ცხოვრებიდან ყველაფრის გადარჩენა რომ შეიძლებოდეს,  მაშინ მას ისევ ემახსოვრებოდა ჰელენის თმის სურნელი 1968-ში. მაშინ ორივე ოცს ძლივს იყო გადაშორებული და ორივე სენტ. მარგარეტის სკოლაში ასწავლიდა, ჰელენი ისტორიას, ლუისა კი ენის ხელოვნებას. ემახსოვრებოდა, როგორ იდგა უძრავად ჰელენი ბიბლიოთეკის უკანა ოთახში (რომელშიც მხოლოდ ერთი ფანჯრიდან შემოდიოდა თოვლის ქათქათა ნათება), როდესაც ლუისამ თავისი და ჰაროლდ ფოსტერის ნიშნობა გამოაცხადა. ნიშნობის მერე ჰარვარდში გადადიოდნენ. ჰელენის თმის ქერა სურნელი, როდესაც ერთმანეთს ჩაეხუტნენ. მტვრის ბრჭყვიალა ნაწილაკები, ძველი, წაუკითხავი წიგნების სუნი, იმ ადგილების რუქები, სადაც არცერთი მათი მოსწავლე არასოდეს წავიდოდა და რომლის მოქალაქეებიც ერთ დღეს ვერ მიხვდებოდნენ, რატომ გაიღვიძეს უმზეო ცის ქვეშ. საათი ჰელენის გულისჯიბეში, რომელიც სიმსივნესავით მიიჭყლიტა მათ შორის. ვნების ჟრუანტელი მწიფე სხეულში – ყველაფერი დაკარგულია, დაკარგული ან დავიწყებული. მაგრამ როგორ შეიძლება მოხუცმა ქალმაც კი დაივიწყოს, რა ჩასჩურჩულა ჰელენმა იმ დროს, როდესაც ძალიან ახალგაზრდები იყვნენ? რა ჩასჩურჩულა, როდესაც ოთახიდან გადიოდა? რომ ერთ დღეს აუცილებლად იპოვიდა. და ლუისა მარტო დარჩა იმ მიგდებულ ოთახში და დახვავებული თოვლის ლიცლიცს იმ ადამიანის სიხარბით გაჰყურებდა, რომელიც წუთი-წუთზე  დაბრმავდებოდა.

და წვეულებაზე მხარზე ვიღაცის შეხება, მერე  ქალის დაჟინებული მზერა ოთახის მეორე კუთხიდან; ამან ცუდად გახადა და შაკიკი მოიგონა, რომ ქმარს იქიდან წაეყვანა.

და ქუჩა ქმრის სიკვდილის შემდეგ: ძირს მოფენილი ფოთლები. ყვავილების ნოტიო სურნელი, სინათლე, წითელი ციკლოპივით რომ მიშტერებოდა და  ხმა: გიპოვე.

დარჩნენ ცეცხლთან?

მიუხედავად იმისა, რომ ხეების გარდა, ალმოდებული სახლიც გამოჩნდა,  ადგილს ვერ წყდებოდნენ, მაგრამ ნათანთან აუცილებლად უნდა წასულიყვნენ.

– ნამდვილი ფარვანები არ ვართ? დაიჩურჩულა ჰელენმა, და ჩაიხითხითა.

მანქანაში პიტერს ხანძარი აუღწერეს, როგორი შეგრძნება ჰქონდათ, როცა გორაკს ჩაუყვნენ და გამომშრალ  მტვრევად ბალახში დააბიჯებდნენ. ცხელი ქარი სახეში სცემდათ, თითქოს მზიან დილით პლაჟზე დასეირნობდნენ.

– უფალს ყოველთვის სძაგდა პლაჟები. – დაამატა ჰელენმა. პიტერმა თავი დაუქნია და ასე მიდიოდნენ, მდუმარედ, დიდი ხანი, ვიდრე უკან მოხედვისას ალი ვეღარ დაინახეს, მხოლოდ რაღაც ციმციმებდა ღრუბლებში, მათ წინ კი შავი დაუმწვარი ტყეები იშლებოდა და აქა-იქ მუშტისოდენა სინაათლეები ჩნდებოდა, რითიც ხვდებოდნენ, რომ იქ სახლები უნდა ყოფილიყო.

– სიზმარი ვნახე. – თქვა ლუისამ ხმადაბლა. – რომელიც სიზმარი არც იყო.

პიტერმა სიამოვნებისგან რაღაც ხმა ამოუშვა. ჰელენს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ერთნაირად შავ ცასა და ხეებს ათვალიერებდა, და იმათ, რაც ღამურებად მიიჩნია, ან იქნებ ჩიტები დაფრინავდნენ, რადგან ალბათ ბოლოსდაბოლოს ალბათ მათაც გაიღვიძეს, ოდესმე ხომ გაიღვიძებდნენ?

– ბრდღვიალა ცა ჩაქრა და ვარსკვლავები უწესრიგოდ დაეხეტებოდნენ უსასრულო სივრცეში.

– მომწონს. – თქვა პიტერმა. – უწესრიგოდ დაეხეტებოდნენ. მერე რა მოხდა?

– მერე… ოჰ, – გააგრძელა ლუისამ. – დილა მოდიოდა და მიდიოდა, მერე მოვიდა და დღე აღარ მოყოლია, და ადამიანებმა ყველა სხვა სიყვარული დაივიწყეს მხოლოდ ერთ რამეზე დაიწყეს ლოცვა – სინათლეზე.

– ადამიანებმა ყველა სხვა სიყვარული დაივიწყეს. – გაიმეორა ჰელენმა. არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს.

არც გზაზე, არც ირგვლივ სინათლე არც ბჟუტავდა. ჩაბნელებულ ფერმას ჩაუარეს და ჰელენს მოეჩვენა, რომ თეთრწინსაფრიანი ქალი დაინახა, რომელიც დაცემული სიმინდის ყანაში დადიოდა. თითქოს ყველა მოჩვენებად ქცეულიყო. მაგრამ ეს ქალი არ იყო. ეს იყო ფილტვის ფორმის თოვლის გროვა, რომელიც უკვე დნებოდა. მერე მხედველობიდან ისიც გაქრა.

– მერე აღარ მახსოვს. იქნებ ნათანს აქვს შენახული ჩემი წერილი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9