე საათი მოვანდომე დაწერას. მანამდე ასეთი შემთხვევა არ მქონია. შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა, ზოგადად, ძალების უთანასწორობას ეხება.

მოვლენები  ვითარდება მას შემდეგ, რაც ერთ კონკრეტულ სოფელში ორი უცხო კაცი გამოჩნდება, თუმცა, ამ მოთხრობაში უნივერსალური პროლემაცაა განხილული – ასეთი კაცები შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საზოგადოებაში, გინდაც, ნებისმიერ კონტინენტზე გამოჩნდნენ და თან ქაოსი და ძალადობა მოიტანონ. პირველად როდის გადაწყვიტეთ, რომ კონკრეტული და ზოგადი პრობლემა ერთად წარმოგეჩინათ? რთული ხომ არ იყო ამ იდეის განხორციელება, თუ პირდაპირ, წინასწარი დაგეგმვის გარეშე გამოვიდა ასე?

ჯერ დავწერე და მერე გავაანალიზე, რომ ამ მოთხრობას ორი წყარო ჰქონდა. ერთი –  რუმინული ფილმი „Aferim!“, რომელიც, სიმართლე  გითხრათ, არ მომეწონა, რადგან მოსაწყენი და ბრუტალური მომეჩვენა, თუმცა, სიუჟეტი არქეტიპული იყო – ორი კაცი სოფელში დადის და ხალხს ატერორებს. ეს ჩამრჩა გონებაში. მეორე წყაროდ ჩემს ძველ მეგობართან საუბარი გამომადგა, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. მან უნგრელი მწერლის იგავური რომანი მაჩუქა. თავად ძალიან მოსწონდა. რომანი უნგრეთის ისტორიული ტრავმის ალეგორიაა. წიგნის გმირებს ჰქვიათ „ბებია“, „ჯარისკაცი“ და ა.შ.  მეც ძალიან მინდოდა მომწონებოდა, მაგრამ გამიჭირდა, რადგან მითიური არქეტიპების იდეა თავიდან ვერ მოვიშორე. ჩემს მეგობარს ეს აზრი გავუზიარე, მან კი მიპასუხა, „შენ მხოლოდ ლოკალურ კონტექსტში წერ, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო ზოგადი კონტექსტიც, რომელსაც გაცილებით დიდი ძალა აქვს.“ გულში ჩამრჩა ეს „ზოგადი“, პროფესორის სიტყვებზე რამდენიმე კვირა ვფიქრობდი, რაღაცნაირად, მეწყინა კიდეც, იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი, მართალია, მწერალი არ არის და არც ლიტერატურის სფეროში მუშაობს, მაგრამ გონიერი და მგრძნობიარე მკითხველია. ამის შემდეგ, დავიწყე ფიქრი ყველა იმ ლოკალურ და სპეციფიურ საკითხზე, რომელიც წინა პლანზე იწევს და ჩრდილავს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან კონტექსტს, განსაკუთრებით, თუ ძალადობაზე საუბრობ. ხშირად გვესმის: „ზუსტად ეს მოხდა აფრიკაში“, ან „აღმოსავლეთ ევროპა სულ ამ მდგომარეობაშია“. ზოგჯერ, სპეციფიური დეტალი გვეხმარება კონკრეტულ სიტუაციებს შორი მანძილიდან შევხედოთ. ასე გამიჩნდა აზრი, შესაძლებელია თუ არა დავწერო მოთხრობა, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ხდება და ბევრ სხვადასხვა საზოგადოებას ეხება.

როდესაც ამ მოთხრობას წერდით, რომელიმე მწერალი ან ნაწარმოები ხომ არ გახსენდებოდათ?

წერის დროს არა, მაგრამ როცა მოთხრობა დავასრულე, კაფკასა და ბეკეტის კვალი აღმოვაჩინე.

 

 

ინგლისურიდან თარგმნა   დალილა გოგიამ

1 2 3 4 5 6 7 8