იმდენად სწყუროდა ხალხს ეროვნული დისკრიმინაციის მამხილებელ ტექსტებთან შეხვედრა, რომ ამ ლექსის მეორე სტროფის მეორე ტაეპს –  “და რუხი სჩაგრავს მხიარულ ფერებს” –  ასე კითხულობდნენ: “და რუსი სჩაგრავს მხიარულ ერებს” ( ადვილი გადასაკეთებელია -დ – გრაფიკული მსგავსების გამო –   ფერებისთვის პირველი ბგერის ჩამოშორებასაც რა დიდი ამბავი უნდა!) და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სწორედ ეს ჩანაფიქრი ჰქონდა პოეტს, როცა ამ სტრიქონს თხზავდა!

აკრძალული სათქმელის გაპარების კიდევ ერთი ხერხი იყო ორიგინალური ლექსის თარგმანად გასაღება.

1946 წელს “საბლიტგამმა” გამოსცა ცნობილი მთარგმნელისა და თარგმანის თეორეტიკოსის გივი გაჩეჩილაძის თარგმანთა კრებული “ინგლისური ბალადები, სიმღერები და ლექსები”. წინასიტყვაობის ავტორია კონსტანტინე გამსახურდია. ამ კრებულში, 75-76 გვერდებზე შოტლანდიელი პოეტის უილიამ დრაიმონდის (1585-1649) ავტორობით დაბეჭდილია ლექსი “მძინარე ყრმას”. ტექსტიდან ცხადი ხდება, რომ ეს ყრმა პოეტის შვილია, და ლექსის ავტორი მას უსურვებს იმ ბედნიერებას, რომელსაც თვითონ ვერ მოესწრო –  თავისუფალ სამშობლოში ცხოვრებას უსურვებს.

წავიკითხოთ ოთხი სტროფი ამ თორმეტსტროფიანი ლექსისა:

“ჩემი ოცნება თუ კი არ ახდა,

შენ ხომ გერგება ეს ბედი მაინც!

ბედნიერებას იდგამდე ტახტად

და ახლოს სჭვრეტდე ფერს ნაირ-ნაირს.

. . . . . . . .

რათა სკოტლანდის სიყვარულს წმინდას

არ სვამდე ჩემებრ შხამში გარეულს,

მაგრამ ჩემსავით ტყეში თუ მინდვრად,

ნათლად ხედავდე გზას სიზმარეულს.

რომ ლინდისფერნის1 მაღალი ჯვარი

თვალსა სტაცებდეს ოცნებას შენსას,

ჟრუანტელს გგვრიდეს წარსულის ქარი,

ღმერთად მიგაჩნდეს სამშობლოს ზეცა.

. . . . .

ტვიდის ნაპირთა ჭრელი ხალიჩა

ელავდეს ქვეყნის თავისუფლებით,

და ოცნების დროს გქონდეს ბალიშად

სკოტლანდის მთებზე მდგარი ღრუბლები”

(ინგლისური… 1946: 75-76. ხაზგასმა ჩვენია. ლ. ბ.).

სინამდვილეში ეს ლექსი მე-16-17 საუკუნეებში მცხოვრებ პოეტს უილიამ დრაიმონდს არ დაუწერია (ის თურმე საერთოდ არ წერდა პატრიოტულ ლექსებს). საქმე გვაქვს მისტიფიკაციასთან:  “მძინარე ყრმას” თვითონ მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის ორიგინალური ლექსია. ამის შესახებ გვაუწყებს მისი ვაჟი რევაზ გაჩეჩილაძე და აქვეყნებს ლექსის ავთენტიკურ ვარიანტს, რომელშიც ჩვენ მიერ ზემოთ ხაზგასმული უცხოური რეალიების ადგილას ქართული გვაქვს: სკოტლანდის ნაცვლად წერია საქართველო, ლინდისფერნის მონასტრის მაგივრად –  სვეტიცხოველი, მდინარე ტვიდის ადგილას არის მდინარე მტკვარი, ხოლო სკოტლანდის მთების ნაცვლად – კავკასიონი (გაჩეჩილაძე 2012: 390-391). მაგალითად, თუ ნაბეჭდ ვერსიაში წერია “რათა სკოტლანდის სიყვარულს წმინდას”, გამოუქვეყნებელ ვარიანტში არის: “რომ საქართველოს სიყვარულს წმინდას” (გაჩეჩილაძე 2012: 308).

 


1 – ძველი მონასტერი სკოტლანდში.

 

1 2 3 4 5 6 7 8