ასეთია 1976 წელს გაცემული (როგორც ზემოთ ვთქვით, ნაწილობრივ გაცემული!) პასუხი მრისხანე შეკითხვაზე – “რაო, ამხანაგო, რას ითმენს საქართველო?!”.

გაივლის კიდევ თორმეტი წელი და ის დღეც დადგება, ამ პაწია-დიდი ლექსის მთელი სათქმელის დაუფარავი კონკრეტიზაციაც გახდეს შესაძლებელი: 1988 წელს საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის 41-ე კონფერენციაზე მუხრან მაჭავარიანი იტყვის:

“საქართველოში, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანაში, არაერთი საჭირბოროტო პრობლემა იდგა და დგას.

ეს პრობლემებია: ეკონომიკური, ეროვნული, სოციალური…

ამ პრობლემებზე ქართულმა მწერლობამ, ჯერ კიდევ, საჯაროობამდე აღიმაღლა ხმა:

“ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ-ნაკუწ კი არა;

გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად:

მიწიანა, კაციანა, ციანა, –

საქართველოს მოთმინების ფიალას”.

25 წლის წინათ გაისმა ეს სიტყვები.

იცვალნენ დრონი” (მაჭავარიანი 2014: 53. ხაზგასმა ჩვენია. ლ. ბ).

დრონი იცვალნენ და შესაძლებელი გახდა ამ უცნაური ლექსის (არსებითად, პოლიტიკური, მეამბოხე შინაარსის ეპიგრამის) მრავლისმეტყველი სათქმელი ნაკუწნაკუწ კი რა, მთლიანად გაცხადებულიყო, აშკარად და დაუფარავად.

ასეთი ლექსები აძლიერებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სურვილს ქართველ ხალხში. ამგვარი ლექსებით შემზადებულმა საზოგადოებრივმა განწყობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა იმპერიისაგან დამოუკიდებელი ეროვნული ქართული სახელმწიფოსათვის ბრძოლის პროცესში.

ერთ-ერთი ამგვარი ლექსი გახლდათ მურმან ლებანიძის უსათაურო “უპირველესად ვაღმერთებ ქართველს”, რომელიც პირველად “ცისკარში” დაიბეჭდა 1970 წელს:

“უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,

მას მერე –  ვისიც რამდენად მმართებს:

ქურთსა და სომეხს, რუსსა და თათარს –

ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!

სად ყოვლიარი გადატრუსულა

და რუხი სჩაგრავს მხიარულ ფერებს,

–  გრუზინ? –  თათარი მკითხავს რუსულად

და მიმასწავლის საკურდღლე სერებს.

წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს –

„ფეშქეშ!“ –  და თვალებს მიშტერებს ნდობით.

დასტოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს,

ავუხმაურებ სამშობლოს თოფით…

მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო,

სალამურსავით ჩავბერო ყელში…

„ხოშ გელდი!“ ძმა ხარ, ჩემო თათარო!

ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!”

(ცისკარი 1970: 16).

ანუ “აზიის ტყეში” შენ, თათარი, და მე, ქართველი, “ერთ ბედქვეშა ვართ”, –  თათარი და ქართველი აქ მეტონიმიურად ნიშნავს საქართველოს და აზერბაიჯანს, რომელთა ეროვნული ინტერესები თანაბრად იჩაგრებოდა რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში.

 

1 2 3 4 5 6 7 8