პიტერმა ფანჯარას ოდნავ ჩაუწია და ხეების ცივი სურნელი შემოუშვა.

– ნეტავ, რას იზამენ ნიუ-იორკში, როცა ხე აღარ დარჩება?

– ბუხრისთვის? – იკითხა ლუისამ.

– ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც თავისი სიყვარული აღარ ახსოვს. – თქვა ჰელენმა. – და ვეღარ ვხვდები, ამაზე საზარელი ბედისწერა რაღა უნდა იყოს.

– როდესაც სანთლები გათავდება. – აუხსნა პიტერმა. უკანა სავარძლებიდან ისინი მხოლოდ მის თვალებს ხედავდნენ უკანახედვის სარკეში.

– არა, სანთლები არ გათავდება. – უთხრა ჰელენმა. – ასეთი რაღაცეები ნიუ-იორკში არ გამოელევათ.

– საბოლოოდ ბოსტნეული გამოელიათ. ასე არ არის? და საწვავიც.

ის შალში გაეხვია:

– ნიუ იორკი არ მადარდებს.

იმ ოთხკუთხა სარკეში, პიტერის თვალებში წუხილი გაკრთა.

– როგორ გგონია, ყველაფერს დაწვავენ, როგორც ის ტყე დაწვეს?

– მე ვიცი, რასაც იზამენ. – წყნარად თქვა ლუისამ.

ჰელენმა ლუისას ხელი აიღო და თავი გააქნია, თან გზის გადაღმა საგნების ფორმებს გაჰყურებდა, საგნებს, რომლებსაც დიდი ხანია, სინათლე არ დასცემიათ.

– მე არ მაწუხებს, ნიუ-იორკი თავის თავს მიხედავს. არც ავი ბედისწერის მეშინია. შენ რა თქვი, ძვირფასო?

– ვიცი, რასაც გააკეთებენ.

ლუისამ ჰელენს ხელი გამოართვა და ლოყაზე მიიდო, თითქოს თავში რაღაც აზრი მოუვიდაო. მან საბარგულს გახედა, სადაც მათი ნივთები ერთმანეთზე ეწყო, და პიტერის ნივთები, და შემდეგ მეორე ხელის თითებით მუშტი შეკრა, თვალებში ცეცხლი ჩაუდგა. მათ უკან მომავალმა მანქანამ ფარები ჩართო და  თმა თეთრად გაუნათა.

– წიგნებს დაწვავენ. – თქვა ლუისამ. სახეზე გაყინული მზერა ედო.

– ჯერ წიგნებს დაწვავენ და მერე ავეჯს. ჯერ ძველ წერილებს და მერე ფარდებს და თეთრეულს. სულ ასე აკეთებენ.

უკანა სავარძელზე უძრავად იჯდა, ფარები ჭაღარა თმას, აკანკალებულ პროფილს და გახსნილ ტუჩებს უნათებდა. მზერა დაუბრუნდა მის თვალებს, ნათელი, რომელიც არეკლილი კი არა, საკუთარი შუქი იყო, ისევე, როგორც გორაკებზე თოვლი გამოსცემდა თავის საკუთარ სინათლეს, სიგიჟე, თითქოს ამ თეთრთმიანი პოეტს შეეძლო რაღაც საშინელი ჩაედინა, ის, რისი ჩადენაც ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას შეგვიძლია.

– ყოველთვის ასე ხდება. – თქვა ლუისამ ხმამაღლა. – ახლაც, მობი დიკს, რომელიც სკოლიდან შემორჩათ და სულ სძულდათ, ზემოდან რომ დასცქეროდათ, თაროდან ჩამოიღებენ და ბუხარში შეაგდებენ და რაღაცას… შვებასავით იგრძნობენ, კმაყოფილებასაც. ცეცხლს დაანთებენ და ვითომ არაფერი მომხდარა, ირგვლივ ბავშვებს დასხავენ.

მან მარცხენა ხელით სახელური ისე ჩაბღუჯა, როგორც ცოცხს ბღუჯავდა ხოლმე. არც ერთისთვის არ შეუხედავს.

– ნამდვილი კანიბალები ვართ. დონ კიხოტი. ჰეკლბერი ფინი. რატომაც არა? თუ სინათლე არ გვაქვს და მაინც ვერ წავიკითხავთ…

– ლუ, არ გინდა… – უთხრა პიტერმა. შენ არ თქვი, რომ როცა საბოლოოდ ფრანგულს ისწავლი…

მან თავი გააქნია, ლამის ყვიროდა.

– ვერასოდეს ვისწავლი ფრანგულს. უკვე ძალიან მოხუცი ვარ და სასაცილოა. მე ვარ სასაცილო. ახლა ბნელი ხანა დადგა და ამას უნდა შევეგუოთ. ყველა წიგნი განადგურდება. და რატომაც არა?

– ლუისა!

ლუისა განწირულად კიოდა.

– ყველა წიგნი, ყველა წიგნი.

უკან მომავალმა მანქანამ მათ გაუსწრო და ისევ წყვდიადში აღმოჩნდნენ, ისევ ძველ წყვდიადში, და პიტერს ახლა მხოლოდ მოძრაობის ხმა ესმოდა უკანა სავარძლებიდან. შესაძლოა, ეს გარკვეული სახის ბრძოლა ყოფილიყო, იქნებ, ვიღაც ტიროდა კიდეც. ცოტა ხნის  შემდეგ, მისი თვალები უკანახედვის სარკეს  ჩააშტერდნენ, რომ იქ ორი მოხუცი ქალი დაენახათ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9