სამი საათის შემდეგ მათ ყველაზე განათებული რესტორანი აარჩიეს და  წვნიანი ლანჩი შეუკვეთეს, რის გამოც, ფუმფულა ულვაშიანმა მიმტანმა საეჭვოდ შეათვალიერა და კალმისტარი დასაკეცი დანასავით ააჩხაკუნა. კუთხეში ეკლესიისთვის გამოწყობილი ოჯახი მშვიდად იჯდა. მათ თინეიჯერ გოგონას (მოჩითულ კაბაში) თვალები დაეხუჭა და ისე იღმიჭებოდა, თითქოს ეს ორომტრიალი მხოლოდ იმიტომ  მოხდა, რომ პირადად მისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა.

– იცით, რა გააკეთა გერტრუდა სტაინმა? – თქვა პიტერმა.

– რა? – ჰკითხა ჰელენმა და კარტოფილი კეჩუბში ამოუსვა. დიდი შვება იგრძნო იმის გამო, რომ ფეხებზე ეკიდა, რომ აღარ მოუწევდა თავის მოკატუნებდა, მხოლოდ ჯანსაღი საკვები აინტერესებდა. ლუისა თავისი სენდვიჩის დანახვაზე ბავშვივით შოკში ჩავარდა.

– უბედურების დროს რაც გააკეთა. – თქვა პიტერმა.

– არა მგონია, გერტრუდ შტეინს მივბაძო გაჭირვების დროს.

– ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ, როდესაც გერმანელები შემოვიდნენ. – თქვა პიტერმა და მიმტანს გაუღიმა, რომელმაც მილქშეიკი მუქი ჭიქით მოუტანა.

– ისინი რადიოს უსმენდნენ. და ყოველ სამშაბათს დიქტორი აცხადებდა, რომ ფაშისტებმა ახალი ქალაქი დაიკავეს. ნამდვილი კოშმარი იყო. როგორც მოგვიანებით თქვა, ისეთი დაზაფრულები იყვნენ, რომ სულ იცინოდნენ, რადგან მათი მდგომარეობა კომიკური ხდებოდა, ყოველ სამშაბათს უფრო და უფრო კომიკური.  იცით რა გააკეთა, როდესაც გერმანელები მის ქალაქში შემოვიდნენ და ფრანგი ბიჭები მთებში გაიხიზნენ, რადგან გერმანელების მხარეს ომში გაწვევის შეეშინდათ და ხალხი მათ საიდუმლო ადგილებში პურს და ყველს უტოვებდა? როდესაც მათი ქალაქი საბოლოოდ დაიკავეს, როდესაც თვითმფრინავები ცაში გამოჩდნენ,  გერტრუდა სტაინმა ბუჩქების კრეჭა დაიწყო.

ჰელენმა შეამჩნია, რომ ლუისა სენდვიჩიდან მხოლოდ ბეკონს ჭამდა.

– მეტაფორულად?

– არა, ეს არ იყო პოეტიკა, არც მეტაფორა. მეტაფორებს შეეშვა, და ახალ ამბებსაც. რადიოს აღარ უსემნდა. მე მგონი… სიმართლე მისთვის გორგონა ჰგავდა, მხოლოდ სხვების არეკლილ სახეებს ხედავდა, ალისას სახეს, ან სოფელში მაცხოვრებელი გოგოების, ვისგანაც კარაქს უკანონოდ ყიდულობდა. მათთვის პირდაპირ რომ შეეხედა, გაქვავდებოდა. ამიტომ, მან თავისი ბუჩქების გაკრეჭა არჩია.

ჰელენმა თინეიჯერი გოგონასკენ გაიხედა. ის ისეთი შეურაცხყოფილი იჯდა, რომ წმინდანობას არაფერი აკლდა.

– გამოდის, რომ მხდალი იყო. – თქვა ჰელენმა.

– ჩვენ არ ვიცით, ამ დროს ალისა რას აკეთებდა. – წყნარად შენიშნა ლუისამ.

პიტერმა გაიღიმა და წვერი მოიწიწკნა.

– ის თავის ბუჩქებს კრეჭდა და ფიქრობდა, რომ როდესაც კრეჭას დაასრულებდა, გერმანელები წავიდოდნენ.

ლუისამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პიტერმა ხელები აღაპრო.

– ძალიან ცრუმორწმუნე იყო. ის და ალისა ფიქრობდნენ, რომ მათი მანქანა თავისი სურვილისამებრ მიიყვანდათ იქ, სადაც მათი ადგილი იყო.

ჰელენის სიცილი მათ თავზე ციმციმა რგოლებად გაიშალა, – მის ხმაში ისმოდა უზრუნველობა, ზუსტად ასე გაეცინა უსინათლოებზე – და ყველა მას მიაშტერდა. ნაცრისფერი ოჯახი, აღელვებული ქალიშვილი, მიმტანი, რომლის თმაც სინათლეზე ელავდა. რაღაც არასწორი და უცნაური ხდებოდა დაბნელებული ცის სამყაროში. ახლა ეს ფუფუნება იყო. მას შეეძლო მათ გასაბრაზებლად  ბრილიანტის დიადემა ამოეღო. ლუისა საუბარში ხმამაღლა ჩაერთო:

– ფრანგულს ვსწავლობ.

– მართლა? – ჰკითხა ჰელენმა.

– მათ მანქანას საბურავი დაეშვა და ამიტომ დარჩნენ საფრანგეთში.

ლუისა წამოჯდა და გაიმართა. თვალები პიტერს მიაპყრო და ცალი ხელით კლიფსებს იხსნიდა და იკეთებდა (ყურები გახვრეტილი არ ჰქონდა).

– ჩავიფიქრე, რომ როდესაც ფრანგულს ვისწავლი, ლაპარაკს როცა დავიწყებ, მაშინ ეს ყველაფერი დასრულდება. – თქვა მან.

პიტერმა კონკრეტულად არავის მიმართა:

– გერტრუდას წინასწარმეტყველების წიგნი ჰქონდა.

– არ ვიცოდი, თუ ფრანგულს სწავლობდი. – თქვა ჰელენმა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9