მაგრამ კარაოკე ბოლო საღამოს იყო. ამ საღამოს ჯადოქარი გვესტუმრა. მას ბაჭია ამოყავს სხვადასხვა ადგილებიდან, სრულიად მოულოდნელი ადგილებიდან. ვიძინებთ და ბაჭიები გვესიზმრება, ვიღვიძებთ და ზანტ მდინარეში ჩავდივართ. რამე გაგიგიათ სიცოცხლის ციკლის შესახებ? აი, ზუსტად ამას ჰგავს. სულ წრეზე დავდივართ. არა, მალაგას ციხესიმაგრე არ გვინახავს. არც ის ტიტველი მთები მოგვივლია, და ჩვენს შორის არავინაა, ის ახალი რომანი ქონდეს წაკითხული, სადაც მოქმედება ზუსტად აქ, მალაგაში ვითარდება. კაცმა რო თქვას, არც არავინ ვაპირებთ წაკითხვას. ამის გამო არც ერთმანეთის განსჯას ვაპირებთ. ზანტ მდინარეში განკითხვა აკრძალულია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრმები ვართ და ვერაფერს ვამჩნევთ, რადგან, როდესაც აეროპორტიდან მოვდიოდით, დავინახეთ სათბურები და იქ მომუშავე აფრიკელები, რომლებიც, ზოგი მარტო, ზოგი წყვილ-წყვილად, ამ გაუსაძლის პაპანაქებაში ველოსიპედით სათბურიდან სათბურში გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. თავი ფანჯრის დაბურულ მინას მივადე და როგორც ცეცხლმოკიდებული ბუჩქის იგავშია, აფრიკელების ნაცვლად მირაჟი დავინახე. ეს იყო პოლიეთილენში შეხვეული ქორფა პომიდვრების ყუთის ზმანება. ის ჩემს წინ, ლამის უდაბნოში, მალაგას ნანგრევებში დალივლივებდა და ისე ცხადად ვხედავდი, როგორც საკუთარ ხელს. იმ პატარა გამჭირვალე ყუთს შტრიხკოდი ეკრა, ხოლო შტრიხკოდის ზემოთ კი ეწერა: პროდუქტი ესპანეთიდან, ალმერია.  მირაჟი გაქრა.  მაშინ არაფრად ჩავთვალე, არაფერს ნიშნავდა არც ჩემთვის, არც სხვისთვის. მაშინ, არდადეგებისას, რადგან, ვინ ვართ ჩვენ, რომ – და ვინ ხართ თქვენ, რომ – ან ისინი ვინ არიან, რომ გვკითხონ – და საერთოდ, ვინ დაწვდება და ვინ ისვრის  პირველ…

***

დიახ, მართალია, რომ ჩვენ, ბრიტანელებმა, არც კი ვიცოდით, ესპანეთის რუქაზე ზანტი მდინარე სად მდებარეობდა, მაგრამ ისიც მართალია, რომ მისი პოვნა არც დაგვჭირვებია, რადგან წყლიდან მხოლოდ იმისთვის ამოვდიოდით, რომ ზემოთ ხსენებული ტივტივები გვექირავებინა. ისიც სიმართლეს შეესაბამება, რომ ჩვენ, თითქმის ყველამ ხმა ბრექსითის მივეცით და ამიტომ, ახლა ზუსტად არც კი ვიცით, მომავალ ზაფხულს ზანტ მდინარეში ჩამოსასვლელად ვიზა დაგვჭირდება თუ არა. ამაზე ზამთარში ვინერვიულებთ. ჩვენს შორის რამდენიმე ლონდონიდანაა, მათ უნივერსიტეტის დიპლომები აქვთ და მეტაფორების, ევროპაში დასვენებისა და დინების საწინააღმდეგოდ ცურვის მოყვარულები არიან. თუ ეს ღრმად კეთილშობილი უმცირესობა წყალში არ ნებივრობს, მაშინ ბავშვებს ჩიფსების უზომოდ ჭამას უშლის და კანზე ყველაზე ძლიერ დამცავს უსვამს. ისინი წყალშიც კი გამოირჩევიან სხვებისგან: არასოდეს ცეკვავენ მაკარენას და არც ზუმბას ჯგუფში ეწერებიან – ზოგი მათგანი უხალისობას იმიზეზებს, ზოგს კი თავის დამცირებად მიაჩნია. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ წყალში ცეკვა რთული საქმეა. რაც არ უნდა მოხდეს, ჭამის (ჯანსაღად), ან (არაბრენდული) ტივტივების დაქირავების შემდეგ, ისინი უკან, მეტაფორაში მოძვრებიან, ამ ჩვენს ურობოროსში* რომელშიც, ჰერაკლიტეს მდინარისგან* განსხვავებით, არასოდეს იცვლება და არც იმას აქვს მნიშვნელობა,  რა ადგილას შეაბიჯებ მასში.

***

გუშინ ზანტი მდინარე გამწვანდა. არავინ იცის, რატომ. უამრავი თეორია წარმოიშვა და ყველა მათგანში შარდი ფიგურირებდა, ყველა მათგანში მწვანე ფერი ან შარდს ბრალდებოდა, ან შარდის რეაქციას ქლორიდზე, თუ სხვა რომელიმე უცნობ ქიმიურ რეაქტივზე. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ შარდი მთავარ მიზეზს წარმოადგენდა – მე თვითონაც რამდენჯერ იმასმიქნია. თუმცა, შარდი დიდად არ გვაწუხებდა. სულაც არა.  სევდის მომგვრელი სხვა რამ იყო – მწვანე ფერმა ჩვენი გონება სხვა რამეს მიაპყრო – ზანტი მდინარის ხელოვნურ ბუნებას. სრულიად მოულოდნელად, ის, რაც ასე ბუნებრივად გვეჩვენებოდა, – წრეზე დაუსრულებელი ბრუნვა, თან ზაფხულის ჰიტის მოსმენა, რომლის სახელიც, ისე მოხდა, რომ  „ნელა“ აღმოჩნდა – ახლა უკვე არა მხოლოდ არაბუნებრივი, არამედ, უცნაურიც კი ჩანდა.  ახლა აქ ყოფნა ნაკლებად ჰგავდა ცხოვრებისგან გამოსარიდებელ შვებულებას, მას უფრო საშინელი მეტაფორები შეესაბამებოდა. ეს განწყობა მხოლოდ იმ ადამიანებზე კი არ გავრცელდა, ვინც მეტაფორაზე გიჟდებოდა, ყველას გადაედო. ჩვენს მდგომარეობას იმ სირცხვილს შევადარებდი, ადამსა და ევას რომ დაეუფლათ, როცა ერთმანეთს უყურებდნენ და საკუთარი სიშიშვლე პირველად გააცნობიერეს.

 


*ურობოროსის გამოსახულება – გველი, რომელიც კბენს საკუთარ კუდს

*ჰერაკლიტეს მდინარე – ჰერაკლიტეს ცნობილი ფრაზა: „ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“

 

1 2 3 4 5 6 7 8