საქართველო-იაპონიის კულტურული არეალი – როგორც კულტურულად მონათესავე სულები

ჰიროტაკე მაედა ( 前田弘毅 )  ტოკიოს მეტროპოლიტენ-უნივერსიტეტის ასოცირებული სრული პროფესორი, იაპონელი ისტორიკოსი, ირანისტი, კვაკასიოლოგი, ქართველოლოგი.


ჰიროტაკე მაედას ესაუბრება ნატა ვარადა:

სან  ჰიროტაკე,  დიდი მადლობა რომ დამითმეთ დრო და ეს საუბარი ჩვენს შორის შედგა.

საქართველო თქვენთვის თითქმის მეორე სამშობლოა, თქვენი ჩვენდამი დამოკიდებულება და სიყვარული ძალიან გულგასახარია და მეგობრობის ფასი, ვინ ვინ და ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებით იცის და აფასებს.

როდის გაიგეთ პირველად საქართველოს შესახებ და პირველ რიგში, რა იყო ის, რამაც დაგაინტერესათ და შეგაყვარათ?!

 

მცირე ბიოგრაფიული  გადახვევა:

1971 წელს დაიბადა ქ. ტოკიოში, ახლა 47  წლისაა.

საქართველოთი ბავშვობიდან დაინტერესდა, ცნობილი იაპონური გადაცემა იყო „აბრეშუმის გზა“ (The Silk Route), ძველი ტრადიციული ქვეყნებით დაინტერესებულთათვის და იქედან შეიტყო ამ ულამაზესი ქვეყნის არსებობის შესახებ.

1990 წლების დასაწყისში ქართული და კავკასიური ფილმების ფესტივალიდან ბევრად მეტი გაიგო საქართველოსა და კავკასიის შესახებ, კერძოდ კი თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, „ნატვრის ხე“, შენგელაიების „ფიროსმანი“, „ცისფერი მთები“, იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელი“, ფარაჯანოვის „საიათნოვა“.

საქართველო მისთვის გახდა ძალიან ლამაზი ლოკაცია, სრულიად უცნობი იაპონიისთვის.

პროფესიით ახლო აღმოსავლეთმცოდნეა, ეს დარგი განვითარებულია იაპონიაში. სერიოზული მუშაობა დაიწყო ქართველებისა და კავკასიელების ისტორიული მოღვაწეობის შესასწავლად ახლო აღმოსავლეთში, ასევე საქართველოსა და კავკასიის ისტორიაზე მუშაობას შეუდგა.

1995 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, 2006 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი (ტოკიოს უნივერსიტეტი).

1995 წელს სექტემბერში პირველად ჩამოვიდა საქართველოში, სამ თვეში ელემენტარული ქართული შეისწავლა, ჰიროტაკე მაედას მასწავლებელი იყო პოეტი, ქალბატონი ნინო დარბაისელი, ერთად კითხლობდნენ გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს.

მას შემდეგ, საქართველოში 1998 წელს იმყოფებოდა, მერე  ჩამოვიდა 1999-2001 წლებში, ამის შემდეგ კი ყოველ წელიწადში სამ-ოთხჯერ ჩამოდის საქართველოში.

 

სან ჰიროტაკე:

1971 წლის მაისში, ტოკიოში დავიბადე. ბავშვობაში რამდენჯერმე შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი და ცოტა ხანი ოსაკაშიც ვცხოვრობდი. მამა ბანკში მუშაობდა და, როგორც მაშინდელი წესი იყო, დედაჩემმა, მე და ჩემი და-ძმა სახლში გაგვზარდა. ჩვენთან არის ასეთი ნათქვამი: მამამ ზურგი აჩვენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამის მაგალითზე ბავშვებმა შეისწავლონ ტრადიცია, წესები, საერთოდ, სამუშაოსა და ცხოვრების მიმართ სერიოზული დამოკიდებულება. დედამ კი შვილი სახლში გაზარდოს. ეს ტიპური საშუალო ოჯახის წესია.  

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10