სალვა

 

ბილბაოს გარეუბანში ერთი ტავერნაა, ყოველთვის ვაკითხავ ხოლმე, როცა იქით მიწევს გავლა. ძალიან პოეტური გარემოა, მიუხედავად იმისა, რომ პოეტის გარდა ყველას ნახავ მანდ. ტავერნის წინ დაბალი თუთების პატარა ხეივანია, დიდი მოედნის მხარეს, ეს თუთები ისე მრგვალად არის გასხლული, გაკრეჭილი და ისეთ წვრილ საძირეზეა, შორიდან ჰაერში გამოკიდებული ბუჩქები გეგონება. თუთებზე ვაზივით ჩემთვის უცხო ხვიარაა გასული, ყურძნის დიდი მტევნებივით რომ კიდია ყვავილები. ყურძნის მტევნების ზუსტი ფორმის, ღია ლურჯი ფერის, თავბრუდამხვევად სურნელოვანი, მაგრამ ამ ყველაფერს მაშინ იგრძნობ თუ მუშაობის საათებში შეივლი, როცა აქა-იქ კანტი-კუნტად არის ხალხი. სხვა დროს კი, დასვენების დღეებში, ან, ფიესტებზე, ისეთი აურზაური, ყაყანი და ჯგლეთაა…. ეგ კიდევ არაფერი, აი, ერთმანეთში არეული სხვა და სხვა ალკოჰოლური სასმელის სუნი კი, საერთოდ ასამარებდა ამ, ასე რომ ვთქვათ, “რომანტიკულ გარემოს”. ტყეებში ხეტიალით გასავათებულმა შევიარე ერთ დღეს, ფორთოხლის წვენი შევუკვეთე, თუმცა ბარმენმა ჩემი დანახვისთანავე, ლუდის ჭიქა მოიმარჯვა, რადგან მანამდე სულ ლუდს ვუკვეთავდი. ორი ხამონიანი “პინჩო” გადავიღე თეფშზე და კუთხეში შევიყუჟე. ხალხი ცოტა იყო. მოშორებით, პლასტმასის მაგიდასთან მჯდარ შუახანს გადაცილებულ კაცს მივაშტერდი, არა იმიტომ, რომ მთელი სხეული უცახცახებდა და შავი ღვინით სანახევროდ ავსებულ მაღალ ფუჟერში საწრუპი ჩაედოთ, რადგან ერთიანად აკანკალებული ხელებით შეუძლებელი იყო, ჭიქა ისე დაეჭირა, სასმელი არ დაქცეოდა. (თავსაც ისე აქენავებდა აქეთ-იქეთ, პირს ძლივს ახვედრებდა საწრუპს, ტანჯვა იყო მისი ყურება) თითქოს საიდანღაც მეცნობოდა, მომეჩვენა რომ ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, დავფიქრდი და გამეცინა, საიდან უნდა მცნობოდა, ალბათ აქ ვხედავდი ხოლმე და დამამახსოვრდა, აკი, თავადაც მომაშტერდა, თან, თითქოს მიღიმოდა კიდეც. თავი დავუქნიე, მივესალმე, ძალიან გაუხარდა, შევატყვე, რაღაცნაირად გამოცოცხლდა, აწრიალდა. “მაგარი ჩაბრატებულებივით კი ვესალმებით ერთმანეთს” – გავიფიქრე, – “საწყალი, ნეტავ ვინ არის? ვინ უვლის?”
გავიდა რამდენიმე თვე. ცხადია, ეს ამბავი აღარ გამხსენებია, მეორე დღესვე დამავიწყდა, ერთ დღეს ხუანხოს ვკითხე (ჩვენი ემპრესის პრარაბს), უფრო ალბათ დროის გასაყვანად.. დიდად არც მაინტერესებდა, თუ სად წავიდნენ ის ჩვენი ნაცნობები,  ადრე რომ ამ ემპრესაში მუშაობდნენ, მანქანით ვმგზავრობდით ხოლმე  ერთად.  ისიც თითქოს სულზე ელოდა  ჩემ  შეკითხვას – ჩაირთო მარა, რა ჩაირთო. თან ისე მიყვება, თითქოს ცხელი კარტოფილი აქვს პირში, – ჩათუთქული სიტყვებით. ერთი პირობა, ვინანე..  ის რას შემატყობს, ისეთ აზარტში შესული.. ის რუმინელი ბიჭები, ისე-ასეო, ის მეორე ხუანხო, იქაო, გორკა და ოსკარი საერთოდ სხვა ხელობაზე მუშაობენო, სალვას კიდე…. მე აღარ ვუსმენ უკვე, ფანჯარაში ვიხედები, სოფლებს და ყანებს გავყურებ, მაგრამ სალვაზე შევცბი, უცებ რაღაცამ დამკრა თავში.
-რა თქვი, სალვას რა დაემართაო?
-ჰააა კარგად გახსოვს ხო სალვა?… იცინის
-როგორ არ მახსოვს, თითქმის ნახევარი წელი ერთად ვმუშაობდით ვიტორიაში, ყოველ დღე ერთად ვიყავით…
-პარკინსონი დაემართა.

 

1 2 3 4 5 6 7 8