ნინო დარბაისელის სიუპრიზი წერილი:

ჰიროტაკე – მოწაფე,

ჰიროტაკე – მასწავლებელი ანუ ჩემი „იაპონელი სამურავი“

წარმოიდგინეთ გასული საუკუნის 90- იანების დასაწყისის ჩაწყვდიადებული თბილისი! მე თავად არ მჯერა, ახლა რომ ვიხსენებ, რომ ყოველდღე შორიდან ფეხით დავდიოდი სამსახურში – თავისუფლების მოედანთან, ,,კავკასიურ სახლში, თან არ ვიგვიანებდი და ამაზე საოცარი ის იყო, რომ უკვე იქ მხვდებოდნენ თანაშრომლები, რომელნიც ჩემზე შორიდან მოდიოდნენ. დიდ დარბაზში რომელშიც ლამის ყოველდღე იმართებოდა სხვადასხვაგვარი ხალხმრავალი ღონისძიებები, ერთი შეშის ფეჩი გვედგა, იმას ვეფიცხებოდით. ანთება-შეკეთებაში ყველანი ერთმანეთზე მეტად ვიყავით დაოსტატებულნი, მურიან ხელებს თავიდან გულმოდგინეთ ვიბანდით, ხელის ლოსიონიც არ გვავიწყდებოდა, მერე ამასაც მივეჩვიეთ. ცოტათი გამურული სიარული მაშინ სირცხვილის კი არა, ლამის თავისებური სიამაყის საბაბი იყო, ესე იგი, შენ, დანარჩენი ,,გაუმურავებისგან” განსხვავებით, სადღაც თბილი მისაყუჟი გაგაჩნდა. (ამხელა ამბით უმიზეზოდ როდი ვიწყებ თხრობას, ცოტა ქვემოთ გეტყვით, რაში მჭირდება) და აი, ერთ დღეს ნაირა გელაშვილმა გამოგვიცხადა, რომ იაპონიიდან ქართულის შესასწავლად ერთი ახალგაზრდა ჩამოდის. მერე რაკი იმ დროისთვის უკვე ქართული ენის სწავლების მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მქონდა, მითხრა, ძირითადი მასწავლებელი შენ იქნები, დანარჩენებიც დაგეხმარებითო. იმ დროს ,,კავკასიურ სახლში” კავკასიის ხალხთა ენებიც ისწავლებოდა, დასავლეთ ევროპულიც, არც უცხოელი სტუდენტები გვაკლდა, მაგრამ მთლად იაპონელი, პირადად მე რეალურ ცხოვრებაში პირველად უნდა მენახა, თან ქართული უნდა მესწავლებინა… რა ენაზე უნდა გვეურთიერთა? რუსული – მე ვიცოდი, მან – არა, ინგლისური – დაახლოებით ერთნაირად, ანუ მან – უკეთ. პირველ შეხვედრამდე ორი კვირა მქონდა. რაც შემეძლო და მოიპოვებოდა იმ დროს, ყველაფერი წავიკითხე და გავიკითხ-გამოვიკითხე იაპონიაზე. რასაკვირველია, იაპონელი სამურაის ფენომენის შესახებ ყველაზე მეტს ვსაუბრობდით. ახლა რომ ,,გაგუგლავ” და სამ წუთში ყველაზე ყველაფერს გაიგებ, მაშინ ასე არ იყო, ოთხსაათიან უწყვეტ შუქს დანატრებულნი ამას ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდით. მოკლედ, პირველმა მღელვარე გაკვეთილებმა გადაიარა, ვსხედვართ მე და ჰიროტაკე, მყუდროდ ფეჩთან, ვმეცადინეობთ, გაიღო კარი, შემოიხედა ზეზვა მედულაშვილმა, მოგვესალმა და თავისი კახურით ჩაილაპარაკა: ,,ნინოს აქა თავისი იაპონელი სამურავი ჰყოლიაო” და გავიდა. (კალამბურიცარდაახანა) ეგრეც გაუვრცელდა და შერჩა ჰიროტაკეს ზურგსუკანა სახელი ,,ნინოს იაპონელი სამურავი”. მაშინ არ მითარგმნია მისთვის. ძნელია იუმორის თარგმნა დამწყებისათვის. დავპირდი კია.ახლა ისე იცის ქართული, ნიუანსებამდე ხვდება გადაკრულ სიტყვასაც. რა უნდა ვთქვა ჰიროტაკეზე, როგორც მოწაფეზე, ნებისმიერქართველ მასწავლებელს ჩააგდებდა შოკში იაპონელი მოწაფის ნიჭიერება და გულმოდგინება და მე გამონაკლისი როგორ ვიქნებოდი! საოცარი უფრო ის იყო, რომ საკმაოდ შეზღუდულნი ვიყავით დროში, ქართულ ზმნას რამდენი მუშაობა სჭირდება, რამდენ დავალებას ვაძლევდი და გაკვეთილის მერე, მთელი დღე ქართველ ტოლ-სწორებს არაფერში აკლდებოდა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ღამე დასაძინებლად ექვსი საათი ძლივს ჰქონდა დარჩენილი, მეორე დილას გაკვეთილს ბოდიშით იწყებდა, კარგად ვერ მოვასწარი მეცადინეობაო, დავიწყებდით მეცადინეობას და თითქოს ორი ჰიროტაკე არსებობდა და ერთი რომ ერთობოდა, მეორეს მთელ იმ დროს წიგნიდან თავიც არ აუწევია. მე ჩემი ,,იაპონელი სამურავისთვის” ქართული უნდა მესწავლებინა, თავი არ დამიზოგავს და როგორც შევძელი – შევძელი, მაგრამ მან არანაკლებ მნიშვნელოვანი გაკვეთილები მაჩუქა. ძნელი დრო იყო, სხვებივით მეც მრავალმხრივ ვიყავი დეზორიენტირებული, კარგსა და ცუდს ვეღარ ვარჩევდი. უპასუხისმგებლობა და თავისუფლება – ერთად და იმავედ მეჩვენებოდა…რამდენი რამ ჩამოვთვალო. ჩემს არსებაში არის ღირებულებათა რაღაც, მყარი ნაწილი, რომელიც მან შემძინა, ყველაფერს ახლა და საჯაროდ ვერ მოვყვები, მაგრამ ალბათ როდესმე, რაიმე მხატვრული ფორმით დავწერ, ახლა ჩემი შვილის, თეონა ჩეფმენისა და ჩემი საყვარელი მოგონებით შემოვიფარგლები. ერთხელ თეონამ ჰიროტაკეს უთხრა, ხვალ მათემატიკის ბოლო საკონტროლო მაქვს და მეშინია, ნიშანი არ გავიფუჭო, დარწმუნებული არა ვარ საკუთარ თავში და შეიძლება, გადავიწეროო. ჩვეულებრივი, ჩვენებური, მოწაფური ამბავია, არა? ჰიროტაკემ კი რამდენი დრო დაუთმო, რომ აეხსნა. ესე იგი, მასწავლებელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომ შენთვის კარგად ესწავლებინა. ხვალ შენ მისი ცუდი მუშაობის გამო უნდა ცუდად უნდა მოიქცე, მოიტყუო, დამალო, რომ მან ვერ გასწავლა, მერე ეს მან უნდა შეგიფასოს და იმ დანაშაულში, რომლის ჩადენაც გაიძულა, ნიშანი დაგიწეროს?! როცა რამეს ვერ გაიგებ, იმდენჯერ ჰკითხე მასწავლებელს, რამდენჯერაც გჭირდება. თეონამაც დაუჯერა და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჰყავდა მასწავლებლები!

ძალიან გამომადგა ეს გაკვეთილი მეც. როგორც დედას – შვილზე, მეც ჰიროტაკეზე ფიქრი და ლაპარაკი არ მომწყინდება, მაგრამ სმენელმა რა დააშავა! ამიტომ აქ შევჩერდები.დასასრულ, ვიტყვი: საყვარელი მოწაფეები, როგორც ყველა მასწავლებელს მეც მყოლია, მშობლიური ზრუნვაც არ დამნანებია, როცა საჭირო იყო და შემეძლო, მაგრამ ჰიროტაკეს გარდა შვილად არცერთი არ მიმიღია. ჩვენი დედაშვილობა დღემდე გრძელდება. თვალი და გული მუდამ მიპყრობილი მაქვს მისკენ და ვხარობ, რომ საქართველომ ჰიროტაკეს სახით ასეთი დიდი ქომაგი შეიძინა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10