შუადღისას, სასტუმრო ოთახიდან წკარუნი შემოესმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლუისა ფარდებს ხსნიდა. მაშინვე მიხვდა. ისინი ალეუტები არ იყვნენ, ამიტომ მუდმივ ღამეს ვერ აიტანდნენ. შემდეგ გაიგონა შვებით ამოოხვრა, ასანთის ხმა, სანთლები.

მხოლოდ ორი ადამიანი მოვიდა: ჰელენის ხანშიშესული კოლეგა კოლეჯიდან და ნერვიული მხატვარი, რომელიც ლუისამ ხელოვანთა დასახლებაში გაიცნო. წვეულებებზე  ორივე არაჩვეულებრივი, ინტელექტუალი მოსაუბრე იყო. ამ დღეს არც წვეულება შეეფერებოდა, არც ინტელექტუალური საუბარი. აშკარა იყო, მათთან სტუმრობით ორივემ მარტოობას დააღწია თავი. ჰელენი და ლუისა ვალდებულების გრძნობის გამო იღიმოდნენ და ელოდებოდნენ შემოსასვლელი კარის ზარს, რომელსაც არ დაურეკავს.

როგორც გავიგე, სასურსათო ბარათები შემოაქვთ. – თქვა ჰელენის გასანთლულწვერიანმა კოლეგამ, ვიქტორიანული რეალიზმის ჭაღარა პროფესორმა.

ლუისა დაინტერესდა, რა ბარათებზე იყო ლაპარაკი.

– გაზის – დააზუსტა პროფესორმა. – და ახალი ბოსტნეულის და ხორცის. როგორც ომში. – ის მეორე მსოფლიო ომს გულისხმობდა. – იქნებ, წინდებისაც.

ჰელენმა არ დაიჯერა.

– სისულელეა. – თქვა მან, თან ნანობდა, რომ ეს პომპეზური კაცი მოიწვია.

ფარდები გაფრიალდა და გამოჩნდა არაბუნებრივი სიბნელე, როგორც რომაელი მსახური, რომელიც გამარჯვებული გენერლის გვერდით მიაბიჯებდა და პერიოდულად სიკვდილს ახსენებდა.

ლუისამ თქვა, რომ ომი არ ახსოვდა.

მხატვარმა ხმა ამოიღო, და რაც მან თქვა, ყველა ააფორიაქა:

– მგონი, განგებ გააკეთეს რაღაც.

ჰელენმა მაშინვე ჰკითხა:

– ვინ? რა გააკეთეს?

ლუისამ შეხედა.

მხატვარი თავისივე აზრების გამო დაიღრიჯა, მაჯებზე სამკაული აუჩხრიალდა.

– რაღაც გააკეთეს და არ გვეუბნებიან.

ხანშიშესულმა კაცმა ქათამს მარილი მოაყარა. მეორე ქათამი ოპტიმისტის სიმშვიდით განისვენებდა სამზარეულოში, მბზინვარე და დაუჭრელი.

– ბომბს გულისხმობ?

– რამე ექსპერიმენტი ან ბომბი, არ ვიცი… დარწმუნებული ვარ, ვცდები.

– ექსპერიმენტი? – ჰკითხა ლუისამ.

სწორედ მაშინ გაიგონეს გრუხუნი. ყველანი ინსტინქტურად ფანჯარას მიცვივდენენ, ჰელენმა, სიჩქარეში, პატარა ტერაკოტის ქოთანი გადააგდო ფანჯრის რაფიდან შუადღის ჰაერში, რომელიც როგორც ყოველთვის, მუქი წითელი იყო, მაგრამ დაცემის ხმა იმ გუგუნში არავის გაუგონია: ლამპიონებზე სინათლე ჩაქრა და  ქალაქს ახლა მხოლოდ ყვირილი აცოცხლებდა.

როგორ შეხვდნენ  ჰელენი და ლუისა ერთმანეთს?

ვიდრე ერთმანეთი შეუყვარდებოდათ,  სულ  ორჯერ შეხვდნენ. პირველად, როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ოცს ოდნავ გადაცილებულები. ორივე კონექტიკუტის გოგონათა სკოლაში ასწავლიდა. ორივე ხანმოკლე ვნებამ აიტანა, როგორც საერთოდ, ახალგაზრდა ქალებს ახასიათებთ. იყო ბიბლიოთეკის უკანა ოთახში კოცნა და ასეთი რამეები, მაგრამ მერე ეს ამბები დაივიწყეს. მეორე შეხვედრა კარგა ხნის შემდეგ შედგა, როცა ლუისა კომპოზიტორ ჰაროლდ ფოსტერის ცოლი იყო, და ქმართან ერთად ჰელენის კოლეჯის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდა. ჰელენს ბრჭყვიალებით გაწყობილი შავი შარვალ-კოსტიუმი ეცვა და ღიმილით თვალს არ აცილებდა ვარდისფერკაბიან ქალს, მჟავესახიან კაცს რაღაცაზე ცხარედ რომ ეკამათებოდა. ჰელენი ისე დაჟინებით უყურებდა ქალს, თითქოს მოუწოდებდა, თავქარიანი წარსული გაეხსენებინა. როგორც იქნა, ლუისა მისკენ მიბრუნდა. აღელვებული, ჰელენის თვალებს გადააწყდა. სუნთქვის შემკვრელი წამი იყო და ჰელენს მოეჩვენა, რომ ხელისგულზე რაღაც ფანტასტუკური და ციმციმა ედო, მაგალითად, ვერცხლისწყლის ბურთულა. მერე პრეზიდენტმა სიტყვა წამოიწყო და როცა დაასრულა, ჰელენმა აღმოაჩინა, რომ მისი ყოფილი კოლეგა ქმარმა სახლში წაიყვანა, რადგან შაკიკის შეტევა დაწყებია. ასე რომ, ხელში მხოლოდ მჟავესახიანი კაცი შერჩა.

მესამედ ერთმანეთს ნიუ-იორკ-სითის ქუჩაში შეეფეთნენ. ზამთარი იდგა, ჰაერი ვაშლის კანივით ცივი და დაჭიმული იყო. ფოთლები კარგა ხნის წინ ავარვარდნენ, გაყავისფრდნენ და დაცვივდნენ და ახლა ვეღარ გაარკვევდი, ქუჩის რა ნაწილს ჩრდილავდა ხეები ზაფხულში. აი, ამაზე ფიქრობდა ჰელენი, როცა სექონდ ავენიუს მიუყვებოდა. ქალი, რომელიც სატვირთო მანქანას გვერდს ძლივს უქცევს, არასოდეს ეძახის ტაქსის და ჩქარა მოსიარულე ახალგაზრდებიც მას ეჯახებიან. აი, ასე ხედავდა ის თავის თავს – უჩინარი მ ოხუცი ქალი უჯრულა პალტოში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9