ოჯახი დარბაზის კუთხეში ერთად მოგროვდა და გოგონას უსმენდა, რომელიც მათ წარბაწეული ეჩურჩულებოდა. ვიდრე ოჯახთან ჩურჩულს გააბამდა, მან მხოლოდ ერთხელ გამოხედა ჰელენს, უნდობლად და გამომცდელად.

ლუისამაც ჰელენს შეხედა, თითქოს ამბობდა: ჰო, მაქვს სულელური, საიდუმლო რწმენა, მაგიური რწმენა. ჰო, მართლაც ამპარტავანი და სასაცილო არსებები არ ვართ?

მითხარით, რა მოუვიდა ლუისას მანქანაში, როგორ ჩაიმსხვრა მინა?

მას არასოდეს გაუმხელია, ეს ბარიდან გამოსულმა ახალგაზრდა კაცმა ჩაიდინა, თუ აჯანყებულებმა ესროლეს ქვა, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე სახის განმარტება მართლაც აუცილებელი იყო. ალბათ ვერც კი იხსენებდა, რა მოხდა, მაგრამ ჰელენსა და პიტერს ჩუმად, თავისთვის აინტერესებდათ, რატომ ეყარა ჩამტვრეული შუშის ნატეხები გარეთ და არა შიგნით მანქანაში?

ღამე იმ ქალაქში გაატარეს?

ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ მათ იმ ქალაქში ხალხის სახეზე უდიდესი დაქანცულობა  და სიმძიმე დაინახეს, ისეთი, ჰელენს მხოლოდ დასავლეთში, უდაბნოს ქალაქებში თუ უნახავს, და ერთი მოტელი, მაღაზიების რიგიდან საკმაოდ მოშორებით. პარკინგის ადგილზე მხოლოდ ორი მანქანაიდგა, ოფისში წითელი ალი ცახცახებდა, და პიტერმა იცნო მარიხუანას ლამპები. პიტერმა გააფრთხილა, რომ უცხო ადგილებში ძილში დადიოდა და ეს ჩვევა ბავშვობიდან ჰქონდა გამოყოლილი. შესაძლო იყო, ნებისმიერ ადგილას ეგრძნო თავი ძალიან უცხოდ, ნებისმიერ მოტელსა თუ ოთახში, სადაც ღამეს ათევდა, სადაც თხელ ზეწრებში ეხვეოდა და კარადის ზემოთ არაპროფესიონალის მიერ შეღებილ კედლების ყურებაში იძინებდა, სადაც  ფარვანები სააბაზანოს მაცოცხლებელ მზეს ეძებდნენ, ხოლო ყოველი ფანჯრიდან წყვდიადი  მძარცველივით იყურებოდა.

– მე მგონი, – დაიწყო ლუისამ, როცა ისევ გზას გაუდგნენ. ფანჯარაზე ცელოფნის პარკი ჰქონდათ აკრული, რომელშიც ქარი მოჩვენებასავით კიოდა, – მგონი, შეგვიძლია ნათანს გავუაროთ.

– კი ბატონო, – თქვა პიტერმა. – ბლომად ყავა დავლიე, და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

– ალბათ ჯობია, ფრთხილად ვიყოთ? – თქვა ლუისამ.

– რას გულისხმობ? – იკითხა ლუისამ. ხელებით ისევ თმის გასწორება დაიწყო, რომელიც მკივანა ქარმა გაუწეწა. – იქნებ, მე და ჰელენმა არ უნდა ვახსენოთ, რომ გეი ვართ.

– ოჰ, ლუისა. – თქვა ჰელენმა.

– ვერ გრძნობ, რომ ახლა რაღაცნაირად საშიშია? არც ვიცი, რატომ. ვერ ვხვდები წყვდიადმა ეს გრძნობა რატომ მომიტანა. მაგრამ, გთხოვ.

– ნათანთან წავიდეთ. – თქვა ჰელენმა. – პენსილვანიაში ნათანთან ჩავალთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. როგორც კი შტატის საზღვარი გადაკვეთეს, პირველივე მოსახვევში გაუხვიეს და დაუჯერებელ სურათს გადააწყდნენ: დღის კაშკაშა ნათელი იდგა.

– ვაიმე, ღმერთო! – წამოიძახა პიტერმა – ვაიმე, ღმერთო!

მაგრამ დღე კი არა, მხოლოდ ნათელი ეფინა იქაურობას, ჩვეულებრივი დღის ნათელი, რომელიც ქარში ისე გადაადგილდებოდა და ფრიალებდა, როგორც თოკზე გაფენილი ზეწარი.

ეს რა იყო?

ეს იყო ცეცხლმოკიდებული ტყე. მთელ ტყეს ცეცხლი ეკიდა. მანქანები მიღოღავდნენ, ვერტმფრენები ცეცხლში ისე ეფლობოდნენ, როგორც ფუტკრები ყვავილებში, სახანძრო მანქანები კი, უწყვეტ ნაკადად ასხამდნენ შადრევანს, რომელიც მაშინვე ბოლად და ორთქლად გარდაიქმნებოდა. ყველაფერი ბრდღვიალებდა დავარვარებდა და შემაძრწუნებლად დიდებული ჩანდა. ადამიანს ძალაუნებურად, აპლოდისმენტების სურვილი გაუჩნდებოდა, მის მიმართ, ვინც ეს მოიფიქრა.

ახლა საჭესთან პიტერი იჯდა, და ისე ნელა მიდიოდა, რომ უთხრა:

– თქვენ გადადით, შეხედეთ და კუთხესთან დამელოდეთ.

ისინიც ასე მოიქცნენ. ჰაერში აღმართული ხელებით, უამრავ ადამიანთან ერთად იდგნენ. თითქოს რაღაცის დასაჭერად ემზადებიანო, ზურგსუკან იყურებოდნენ და უცინოდნენ საკუთარ ჩრდილებს, რომლებიც მკვდრეთით სულ მცირე ხნით აღდგნენ. შემდეგ ხალხმა დაინახა ის, რის დანახვაც ყოველთვის უჭირდა, რასაც ჰელენმა ღიმილით (მაშინ, როდესაც ლუისა ღრიალებდა) „უძღები მზე“ უწოდა – დამწვარ ხეებს შორის სახლის  ფანჯრები.

არასოდეს გაგიგონიათ, რას ყვება ლუისა მათ შეხვედრაზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9