ნატა ვარადა:

ჰიროტაკე, ენა და ანბანი ქვეყნის კულტურის მთავარი მამოძრავებელი ღერძია. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ბევრ რამეს უამბობს თავად ენის ისტორია. ქართული ანბანი სავარაუდოდ ჩვ.წ.მდე III ს-ში შეიქმნა საქართველოს მეფის, ფარნავაზ I -ის მიერ. თავდაპირველად ქართულ ანბანში (ასომთავრულსა და  ნუსხურში) 38 ასო იყო, თანამედროვე მხედრულიდან კი ამოღებულია 5 ასო: ჱ (ჰე), ჲ (იოტა), ჳ (ვიე), ჴ (ხარი) და ჵ(ჰოე), რომლებიც დღევანდელ ქართულში აღარ გამოიყენება. დღეს ქართულში 33 ასოა, რომელთაგან 28 თანხმოვანია, 5 ხმოვანი. დღევანდელ ქართულ ანბანში არ არის დიდი და პატარა ასოები, თუმცა ნუსხურში იყენებდნენ მთავრულ ასოებს. მათ ახალი აბზაცის თავში წერდნენ და ცდილობდნენ რომ ყველასგან ლამაზად დაეწერათ.  საქართველოს სამი დამწერლობის ნიმუში აქვს (ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული), ხოლო ისტორიაში ჯერ კიდევ შესასწავლია წინაანბანური ისტორია, დამწერლობა, რომელიც უძველესია და ჯერ კიდევ გამოკვლევებს ელოდება. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს გარკლიანის გორაზე უძველესი ქურუმების დამწერლობით ამოტვიფრული ასოები, რომელიც სავარაუდოდ შელოცვას უნდა ნიშნავდეს. გვაქვს ასევე ხევსურული წერაქვული დამწერლობა, რომელიც კოსმიურ რუკებად მოიაზრება და ჩამოჰგავს იაპონურ იეროგლიფებს.   

ძველ კოლხებს, რომლებიც ქართველების წინაპრებად მოიაზრებიან, ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსები მიაწერდნენ ვარსკვლავური რუკებისა და სხვა საიდუმლო ცოდნას. ისინი წერდნენ, რომ კოლხებს ჰქონდათ მაღალი კოშკები, სადაც ჰქონდათ ჩანაწერები, რომლის წაკითხვა ყველას არ შეეძლო, მხოლოდ განსაკუთრებულ კასტას ქურუმებისას.

იაპონიის ანბანისა და ენის შესახებ, ცოტა რომ მოგვითხროთ, ის დეტალები, რომელიც თქვენთვისაც საინტერესოა?!

სან ჰიროტაკე:

იაპონური ენა დამოუკიდებელი ენაა, როგორც ქართული. თანხმოვანი ცალკე არაა და ყოველთვის ხმოვანთან ერთად წარმოადგენს გამოთქმას, ეს ქართული, და სხვა ენებთან ძალიან განსხვავდება. დამწერლობა და იეროგლიფები კი ჩინეთიდან შემოვიდა და ძალიან ძველია.  ჩვენ კუნძულზე ვცხოვრობთ და გეოგრაფიული მდგომარეობაა ისეთი, რომ ვცხოვრობთ ჩაკეტილი ცხოვრებით. ნაკლები ურთიერთობებია დედამიწის დანარჩენ კუთხეებთან… ორნაირი იაპონური ანბანიც გვაქვს. იაპონიაში ერთი იეროგლიფი შესაძლოა სხვადასხვა სიტყვის მნიშვნელობით დაიწეროს, გააჩნია კონტექსტს, გააჩნია ვითარებას.  იაპონელებმა ეს ჩვენებურად მოვირგეთ. ასე რომ ძალიან რთული სისტემაა ჩვენი დამწერლობა.

ნატა:

იაპონური კულტურა – კინო, ლიტერატურა, პოეზია – ქართულ კულტურას ჰგავს.

როგორც ვიცით, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებმა იაპონელ ხალხში განსაკუთრებული მოწონება და სიყვარული მოიპოვა, ასევე გოდერძი ჩოხელის კინო ენამ, მისმა დამოკიდებულებამ ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრებაზე.

ვაჟას შესახებ ლექციებს, როგორც აქ ჩვენთან, იაპონიაშიც ატარებ იაპონელი სტუდენტებისთვის.

საინტერესოა შენი თვალით დანახული ვაჟა, მისი თემები, მისი პერსონაჟები..

„გველისმჭამელი:, „ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“ და სხვა…

დიდი იაპონელი რეჟისორის აკირა კუროსავას ფილმებიც თავისი დრამატურგიითა თუ შინაარსით, ახლოს დგას ქართველი გენიალური რეჟისორების გოდერძი ჩოხელისა და თენგიზ აბულაძის კინო-მსოფლხედველობასთან.

ჩვენთან მაღალმთიანეთში, თუშეთსა და სვანეთში, აფხაზეთში არსებობს ასეთი მითოლოგიური წარმოდგენები – დემონებსა და არამიწიერ არსებებზე. მაგალითად, თებჟორიკა თუშების პატარა ქალ-დემონია, სვანებს ქალღმერთი ოქროსთმიანი დალი ჰყავთ, რომელიც ნადირობის მფარველია, ხოლო აფხაზებს აქვთ საინტერესო მითი მესეფენზე. ზღვის და წყლის ადამიანებზე, რომლებიც პატარები არიან და ზაფხულობით მთებში ცხოვრობენ და საქონელს ამრავლებენ, ხოლო ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის პირველ სამ რიცხვისთვის უკან ზღვაში ჩადიან.

დემონების თემა იაპონურ ანიმეებშიც არის ასახული. საერთოდ, დემონები იაპონელ ხალხს ყოველდღიურობაშიც სწამთ.

კუროსავას ფილმში „სიზმრები“, ასახულია სოფლისა და დღევანდელობის, თანამედროვე სხვა პრობლემები. მაგ.: ჰაერის დაბინძურება, ომი, მიგრაცია, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა. როგორც ჩანს, ეს გლობალური პრობლემებია, რომელიც ყველას, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი ეხება და ვერ გაექცევა. ბუნებას ადამიანი, როდესაც უპირისპირდება ყოველთვის ადამიანი გამოდის დამარცხებული.  ჩვენთან, განსაკუთრებით კი თბილისში ეს უკვე კარგად და თვალნათლივ არის ასახული. ეკოლოგიის საფრთხის გარშემო, ალბათ, უნდა გაერთიადნენ მსოფლიო ადამიანები.

აქვე, გკითხავთ სოფლის მეურნეობის რომელი დარგია იაპონიაში უფრო მეტად განვითარებული, ჩემი აზრით ეს ჩაია, რადგან ჩაის რიტუალს თითქმის კულტურული ღირებულება აქვს თქვენთვის, ისევე როგორც ჩვენთან ვაზს და ღვინოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10