დილით ადრე გაემგზავრნენ, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. იგივე სიბნელე იდგა, მუდმივად წითლად მბზინვარე, ისეთი, თითქოს ნათურით ყელს გითვალიერებენო; სულ ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ზღვაში ღრმად ყვინთავდი.

– სად მივდივართ? – მკაცრად იკითხა ჰელენმა.

– ვიდრე შხაპს იღებდი, პიტერს ველაპარაკე. მარტოა, და აქაა, შტატში. ქალაქში.

– ლუისა, ალბათ ჯობია…

– ჰელ, ვუთხარი, რომ თან წავიყვანთ.

– ახლავე დაურეკე და უთხარი, რომ არ შეგვიძლია.

ორივემ იცოდა, რომ სისულელე იყო. ფიჭური კავშირი თითქმის ერთი კვირის წინ შეწყდა.

პიტერის სახლამდე ერთი საათი დასჭირდათ, ყველგან პოლიციის ბარიკადები ხვდებოდათ და უამრავი მანქანა დადიოდა. პიტერის ქუჩაზე საერთოდ კოშმარი ხდებოდა. ლამპიონები ინთებოდა და ქრებოდა, ახალგაზრდები ღია ბარების წინ აჩრდილივით იდგნენ და ეწეოდნენ, ლამპიონების მონაცვლეობით შუქზე იქურობა ისე ჩანდა, თითქოს ირგვლივ ბეისბოლის ბურთები დაგორავდა,  რეალურად კი ვირთხები დარბოდნენ, რომლებსაც დღის სინათლის შიში აღარ ჰქონდათ.

ეს სურათი  მეტისმეტი აღმოჩნდა ლუისასთვის, რომელსაც მანქანის წინა დაფის ლურჯი შუქი დაზაფრულ სახეზე ეცემოდა. თქვა, რომ მანქანიდან ვერ გადმოვიდოდა. ჰელენს მოუწია გადასვლა.

– შენ, შეშლილო ბებერო, აქ მომიყვანე ახლა მოგინდა „უჰ, ჰელენის“ ძახილი?

და რა თქმა უნდა, გადავიდა. ჰელენმა თავის ძვირფას ლუისას ლოყაზე აკოცა, კარი მიიჯახუნა და სახლში შევიდა. მაგრამ ეს შემთხვევა დაიმახსოვრა და თავისი გულისტკივილების კატალოგშიც შეიტანა. ეს ხუთი წუთით ადრე მოხდა, ვიდრე ის პიტერთან ერთად ჩამოვიდოდა. პიტერს ნივთების ჩალაგება ჯერ არ ჰქონდა დასრულებული. მან დაჟინებით მოითხოვა წიგნების წამოღება, ოცი წიგნის, რადგან, როგორც თქვა, სამივე წმინდა ოთახში ღუზის ჩასაშვებად, აღქმის დასადებად და გასასვლელის ამოსაქოლად ემზადებოდა, ამიტომ თავიანთი ბიბლიები სჭირდებოდათ. ჩალაგებას იმაზე მეტი ხანი დასჭირდა, ვიდრე ჰელენი წარმოიდგენდა. და მაინც, მხოლოდ ხუთი წუთი გავიდა.

როდის-როდის შეამჩნიეს ჩატეხილი შუშა.

რა მოხდა?

არაფერი უთქვამს. „წავიდეთ!“ ყვიროდა, თან ორივეს ანიშნებდა, მანქანაში ჩამსხდარიყვნენ. თავად მხოლოდ თვალის ქვეშ ეტყობოდა ნაკაწრი და ველურივით იყურებოდა. მისი ფანჯარა იყო გატეხილი. „წადი! ჩქარა წავიდეთ!“ ყვიროდა. ჰელენი ეცადა შეხებოდა, ეცადა ტკბილის სიტყვით და მოფერებით გამოეტყუა, რა მოხდა, რამე მაინც გაეგო რამ ჩატეხა ფანჯარა, რომლის ნამსხვრევებიც ჯერ კიდეც ყინულივით ჰქონდა აკრული ალეწილ სახეზე, მაგრამ ლუისა შეკითხვებზე არ პასუხობდა. ლამპიონი გათხელებულ ჭაღარა თმას, გაუგონარი მძვინვარებისგან გახსნილ ტუჩებსა და სახის ძვლებს უნათებდა. ნახატს ჰგავდა: გულსაბნევი, ბეჭედი და სრული სიგიჟე თვალებში. „მშვენიერება ტილოზე, რომელიც არაფერს იტყვის, არაფერს გაამჟღავნებს.“ გაიფიქრა ჰელენმა. ჰელენს უყვარდა ეს პატივმოყვარე, უტყვი, გამაღიზიანებელი არსება. ისინი ერთმანეთის ცოლები იყვნენ, თავისებურად.

– წავედით! – ისევ დაიკივლა ლუისამ. – წავედით!

წავიდნენ.

სად წავიდნენ?

პერსილვანიაში. წარმოუდგენელია, რამდენი ხანი დასჭირდათ მანჰეტენის გასავლელად. უცნაური ლამპიონები, სრული სიბნელე ჰოლანდის გვირაბში, თითქოს სამყაროს ალმასივით მტკიცე გულს ბურღავდნენ (უსაშველოდ ნელა). ჰელენი თვალს არ აშორებდა საწვავის საზომს, ნეონის მინიატურულ სატუმბს, რადგან რადიოში უკვე გავიდა ინფორმაცია ხვალიდან საწვავის, ისევე, როგორც შეშისა და ბოსტნეულის ბარათებით დარიგების შესახებ.  ამით აიხსნებოდა იმდენი ადამიანი ქუჩაში, ის პანიკა. პიტერი გატეხილი ფანჯრიდან აბოლებდა, თამბაქოს ნამცეცი ზედა ტუჩიდან მოიცილა და თქვა:

– უჰ, ალბათ ბაზარში შეშლილებივით დარბიან.

გააგრძელეს გზა, უსასრულოდ გაჭიმული უკუნეთი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9