მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს კონსტიტუციის 72-ე პარაგრაფის თანახმად ფორმალურად გარანტირებული ჰქონდათ სსრ კავშირის შემადგენლობიდან გასვლის უფლება, რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზე მინიშნებაც კი მკაცრად იყო ტაბუირებული გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე, ვიდრე ეკონომიკური სირთულეების გამო ზემოდან იძულებით დაშვებული “პერესტროიკა” თავის უკანასკნელ ფაზაში შევიდოდა. არადა, ქართველ ხალხში, მეტადრე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს მოსკოვზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულებისთვის თავის დაღწევის იდეა. ხალხის ამ განწყობის გამოხატვა სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა, რის მაგალითად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხვედრის გახსენებაც კმარა.

ამ განწყობილების ამსახველია იმ ხანად გაჩენილი იუმორით შეფერილი გამოთქმა: “არა, ბიჭო, მოსკოვს შეეკითხება!”, რომელიც “ქართული ჟარგონის ლექსიკონში” ასე გვაქვს განმარტებული:

“დამოუკიდებლად, თავის ნებისად, თავისი შეხედულების მიხედვით იმოქმედებს, არავის დაეკითხება ჭკუას. გამოთქმა იმდროინდელია, როცა მოსკოვში, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დედაქალაქში, არსებული საკავშირო მთავრობის დაუკითხავად (საკავშირო მთავრობის ნებართვის გარეშე) ვითომდა სუვერენულ ეროვნულ რესპუბლიკებში ვერავინ ვერავითარ ინიციატივას ვერ გამოიჩენდა” (ბრეგაძე 2013: 96).

ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანდათან გაძლიერდა, რის ერთ-ერთ მიზეზად რევაზ გაჩეჩილაძეს ის გარემოება მიაჩნია, რომ “…ომის გზით ევროპაში ნამყოფი უამრავი ადამიანი დაბრუნდა შინ. მათ საზღვარგარეთ ნახეს მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით სულ სხვა, ბევრად უკეთესი, ცხოვრება. შინ კი საშინელი სიღატაკეა და ამაზე ლაპარაკიც კი აკრძალულია. კრემლი ქვეყანაში იწყებს ომის დროს “მორყეული დისციპლინის” აღდგენას და იდეოლოგიური ქანჩების ხელახალ მოჭერას” (გაჩეჩილაძე 2912: 389).

60-იანი წლებიდან რკინის ფარდა ოდნავ აიწია და იმატა უცხოელებთან კონტაქტებმა, რის შედეგადაც ქართველებმა შეიტყვეს ის ამბავი, რომ საქართველოს არსებობაზე დასავლეთში წარმოდგენა არავის ჰქონია, და მათ სამშობლოს რუსეთად მიიჩნევდნენ, რამაც გულწრფელად შეაწუხა ყველა. “რა გვინდა ჩვენ? განა ბევრი რამ გვინდა –  ჩვენ გვინდა ჩვენი საკუთარი ფერი მსოფლიოს რუკაზე!” –  ხშირად გაიგონებდით ამგვარ მსჯელობას.

ზეპირად იყო გავრცელებული გურამ ასათიანის რეპლიკა თბილისში სტუმრად მყოფი რუსი კოლეგების შენიშვნაზე: “ქართველებს რა გაქვთ სასაყვედურო, მშვენივრად ცხოვრობთო!”, რაზედაც გურამ ასათიანს ასეთი პასუხი გაუცია: “ჩვენს საწუხარს მაშინ მიხვდებოდით, მოსკოვში დაცულ დისერტაციას პეკინში რომ გიმტკიცებდნენო”.

არადა, ამ დროს უკვე არსებობდა საკავშირო რესპუბლიკები მკაფიო საზღვრებით, დედაქალაქებით, სახელმწიფო დროშებითა და ჰიმნებით, სახელმწიფო ეროვნული ენებით, რაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იყო იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაც გვქონდა ამ მხრივ ცარიზმის ხანაში, როდესაც საქართველო ორ გუბერნიად შედიოდა რუსეთის იმპერიაში, და 1882 წელს ოფიციალურად აკრძალეს ქართველთა სამშობლოს სახელის “საქართველოს” ხსენება პრესაში – ცენზორები მას “ჩვენს მხარეს” ან “ჩვენს კუთხეს” უნაცვლებდნენ.

მართალია, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ხალხთა სახელმწიფო წარმონაქმნებისთვის რესპუბლიკების სტატუსის მინიჭება “ერთ მშვენიერ დღეს” სსრ კავშირის დაშლის საფრთხეს შეიცავდა, მაგრამ იგი აუცილებელი იყო 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმურობის განსამტკიცებლად. ეს გახლდათ რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის ერთი-ერთი შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად ადრე თუ გვიან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის რღვევას გამოიწვევდა.

თავიდან საბჭოთა რესპუბლიკებს ერთიან საკავშირო სახელმწიფოდ იმისი იმედი აერთიანებდათ, რომ რესპუბლიკები ერთობლივად უფრო დიდ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწევდნენ, ვიდრე ცალ-ცალკე (იმედოვნებდნენ, რომ აშშ-საც გაუწრებდნენ ამ მხრივ. ერთი ხანობა ძალიან გავრცელებული იყო ლოზუნგი: “დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ სულ მოსახლეზე ფოლადის (ან ხორცის, კვერცხის, ხორბლის…) წარმოებით!”). მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებიდან ეკონომიკური წარმატების ყოველგვარი იმედი გადაიწურა, ბუნებრივად გაძლიერდა სახელმწიფო დამოუკიდებლობის იდეა რესპუბლიკებში, ოღონდ ამის საჯაროდ არტიკულირება სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა.

მაგრამ ზეპირსიტყვირებას როგორ აკრძალავ!

 

1 2 3 4 5 6 7 8