როგორ გამოიყურებოდნენ პირველ დღეს?

როგორც ჩვენ ყველანი.

პირველად რა გააკეთეს?

ის, რაც ჩვენ ყველამ: ფანჯარა გამოაღეს. ჰელენმა გამოაღო, საძინებლის ფანჯარა. მოქარგული ფარდა გაყინულ ჰაერში თეთრი ცხვირსახოცივით  გაფრიალდა და ეს მათაც შეამჩნიეს.

რა ეგონათ?

ეგონათ, რომ საათმა აურია. იფიქრეს, რომ ღამით სინათლე ჩაქრა. ლუისას ჯოჯოხეთურ ძილის წამალსაც დააბრალეს – იფიქრეს, ალბათ ლუისა მძინარე ადგა და საათი გადაწია.  (ეს განმარტება ისე მყარად ჩაჯდა, მიესადაგა, როგორც ნაჯახი ხეს.)  ნახევარი საათი ფიქრობდნენ, რა აერიათ ტვინში. მოხუცი ქალები იყვნენ. ასე რომ, გასაკვირი არ იქნებოდა: ბევრი ნივთი დაუკარგავთ, სასტუმროში გასაღები ერთი საათი უძებნიათ.

– სკოლაში მიდიხარ?

– არა მგონია. დღეს აპირებდი სამსახურში წასვლას?

– არ მახსოვს.

ჰელენმა გარეთ გაიხედა, სიბნელეში, თან აკანკალებდა. ქუჩებში ახალგაზრდები ჯერ კიდევ გაუნათებელ ქუჩებში დადიოდნენ. ზოგს ხელში ფარანი  ეჭირა, ზოგს ლამფა. იცინოდნენ. ქუჩაში ხანშიშესული ადამიანები საერთოდ არ იყვნენ, არც ახლა, ამ დაბნეულობაში, როცა ყველგან პოლიციის ნათურები ანათებდა, ხოლო ზემოდან ისე ჩანდა, თითქოს ქალაქში კარნავალი გაემართათ. ქუჩის გადაღმა სახლში ჰელენმა სანთლის შუქზე გაშლილი საუზმე და წყვილი დალანდა.  ქვემოთ კი, შენობის წინ, მოხუცი რუსი ქალი და მისი ვაჟი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ. სულ მალე რადიოში გამოაცხადეს, რომ ისინი ჭკუიდან არ შემცდარან.  აი, მზე კი შეიშალა.

– როგორ შეიძლება ჰაერის ნაწილაკების ბრალი იყოს? – ვერ გაიგო ლუისამ. ის დივანზე იჯდა,  ფანჯრიდან გახედვის ალბათ ძალიან ეშინოდა. სახლში ყველა ნათურა ანთებული იყო.  დილის პაროდია  გათენდა.

ჰელენი გმირულად იჯდა ფანჯარასთან.

– როგორც გამოაცხადეს, კრაკატაუს შემდეგაც ასე იყო. – თქვა მან. – ისეთი სქელი ნაცარი წამოსულა, რომ სამი დღე-ღამე უკუნი ღამე იდგაო. ახლა რა მოხდა, არ უთქვამთ, მაგრამ საშიში არ არისო. უბრალოდ, დილით მზე არ ამოვიდა. – თავზე ბეწვის ქუდი ეხურა და ცას ასცქეროდა.

დილის ცხრა საათი იყო და ისე ბნელოდა, როგორც თვალის გუგაში.

– სერიოზული არაფერია, დარწმუნებული ვარ. – თქვა ჰელენმა. – ჯერჯერობით სანერვიულო არ გვაქვს.

მაგრამ როდესაც დივანზე მჯდარ თავის თეთრთმიან გოგოს შეხედა, რომელიც ყავის მაგიდიდან ლაქის მოშორებას ცდილობდა, ცრემლები წამოუვიდა. მართალია, ჯერ სანერვიულო არაფერი იყო, მაგრამ თავი მაინც ვეღარ შეიკავა. საშველი არსად ჩანდა.

რა გააკეთეს მეორე დღეს?

მეგობრებს დაურეკეს. მარტო ვეღარ გაძლეს, ჰელენმა თქვა, რომ ომის დროს ბებიამისის სახლში იგივე ხდებოდა. ფანჯრებზე მუქი ფარდები იყო ჩამოფარებული, თვითმფრინავების ხმა კალიფორნიის სანაპიროს აყრუებდა, რაც ახსენებდათ, რომ რაღაც ცუდი სჭირდათ. მეგობრები ლანჩზე დაპატიჟეს და მოამზადეს ის, რისი მომზადებაც საკუჭნაოში აღმოჩენილი პროდუქტებისგან შეეძლოთ.

გაუგებარი მიზეზების გამო, თავად გარეთ გასვლას ვერ ბედავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ლამპიონები ჩართეს და სიახლით აღტკინებული ახალგაზრდების ჯგროც ბევრად შემცირდა. ლუისამ ფქვილის ვულკანში კვერცხი ჩაახალა და პასტა გააკეთა. ხმას არ იღებდა. ფქვილი ისე გაიბნა ჰაერში, თითქოს ბამბის თესლები გასკდა. ჰელენმა ქათამი გაალღო და შეწვა. შემდეგ, როგორც მასპინძლის ინსტინქტმა უკარნახა, მეორე ქათამიც შეწვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9