სან ჰირო:

დიახ, ასეა. ამერიკამ ისეთი რამ გააკეთა, რაც მსოფლიო სამხედრო დანაშაულია. მან გამოიყენა ატომური იარაღი.  ჩვენ პატარა ერი ვართ, 127 მილიონი. მაშინ კი ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ჰიროსიმაში. ადამიანები ზეზეურად ლპებოდნენ, იფშვნებოდნენ, მათ შინაგანი ორგანოები დაუზიანდათ, გარეგნულად არაფერი ეტყობოდათ და დღემდე შესაძლებელია ამ ქიმიური მოწამვლის შედეგად გარდაიცვალოს ვინმე. ჩემი ბაბუის ძმებიც ომს შეეწირნენ. ჩვენი მეზობელი ჩინეთი, რუსეთი, და ამერიკა, რომ გავიხსენოთ, დიახ  პატარა ერი – 127 მილიონი..

ნატა:

პატარა ქვეყანა?!

სან ჰირო:

ჰოო…

ნატა:  

ჩვენ კი რუსეთს დავუპირისპირდით… სულ 3 ნახევარი მილიონი ვართ… 2018 წლის აგვისტოს ომის დროს რუსები ინტერნეტ-ფორუმებზე კამათობდნენ, მათ 16 მილიონი ვეგონეთ.

სან ჰირო:

მთავარი სულია, მამაცი სული. სამურაის სული. რაც ორივე ქვეყანას, იაპონიას და თქვენ გაქვთ.

ამერიკა ეკონომიურად დაგვეხმარა. ბევრი ახალგაზრდა სტუმრად და სტაჟირებით მანდ სწავლობდა და მერე დაბრუნდა, ქვეყანა აღაშენა. დიახ, მართალია ორ კუნძულზე რჩება ამერიკელების სამხედრო ბაზა, მაგრამ ეს ჩვენც გვაწყობს. ისინი გვიცავენ.

ნატა:  

ანუ ეს გარიგებაა?

სან ჰირო:  

კი, ასეა. ჩვენ მარტო ვერ ვიქნებით მსოფლიოში. მეზობლებს პატივს ვცემთ და თუ ის შეცდომას  და დანაშაულს აღიარებს – ვპატიობთ.

ნატა:

„შეიძლება ითქვას, რომ არსებობს სუიციდის გარკვეული ტრადიცია, არსებობს კულტურა, სადაც ყველა დიდმა მწერალმა თავი მოიკლა. მე დავასახელებ სამ დიდ მწერალს, რომელზე დიდიც იაპონურ ლიტერატურაში არავინ მეგულება. ეს ის ხალხია, მარტო იაპონელებისთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის რომ გახდნენ გასაგები: რიუნოსკე აკუტაგავა – ერთ-ერთი უდიდესი და მგონი ყველაზე ევროპული იაპონელი მწერალია; ნობელის პრემიის ლაურეატი იასუნარი კავაბატა, უზარმაზარი მწერალი; დაბოლოს, იაპონური ლიტერატურის, კინოს და საერთოდ იაპონური ცხოვრების მშვენება და უდიდესი წარმომადგენელი იუკიო მისიმა ან მისიმა, როგორც გენებოთ – სეპუკუთი დაასრულა სიცოცხლე, ჩვენებურად რომ ვთქვათ – ხარაკირით. მანვე შეძლო აღეწერა სეპუკუ, თითქმის თეატრალური თვითმკვლელობა ბრწყინვალე მოთხრობაში – „პატრიოტიზმში“, შემდეგ კი ზუსტად იგივე გაიმეორა.

როგორც ჩანს, იაპონიაში სიცოცხლესთან გამოთხოვების ხერხები სხვადასხვანაირია – აკუტაგავამ ვერონალი დალია, კავაბატამ გაზით მოიწამლა თავი, მისიმამ სეპუკუ გაიკეთა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იმ დიდი სამწერლობო გზის დასასრული იყო, რომელსაც ეს ადამიანები ადგნენ. ამ ყველაფერს ახლდა აღწერა. განსაკუთრებით აკუტაგავას შემთხვევაში დაგვრჩა უზარმაზარი სულიერი სიმდიდრე ნაჩვენები ეგზისტენციალურ, ანუ სიკვდილისწინა სიტუაციაში. ამიტომ მწერალი და მკვლელობა, მწერალი და თვითმკვლელობა ამ შემთხვევაში უბრალო რამ აღარ არის. მას თან ახლავს ისეთი ხასიათის თვითაღწერა, საკუთარ თავში იმ დონეზე ჩაღრმავება, რომელიც, როგორც წესი, პერსონაჟებისათვის ძნელი გასამეტებელია. წერს ლევან ბერძენიშვილი – „წიგნიერების ევოლუცია“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2016წ.

ქართველმა მწერალმა გურამ რჩეულიშვილმა, თავის მოთხრობაში „ მზია ბათარეკას ასული“ – მზია ბათარეკას ასულზე დაწერა, შატილში, ამ უცნაურ ციხე-ქალაქში მცხოვრები 16 წლის გოგოს სიამაყე, რომელიც მამის მიერ მის მიმართ ერთმა უსამართლო გამოხედვამ მიიყვანა საშინელ გადაწყვეტილებამდე – თავი კოშკის ბოლო სართულზე ჩამოიხრჩო. პატარა გოგოს ეს საქციელი რაღაცით ჰგავს იაპონელი მწერლების ამ უცნაურ „ტრადიციას“,

ასევე, თქვენ გაქვთ ხარაკირის  გაკეთების ტრადიცია, რომელსაც სამურაები ატარებდნენ ძირითადად.  ეს ხასიათია, ტრადიცია, ადათ-წესი თუ კიდევ სხვა რამ?!

ჰიროტაკე:

სამურაების ისტორია ეს დაუწერელი კანონებია. ყველა იაპონელი  სულიერი მდგომარეობით არის სამურაი. მთის ხალხია, სხვა ხასიათი აქვთ.

გარდა ამისა, ტრადიციები და ადათ-წესები, როგორც სხვა აღმოსავლეთ ხალხის კულტურაში, იაპონიაშიც სხვა ყურადღების ღირსია.

მაგალითად, ოჯახის ტრადიცია.

თუნდაც, აი, მაგალითად სტუმარ-მასპინძლობა. ეს იაპონელებს სისხლში აქვთ, მაგრამ სახლში სტუმრის მიღება მაინც არ იყო მისაღები, მხოლოდ სისხლით ნათესავებს შეეძლოთ ოჯახებში სტუმრობა. თუმცა დღეს ჩემი ასაკის ადამიანები სახლში იშვიათად აღარ იღებენ სტუმრებს. ჩემმა მეუღლემ ისე შეიყვარა ქართველები, ჩვენ დღეს სახლში ვიღებთ სტუმრებს და როცა იაპონიაში ჩამოდიან ჩემი ახლო მეგობრები მე მათ სახლში ვეპატიჟები.

ჩემი დიდი ბაბუა, ბებიაჩემის მამა, მე-19 საუკუნეში იყო დაბადებული.

ახალ წელს, მასთან სახლში ორმოცდაათამდე ნათესავი ვიკრიბებოდით და ერთად აღვნიშნავდით დღესასწაულს. იაპონელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ ახალ წელს.

ბაბუა, დედის მამა კი ჩემი გამზრდელია. მან 15 წლის რომ გავხდი, ორი კვირით ამერიკაში წამიყვანა. ქვეყანა უნდა ნახოსო, – მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა და სიძე ომში იაპონია-ამერიკის ომში დაღუპულნი იყვნენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10