შუქნიშანზე სინათლე შეიცვალა. მანქანა მისკენ გამოექანა, მან ძლივს მოასწრო გვერდზე გაწევა და ლუისაც გამოჩნდა.

თავიდან ჰელენი ვერ შეამჩნია – ქუჩის კუთხეში იდგა, პატარა პრიალა ღილებიანი გრძელი თეთრი შალის პალტო ეცვა, ხელში ზამთრისთვის შეუსაბამო ზამბახების თაიგული ეჭირა და ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. მოცუცქნული პატარა ლუისა, პაწია ხელი ღუნღულა პალტოს სახელოდან მოუჩანდა და სახეზე ისეთი უიმედობა ესახებოდა, როგორც მსახურთუხუცესს, სადილობის დროს აჟრიამულებული ხალხით სავსე ოთახში ზარს რომ რეკავს ხოლმე.

ჰელენმა მისი სახელი წარმოთქვა.

ლუისას არ გაუგონია, ან, შეიძლება გაიგონა კიდეც, მაგრამ ვერ დაუშვა, რომ სექონდ ავენიუზე ვინმე დაუძახებდა.

და უფრო ხმამაღლა: ლუისა, მე შენ გიპოვე.

ის მიტრიალდა. გასაოცარია ცხოვრება, რა ნელა იცვლება და თავისი სამოსის ნაკეცებიდან მოულოდნელად რაღაც ისეთს გამოაჩენს, რაც მანამდე არ შეგიმჩნევია, ზოგჯერ ისე შემოგიბრუნდება, ადამიანი რომ მოტრიალდება ხოლმე და წინ სახით დაგიდგება. ის სახე მოსაწყენი წვეულებიდან გახსოვს. ალბათ გამოცდის ჩასაბარებლად დაგამახსოვრდა. და აი, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ინებეთ და, გამოცდის დღეც დგება.

ყოველგვარი გაოცების გარეშე თქვა: „ჰელენ.“ ფერმკრთალი, პრიალა სახე, ასაკისგან დაწინწკლული, ქედმაღლურად აწეული ცხვირი, მყვირალა ფერის პომადა, მასწავლებლის ჩაფუშული ტუჩები, ოდნავ მომატებული წონა – ერთი სიტყვით,  იმ ქალის გაყალბებული ფოტო, რომელსაც ჰელენმა უამრავი წლის წინ პირობა მისცა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ქალის ნახვას აღარ ელოდა, იმ შტერი ახალგაზრდა ქალის, რომელმაც თოვლივით ქათქათა ოთახში მიატოვა და ბებერ კაცს გაჰყვა ცოლად, ოფიციალურ წვეულებაზე კი სულელურ ვარდისფერ კაბაში გამოეცხადა. ჰელენი უკვე იმ ასაკში აღარ იყო, რომ ასეთ ქალზე ეფიქრა. და რაღა თქმა უნდა, აღარც ის ახალგაზრდა ქალი არსებობდა. არსებობდა მხოლოდ ეს ქალი, აქ, ახლა, ქუჩაში, ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა, ხოლო  სახეზე გაოცების ნატამალიც კი არ ეტყობოდა:

– ჰელენ!

– ვისთვის მიგაქვს ეს ყვავილები?

– ჩემთვის. ისე, უმიზეზოდ. – გაეცინა.

ერთი თვის შემდეგ ჰელენის ბინაში გადავიდა. მათ არავისთვის არაფერი განუმარტავთ, როდესაც მეგობრებმა შეკითხვები დაუსვეს იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი და ცხოვრება ერთმანეთს ასე უცაბედად რატომ დაუკავშირეს. ორივე ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო განსაზღვრული.

მათ მახსოვრობაში კი, რა თქმა უნდა, მოგვიანებით, ამ სცენას ერთ დეტალსაც მიუმატებენ. სასაცილოა ამაზე ფიქრი. ეს იმას ჰგავს, რომ არასოდეს ივიწყებდე, რომ შენი ფილტვები ყოველწამიერად ივსება და იცლება, ან იმას, რომ შენი გულიდიდი პასუხისმგებლობით ტუმბავს სისხლის საჭირო რაოდენობას. ყველა მოგონებას ახლავს მკრთალად მოელვარე რაღაც: მზე.

რა დატოვეს?

ჰელენმა სახლში საქსოვი დატოვა, ჩანაწერები, სარბენი ფეხსაცმელი, ქაღალდები, დაწყებული კვლევა, მცენარეები (სიკვდილის პირას), თავისი ქვები და ნიჟარები, უმიზნოდ რომ შეაგროვა უცხო სანაპიროზე და მას მერე სიყვარულით ინახავდა, ზიზილ-პიპილოები, ბრჭყვიალა ყელსაბამები, საყურეები, უკლებლივ ყველა მოსართავი, რაც კი მისთვის ოდესმე უჩუქებიათ. სულ ადვილად წაიღებდა ყველაფერს თან, მაგრამ ჩქარობდნენ, ფართხაფურთხობდნენ, ის კი ისეთი ქალი იყო, ვინც საკუთარი ეფექტურობით, სიმტკიცითა და წინდახედულობით ამაყობდა. ლტოლვილის მეტისმეტად ამაყმა სულმა უამრავი წვრილი ნივთი  სახლში დაატოვებინა.

წლების შემდეგ ლუისას რომ ჰკითხოთ, სახლში რა დატოვა, ის ბრაზით მოგაჩერდებათ და გეტყვით: ჩემი წიგნები!

და ფოტოებით გატენილი აკურატულად ჩაწიკწიკებული ფეხსაცმლის ყუთები, და ოვალური, დაკბილული  დივანი, რომელიც ერთად შეიძინეს, ვიდრე ლუისა მასწავლებლად დაიწყებდა მუშაობას. მას მერე სულ მის გამოცვლას აპირებდნენ; და ხილფაფა მაცივარში, მეგობარმა რომ გაუკეთათ იმ ზაფხულს: მარწყვის ხილფაფა. და ლუისას საქორწინო ბეჭედი. და ნახატები კედლებზე, არამოდურმა მხატვარმა მეგობრებმა რომ დაუხატეს. და თაგვი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვეშ. და ბიჭი ზედა სართულზე, რომელმაც როგორც იქნა, ისწავლა ფორტეპიანოზე “TheEntertainer”-ის დაკვრა. და ადრიანი დილის ჩრდილი, საწოლზე რომ ეცემოდა, დღის პირველი სურათი, რომელიც მოგონებათა გადასაფარებელზეა აღბეჭდილი. მაგრამ ეს ჩრდილები უკვე წარსულმა დაისაკუთრა.

საჭესთან ვინ იჯდა?

საჭესთან ლუისა იჯდა, მისი მანქანით წავიდნენ. მანქანა იელში აღებული ხელფასით იყიდა და იმედი ჰქონდა, რომ შემოდგომით სამსახურში ადვილად ივლიდა და თანაც მგზავრობის დროს გრძელ სიტყვას წარმოთქვამდა თავისი მტრების, მშობლების, და საერთოდ იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მას ვერ იტანდნენ. თუმცა, მისი მოგზაურობა ხალხმრავალი და წვიმიანი აღმოჩნდა, ის სამსახურიც მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა და ფული მანქანას ძლივს ამყოფინა. გერმანული ყვითელი მანქანა იყო  და ლუისას ძალიან უყვარდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9