ემიგრანტის ერთი დღე

 

უცნაური ქალაქია ბილბაო – რაღაცნაირი, ოღროჩოღრო ქუჩებით. ზოგან დამრეცი და დაბრეცილი ტროტუარებით. ახლა სადაც ვმუშაობ, ის კორპუსი ფერდობში შეჭრილ ადგილას შენდება, მეთოთხმეტე სართულის წინა აივანი მთელ ძველ ქალაქს ზემოდან გადაჰყურებს, ხოლო უკანა, ერთი დამრეცი ქუჩის ქვემოთ არის. დგახარ მეთოთხმეტე სართულის აივანზე და მანქანები შენს ზემოთ გადადიან და გადმოდიან.  სამუშაო ბლომადაა,  თუმცა, მარტო ექვს საათამდე მაქვს მუშაობის უფლება, პარასკევს კიდევ – ხუთამდე. აქაურებისთვის ეს ნორმალურია, მაგრამ როცა  გაქცევაზე ხარ, გინდა, მეტი მოასწრო, მეტი გამოიმუშაო, რომ დროზე დაბრუნდე შინ. ამას წინათ გადავწყვიტე, შაბათობით შევპარულიყავი და მემუშავა (მეტრ-კვადრატზე ვმუშაობ). უპრობლემოდ შევედი. მაღლა აივანზე რაღაცას ვუკირკიტებდი, იქვე ძველი სახლის აივნიდან (სულ ერთი ხელის გაწვდენაზე) მოხუცი ქალი გამოვიდა, მომესალმა – მკითხა, დღესაც მუშაობო? თავი დავუქნიე, გავუღიმე, “ალბათ მარტო ხარ, ხმაური რომ არ არის” – თქვა და შებრუნდა. საჭმელზე არ მიზრუნია, ვიფიქრე, შუადღემდე ვიმუშავებ და სახლში შევჭამ, მაგრამ დიდხანს შევრჩი. ჭამა არც გამხსენებია, სანამ კაფე-ბარებიდან წამოსულმა საჭმლის სუნმა არ დამახვია თავბრუ. ისე მომშივდა, სასწრაფოდ დავიწყე ტანსაცმლის გამოცვლა. იქვე, ახლოდან, რაღაც ძახილის მაგვარი ხმა მომესმა, გაბმული: …”სენიორ… სენიორ! ეი, ჩიკო…” გავიხედე –  ის ბებოა, მე მეძახის, ხელში ერთჯერად თეფშზე “ტორტილიის” ორი დიდი ნაჭერი უდევს და  მაწვდის. ისე მეუხერხულა, ისე  დავიბენი, ვერც უარი ვუთხარი, ვერც მადლობა გადავუხადე წესიერად. შემოვედი, ჩამოვჯექი და დავიწყე ჭამა. უცებ არ ვიცი რა ჯანდაბა მეტაკა, ისე ამიჩუყდა გული, ლუკმებს და ცრემლებს ერთდროულად ვყლაპავდი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8