კავშირი

 

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველანაირი პროზა-პოეზია, მაგრამ ნებისმიერ პოეტზე თუ მწერალზე უკეთ გრძნობენ და განიცდიან იმ ყველაფერს,  რაზეც ეს პოეტები და მწერლები  წერენ. მაგალითად დეიდაჩემიც კმარა (“დედაჩემის ნახევარდა” როგორ დავარქვა, როცა მისთვის დედაზე მეტი იყო). არანაირი განათლება არ ჰქონდა (არც საშუალო). საშინელ სიღატაკეში და ობლობაში გაზრდილი,  საოცრად გონიერი ქალი იყო. რაღაცნაირი, თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ყველაფერზე. მახსოვს, როგორ არიგებდა ახალგაზრდა დიასახლისებს: – “ფქვილით სავსე ბეღლის თვალოში, ფქვილის აღებას რომ დააპირებთ, შუაში კი არ უნდა ჩაარტყათ ჯამი, ასე ფქვილი დაფრთხება და მალე დაილევა, ნაპირიდან უნდა აიღოთ ფრთხილად და მეტხანს რჩება”… სულ თვალწინ მიდგას, თვითონ როგორ იღებდა, ხელების რაღაცნაირი, ნაზი მოძრაობით, როგორ ეფერებოდა ფქვილს. თითქოს ესეც ერთგვარი რიტუალი იყო.

ბევრს არ საუბრობდა, მაგრამ თუ რამის მოყოლას დაიწყებდა, იმ ამბავს ისე ყვებოდა, ისეთ ღონიერ მეტაფორებს იშველიებდა, მეგონა, ეს სუსტი ქალი ნეკა თითით ნაძვსაც ამოთხრის-მეთქი… მარტო მისი ძალიან გამხდარი, ლურჯი ვენებით დასერილი, ბრკესავით პრიალა, თხელკანგადაკრული ხელის მტევნების მოძრაობა რად ღირდა. საუბრის დროს ისე გრაციოზულად ამოძრავებდა, თითქოს ჩვენთვის უჩინარ ორკესტრს დირიჟორობდა და ის უიდუმალესი მუსიკა მხოლოდ მას ესმოდა. ის ამბავი, თუ როგორ მოუხდა 6 და 8 წლის ობოლი გოგოების მარტო დატოვება საშოვარზე წასულ ბაბუაჩემს, როგორ დედასავით ზრუნავდა ორი წლით უფროსი და მასზე, როგორ აცხობდნენ ფეტვის პურებს, ღამე როგორ ეხუტებოდნენ და ათბობდნენ ერთმანეთს, პატარა, ჩაბნელებულ მიწურში, როგორ აგროვებდნენ ფიჩხს, როგორ იზოგავდნენ ფქვილს, მამის დაბრუნებამდე რომ არ გამოლეოდათ. მერე მოულოდნელად როგორ მოვიდა დიდი თოვლი და როგორ დასტიროდნენ მამას, რომელიც უკვე დაკარგული ეგონათ. ერთი ღორი ჰყოლიათ, ზომხასთვის შემონახული და ერთ ღამეს ვიღაცას მოუპარავს. დილით გამოკიდებიან თოვაში ნაკვალევს. ისე საწაულად ყვებოდა, როგორ თანდათან იფარებოდა თოვლით ნაკვალევი და ნაკვალევთან ერთად როგორ ქრებოდა მათი ყველა იმედი. სულ სიტყვასიტყვით მახსოვს. მაშინ რას წარმოიდგენდა ის ცხონებული,  ასეთი უცნაური მსმენელი თუ ჰყავდა, მართლა რას წარმოიდგენდა?!

 

1 2 3 4 5 6 7 8