* * * *

 

წერ და გრძნობ თუ რა მძიმე წასაკითხი იქნება შენთვისვე, რა გულის გამგლეჯი, მაგრამ ამავე დროს რა ძალიან ნამდვილი. ეს ალბათ ყველაზე ცხოველი შეგრძნებაა, რაც კი ოდესმე განმიცდია. მოკლედ, სამუშაოდან წამოსული, სახლთან, სკვერში ჩამოვჯექი სიგარეტის მოსაწევად (სიარულის დროს ვერ ვეწევი). მოპირდაპირედ ხანშიშესული ცოლ-ქმარი იჯდა, იქვე, კარგად მოვლილი, ჩასუქებული ბებერი ძაღლი იყო გაშოტილი.  ძალიან ცხელოდა, ენაგამოგდებული ძაღლი მძიმედ სუნთქავდა, ამ სუნთქვის ხმამ რაღაც უსაშინლესი განცდა დამიტოვა, იმ წუთას ვერანაირად ვერ მივხვდი რატომ. წამოვდექი, გავერიდე. რაღაც ისე დამაწვა, ისე დამიმძიმა სხეული, ნაბიჯებს ძლივს ვადგამდი. სახლში შესულს უცებ ტორნადოსავით დამატყდა საშინელი მოგონება და 23 წლის წინ მომხდარმა ამბავმა გამიტაცა. არადა კარგი უნდა ყოფილიყო ის აპრილის თექვსმეტი..  ვეება, ბებერი, ტოტებხავსიანი და ფითრით დაფარული აყვავებული მსხლებით, მთელი სოფლის გაყოლებაზე, ყანებში გაშლილი ნაკელის მძაფრი ოხშივრით, აყვავებული ხეხილის სურნელს რომ ნთქავდა. შუა სოფელში მამიდაჩემის სახლი, სადაც მთელი სოფლის ახალგაზრდობა ერთ დიდ ოთახში შეყრილიყო. ყველა თავდახრილი იდგა. იმ შემზარავ, სამარისებურ სიჩუმეში მხოლოდ ოცდაოთხი წლის ბიჭის მძიმე სუნთქვა ისმოდა, რომელიც სულს ებრძოდა, ეს ხმა ისე კუმშავდა და ავიწროვებდა ოთახის  სივრცეს, თითქოს ტანზე დრო ანაკონდასავით შემოგეხვია და გგუდავსო. და აი, ის გაბმული “შშუუ….შშუუუ…შშშუ…შშშ… და მორჩა, გათავდა, შეწყდა. უფროსებმა ერთი გადახედეს ერთმანეთს, მერე ერთმა თვალები დაუხუჭა და უცებ ყველა მხრიდან ერთდროულად ამოსკდა – ის ხმები, კივილი, ღრიალი, მოთქმა, მიცვალებულის ძმის არამიწიერმა გმინვამ გადაფარა. არ ვიცი, იქნებ მომეჩვენა, რომ მიცვალებულმა წამით თვალები გაახილა.. წლების მერე ძმამ მითხრა, მეც მეგონა, მომეჩვენა და აქამდე არ მითქვამსო.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8