ახლა მუხრან მაჭავარიანის ყველაზე გახმაურებული ლექსი “დღე მოიწევს კრიალა” გავიხსენოთ.

ეს პაწია ლექსი ბოლო სტრიქონამდე უწყინარი პეიზაჟური ლირიკის ნიმუში გეგონება, დასკვნითი ტაეპი კი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს:

“ირიჟრაჟებს… დღე მოიწევს კრიალა, –

ტოროლა ცას შეასკდება… იალა!

ჩირგვიანა, ჩიტიანა, ხიანა,

ფოთლიანა, ღელიანა, ტყიანა, –

დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!

ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა! –

გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად! –

მიწიანა, კაციანა, ციანა, –

საქართველოს მოთმინების ფიალას!”

(მაჭავარიანი 2007: 310).

საგულისხმოა, რომ ფრაზა “გაუმარჯოს […] საქართველოს მოთმინების ფიალას!” ერთმნიშვნელოვნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ნატვრას ან მოთხოვნას სულაც არ შეიცავს, მაგრამ მაინც ყველამ ასე გაიგო ის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოებრივი გარემო გაჯერებულია ამ აკრძალული იდეით, თუმცა მის ხმამაღლა გამოთქმას ვერავინ ბედავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეტი გრძნობს: სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ აუდიტორიის მიერ არაერთმნიშვნელოვანი ფრაზის ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გარდუვალია, ანუ: პოეტის მხრივ ოდნავი ბიძგიც, მცირე მინიშნებაც საკმარისია, რომ მკითხველმა თვითონ დაასრულოს ავტორის სათქმელის კონკრეტიზაცია-რეკონსტრუქცია.

1964 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წაკითხული ამ ლექსისთვის მისი ავტორი საბჭოთა იდეოლოგიის ერთგულმა მსახურებმა, ბუნებრივია, სასტიკად დაგმეს. საქართველოს მოთმინების ფიალაზე დაწერილი ამ ლექსის თავგადასავალს, თვით “დამნაშავე” ავტორის მიერვე მოთხრობილს, ვეცნობით მუხრან მაჭავარიანის ჩანაწერების წიგნში, რომელიც 2014 წელს გამოიცა.

საბჭოთა ეპოქას ჰქონდა განვითარების ეტაპები. ყოველი ახალი ეტაპი წინაზე ლიბერალური იყო. ახალ ხელისუფალთ თავიანთი თავის დასამკვიდრებლად და “ძველი” პოლიტიკის არსებითად შეცვლის ილუზიის შესაქმნელად წინა ხელისუფლების გაკრიტიკება სჭირდებოდათ. და აი მუხრან მაჭავარიანს 1976 წელს საქართველოს პროფსაბჭოს მე-15 პლენუმის სხდომაზე შესაძლებლობა მისცემია ნაწილობრივი (!) პასუხი გაეცა 12 წლის წინანდელ ბრალდებაზე, რომელიც ამ ლექსის წარმოთქმისთვის წაუყენებია მისთვის საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელ მთავარ იდეოლოგს:

“მოიწვიეს იდეოლოგიური თათბირი.

თათბირზე, რომელსაც მთელი რესპუბლიკის პარტაქტივი ესწრებოდა, მაშინდელმა ცეკას მდივანმა, – იდეოლოგიის დარგში, – მრისხანე სახით, სახალხოდ მიმართა ამ ლექსის ავტორს:

– რაო, ამხანაგო, რას ითმენს საქართველო?! –

გვაქვს ამდენი და ამდენი უმაღლესი სასწავლებელი!

ამდენი და ამდენი დაწყებითი და საშუალო სკოლა!

ამდენი და ამდენი ქარხანა!

ამდენი და ამდენი ამბულატორია!

ამდენი და ამდენი საავადმყოფო!

ამდენი და ამდენი ბიბლიოთეკა!

უფასოა სამედიცინო მომსახურება!

უფასოა სწავლა-განათლება!

და სხვა, და სხვა, და სხვა!..” (მაჭავარიანი 2014: 46).

აქ მცირე ხნით შევწყვიტოთ ციტირება და ერთ რამეს დავაკვირდეთ: იდეოლოგი ცდილობს პოეტის გამონათქვამის შედარებით ხელსაყრელი (თავისთვის ხელსაყრელი!) კონკრეტიზაცია მოახდინოს: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოტივის სოციალური მოტივით ჩანაცვლებას აპირებს, ვინაიდან ჰგონია, რომ ამ სფეროში უკეთ აქვს საქმე!

რაც შეეხება პოეტსა და ბრძენკაცს, რომელმაც იცის, რომ იმ ლექსის უმთავრესი სათქმელის საჯაროდ კონკრეტიზაციის დრო ჯერ არ დამდგარა (1976 წელს ეს ჯერ კიდევ ვერ მოხერხდებოდა), იგი ასე მოიქცა: იმჯერად მიიღო ცეკას იდეოლოგიური მდივნის ინტერპრეტაცია და დროების შესაფერისი პასუხიც გასცა კრიტიკოსს:

“ნება მიბოძეთ, პასუხი გავცე, – 12 წლის წინათ უპასუხოდ დატოვებულ, – ამ კითხვაზე! –

სამედიცინო ინსტიტუტში მოწყობა ღირდა ამდენი და ამდენი!

სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, – ამდენი და ამდენი!

ვეტინსტიტუტში, – ამდენი და ამდენი!

პუშკინის ინსტიტუტში, – ამდენი და ამდენი!

ნებისმიერ ტექნიკუმში, – საშუალოდ ამდენი და ამდენი!

ცხვირის ოპერაცია, – ამდენი და ამდენი!

კუჭის ოპერაცია, – ამდენი და ამდენი!

რაიკომის მდივნად დანიშვნა, – ამდენი და ამდენი!

ტაქსის მძღოლად მოწყობა, – ამდენი და ამდენი!

იყიდებოდა საფლავის მიწაც კი;

ვაკის სასაფლაოზე დამარხვა ღირდა ამდენი და ამდენი!

დიღმის სასაფლაოზე, – ამდენი და ამდენი!

საბურთალოზე, – ამდენი!

კუკიაზე, – ამდენი! –

აი, რას ითმენდა საქართველო, ამხანაგო ყოფილო ცეკას მდივანო, – იდეოლოგიის დარგში!” (მაჭავარიანი 2014: 46-47).

 

1 2 3 4 5 6 7 8