მაშინ, როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, 95-96 წლების თბილისში სოციალურად და ეკონომიურად უჭირდათ ადამიანებს, მაგრამ მეცნიერება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, ასევე,  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქართულმა კულტურამ, ისტორიამ და ადამიანების სტუმარ-მასპინძლობის სიყვარულმა. თავიდან ნაირა გელაშვილთან მივედი ქართული ენის შესასწავლად, სადაც გავიცანი პოეტი ნინო დარბაისელი, შემდეგ ჩემი ქართულის მასწავლებელი გახდა ნინო, ოღონდ გალაკტიონის პოეზიით ვსწავლობდი ქართულს. თარგმნილი მაქვს იაპონურ ენაზე გალაკტიონის ლექსები („მთვარის ნაამბობიდან“, რომელსაც უკავშირდება იაპონელი მწერალი ფუსაო ჰაიაში საკუთარი ლექსით).

პირველი სიტყვები რაც ქართულად ვისწავლე – მოვიდა და წავიდაა… როცა შუქი მოდიოდა მთელი ეზო, დიდები და პატარები ერთ ხმაში ხმამაღლა იძახდნენ: შუქი მოვიდააა..ერთი საათი იყო დენი გრაფიკით და მოგვიანებით კი ისმოდა: შუქი წავიდააა..

უცნაურია, სულ პირველად თბილისში სწორედ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სოლოლაკში ვცხოვრობდი. იტალიურ ეზოში მეზობლებთან ერთად საინტერესო საღამოებს ერთად ვატარებდით. სწორედ, მაშინ კარგად და ახლოს გავიცანი ქართველი ადამიანები და ქართული ენაც, ასევე  ქართული ტრადიციები.

ბიძაჩემი მოსკოვში ცნობილი იაპონელი ჟურნალისტი გახლდათ. სამი თვე იყო გასული რაც არ გვენახა ერთმანეთი. მაშინ ცენტრალური ფოსტა არსებობდა მხოლოდ საკომუნიკაციოდ უცხოეთში მცხოვრებლებთან, რუსთაველზე უნდა გასულიყავი და იქ, დიდ რიგში მდგარიყავი, რომ 15 წუთი დაგერეკა იაპონიაში. ბიძაჩემმა ინტერვიუ მოიფიქრა ედუარდ შევარდნაძესთან, მოსკოვიდან გადმოფრინდა და ჯერ მე მნახა, მერე კი ჩაწერა ინტერვიუ პრეზიდენტთან. ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს და გვიყვარს ერთმანეთი. ოჯახის პატივისცემა იაპონელს სისხლში აქვს გამჯდარი.

საქართველოში ბევრი ახალგაზრდა მეგობარი გამიჩნდა. მახსოვს ბევრსაც ვმოგზაურობდით თბილისსა და მის ახლო-მახლოს 95-96 წლებში, როცა არც თუ ისე კარგი დრო იყო. ზუსტად მაგ წლებში, როცა  უშუქობისას ხშირად ჩერდებოდა მატარებელი, ქრებოდა შუქი და თუმცა გარშემო ადამიანები იყვნენ საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველები. ერთხელ, ერთი ასაკოვანი ქალი დაგვემგზავრა, ამილახვრების ციხიდან მოვდიოდით. გამარჯობა რომ ვუთხარი, ისე გაუხარდა, მთელი ვაშლი მაჩუქა, რაც ჰქონდა… ცუდი დრო იყო, მაგრამ ასეთი სიკეთეებით მაინც კარგად მახსენდება.

თენგიზ მირზაშვილთან, შურა გვახარიასთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან, ანზორ ერქომაიშვილთან და ბევრ სხვა გამოჩენილ ქართველებთან ვმეგობრობდი. მათი მადლობელი ვარ. ბატონმა თამაზ გამყრელიძემ თბილისში სტაჟირების საშუალება მომცა. ცნობილ ისტორიკოსებთან მარიამ ლორთქიფანიძესთან, ნოდარ ლომოურთან, ოთარ ჯაფარიძესთან, ოთარ ლორთქიფანიძეთან დავდიოდი. ბატონი როინ მეტრეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი – გახლდათ ჩემი წიგნის რედაქტორი.

მიყვარს ძველი თბილისი, საქართველოს მთისა და ბარის ბუნება… თენგიზ მირზაშვილი ჩემი უსაყვარლესი მხატვარია და ვამაყობ იმით, რომ მასთან შეხვედრა მოვასწარი. ასევე ერლომ ახვლედიანის იუმორი და სევდიანი ნათქვამი მიყვარს და მახსოვს. მისი ცნობილი ნაწარმოები „ვანო და ნიკო“ რამდენიმე წლის წინათ იაპონურად გადავთარგმნე ჩემს მეუღლესთან ერთად.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10