* * * *

 

უცნაურია! იმ საყოველთაო სიდუხჭირეში რომ ბევრად უფრო მკაცრი და გაუსაძლისი ზამთარი იცოდა. რა ცივად მცრიდა ხოლმე ტანში, მთელი დღეები, თოვლით ამოგმანულ, ჩაბნელებულ ფანჯრებს რომ ვუყურებდი. ეზოდანაც კი ძაღლის ყეფა თუ მამლის ყივილი, ისე ყრუდ აღწევდა შიგნით, მეგონა მეზობელ სოფლიდან ისმოდა. იმ უშუქობაში, ნავთსაც იზოგავდნენ უფროსები, მარტო ღამით ანთებდნენ ლამფებს, არადა სახლში სულერთი იყო დღე იყო თუ ღამე, ერთნაირად ბნელოდა. ისევ ჩემს სიტყვებს გავიმეორებ „აი, ერთი მთიანი, ყრუ სოფელი, მანამდეც რომ ნაკლები ყურადღება ექცეოდა, უშუქობა, უგზოობა, უტრანსპორტობა, ზოგჯერ რომელიმე ნივთი თუ შეგვახსენებდა იმ ეპოქის არსებობას, რომელსაც წესით ვეკუთვნოდით.“ ზოგჯერ ისე ამერეოდა ხოლმე ერთმანეთში, მთელი დღე მეძინა, ღამე კი ვკითხულობდი, ვკითხულობდი თანამედროვე ავტორებს, რომ როგორმე შინაგანად მაინც გამეღწია ამ აუტანელი ერთფეროვნებიდან, როგორმე მეგრძნო, რომ მეც იმ ცივილიზაციის ნაწილი ვიყავი რაზეც იქ წერდნენ.

მაშინ მრავალსულიანი, მცირემიწიანი ოჯახი, მარტო სოფელზე ვიყავით დამოკიდებული, სოფლის იქით თითქოს სამშობლო კი არა რაღაც უცხო ტომებით დასახლებული მიწები იყო. შორს, ტყეში, ადრე რომ პირუტყვს ვაყენებდით, საკარტოფილე ნაკვეთმა გაამართლა, პირუტყვიც მოვამრავლეთ, მაგრამ რჩენა გაჭირდა, იმ გრძელ ზამთარში თვრამეტი სული პირუტყვი ჩვენი მიწების (სათიბების) გადამკიდეს როგორ მიგვეყვანა გაზაფხულამდე, მთიდან კიდევ ოთხი-ხუთი მარხილი თივის ჩამოტანას თუ შევძლებდით, საშინელი ადგილები იყო, საშიშიც, კედელივით აღმართულ, ალაგ კლდოვან ტევრებში ისე ვიწროდ იყო გზა გაჭრილი, მარხილის უკანა მხარეს საგამგებოდ დატოვებული თოკის დაჭერაც კი ჭირდა, რომ მოსახვევში მარხილი არ გადაბრუნებულიყო.

სხვა რა გზა იყო, სამი კაცი ვიყავით ოჯახში. შუა ზამთარში, ჩემი სახლის ახლოს რომ დიდი ღრმა ხევია, ხევის გადაღმა კი ტყე, იმ მხარეს დავიწყებდით გზის გაკვალვას, მე, მამაჩემი და ჩემი ძმა, თავდაღმართზე ნიჩბებით თოვლისგან კიბეებს ვაკეთებდით, მეორე დღეს რომ მარმარილოსავით იყო გაქვავებული, ამ გაქვავებული საფეხურების ზედაპირს, საგანგებოდ ნაჯახით ვჩეხავდით, რომ მსხვილფეხა პირუტყვის ჩლიქები როგორმე შეეკავებინა. მერე ასე ფრთხილად, წვალებით და ჯახირით მივერეკებოდით პირუტყვს. იქ გარეული თხილის, რცხილის, თუ წიფელის ტოტებს ჩამოვუსხიპავდით და ეს დამშეული პირუტყვიც, ასე დახარბებული სულ ქშენითა და ერთმანეთის ჯიკავით მიესეოდნენ და რაღაცნაირი ხმაურით ღეჭავდნენ ხის მსხვილ, ნედლ რტოებს. მე სხვა რა საქმე მქონდა, ვიდექი და პირში მივშტერებოდი, ვუყურებდი და მეც ისე მეღლებოდა ყბები, სახლში მოსული ლუკმას ძლივს ვღეჭავდი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8