ქოლგა

 

ერთ თვეში უკვე მესამედ დავკარგე, არადა, გაფიქრებაც კი, რომ ამ უსაშველოდ წვიმიან ქალაქში ქოლგის გარეშემო მიწევს სიარული – საშინელ დისკომფორტს მიქმნის. გამოდარებას ვინ ჩივა, ერთი საათითაც თუ გადაიღებს,  ესეც დიდი შვებაა. ასე გრძელდება კვირეები, თვეებიც კი, მაინც საიდან ამდენი ნალექი? მე კი, მესამე ქოლგა დავკარგე. კარგად მახსოვს, ერთი ფოსტაში დამრჩა, როცა მივბრუნდი, აღარ დამხვდა. მეორე – ორმოცდამეთვრამეტე ნომერ ავტობუსში. მესამე მომპარეს. დიახ, კაფეში ვიჯექი, სიგარეტის მოსაწევად გარეთ გავედი და როგორც მერე გავარკვიე, იქ მსხდომმა ცოლ-ქმარმა მითხრა, ვიღაც ბოშა ქალს აუცანცლავს. არადა, კარგი ქოლგა არც ისე იაფი ღირს, ოცი ევრო მაინც ჯდება, ჩინელებში ბევრად იაფია, მაგრამ რად გინდა, ქარის ოდნავი დაბერვაც საკმარისია (ქარი კი სულ უბერავს), რომ ჩიტის გადამსხვრეული წვივებივით საპირისპირო მხარეს იღუნება მისი წვრილი სამაგრები. დღისით ხომ ასე მაწვალებს, ღამე კი უდიდესი შვებაა წვიმა ჩემთვის. იმ პატარა ოთახში, რომელიც კოლუმბიელებისგან ვიქირავე, ბილბაოს ცენტრში, ერთ ძველ, დიდ სახლში, ხმაური ყველა მხრიდან აღწევს, თითქოს კედელი კი არა ფარდები გვყოფს. ზედა სართულზე ვიღაც ქალი რამდენჯერაც საპირფარეშოში შედის, ისეთი ხმა მესმის, თითქოს წვიმის შრიალმა იმატა, მაგრამ უცებ გონს ვეგები და საბანს თავზეც ვიფარებ, მცირედი ჩქამიც ისე აღწევს ჩემამდე, მგონია ბოლო წვეთი ყურის ბიბილოზე დამეცემა. მერე კიდევ იმ პატარა ოთახის ფანჯარაში, რომელიც კორპუსის შუაში დარჩენილ დიდ სივცეს გადაჰყურებს, სადაც სარეცხს ფენენ, სადაც ოთხივე მხრიდან ოცდაათი მეტრის სიმაღლეზე აღმართული  ფანჯრებიანი კედლებია, სულ მცირედი გაფაჩუნებაც კი ხმაურად ისმის. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ რომ დაძინებას ცდილობ და ერთგან ვიღაც ახველებს მთელ ხმაზე, გაბმულად, ვიღაც ჭურჭელს რეცხავს სამზარეულოში, ისე რეცხავს, გგონია, ვიღაცაზე გულმოსულია და ჭურჭელზე იყრის ჯავრსო.. ქშენა და კვნესა კიდევ  ერთდროულად…  ერთი ქალი კი ყოველ საღამოს, ზუსტად  თერთმეტ საათზე იწყებს ძაღლის გაწვრთნას. გაბმულად, მთელ ხმაზე გაჰკივის “ასე არა, ასე არა, გადაბრუნდი, ადექი, ადექი, ახლა მოიტანე, ყოჩაააღ, კარგიააა!”…  და რამხელა ბედნიერებაა ამ დროს თავსხმა  წვიმა, დელგმა,  თავისი ჭექა-ქუხილით.., საერთოდაც,  მეორედ მოსვლის  მოლოდინი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8