პოეტმა და მქარგველმა ბეატა აბშილავამ ეს ლექსი ქსოვილზე ამოქარგა ავტორის ხელრთვის გამეორებით და სხვა ასეთივე ნაქარგებთან ერთად გაიტანა გამოფენაზე. ბეჭდური სახით კი ის პირველად მე გამოვაქვეყნე –  ერთ ჩემს სტატიაში დავიმოწმე 2002 წელს, როდესაც მისი პუბლიკაცია აღარავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

ასეთ ვითარებაში ქართველი პოეტების ერთი ნაწილი მაინც ახერხებდა სტამბური წესით გამოქვეყნებულ ლექსებში დამოუკიდებლობის იდეაზე ნართაულად მინიშნებას და მკითხველიც გაწაფული იყო “სტრიქონებს შორის” გაპარებული აზრების ამოკითხვაში.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის გამოსახატავად სხვადასხვა ფორმა გამოიყენებოდა. ერთ-ერთი იყო საკუთარი სათქმელის მიწერა დიდი ხნის წინ, სხვა ისტორიულ ვითარებაში მცხოვრები პიროვნებისათვის.

აქ უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ მუხრან მაჭავარიანის გახმაურებული ციკლი “1832”. ამ ციკლის ყოველ ლექსში გამოთქმული აზრი 1832 წლის შეთქმულების რომელიმე მონაწილეს მიეწერება, რაც სათაურებშივეა გაცხადებული. მაგალითად, ლექსი, რომლის სათაურია “სიტყვა თქმული ფილადელფოს კიკნაძის1 მიერ ძმათა თვისთა თანა, შუამთაში”, დათარიღებულია 1970 წლით და პირველად 1973 წელს დაიბეჭდა “ცისკარში”:

“ამას! –

იმას, რომ

თვალი მტერზე უნდა გვეჭიროს,

ჩვენ კი,

მტრისა წილ,

ღრეობაზე გვიჭირავს თვალი, –

ვინ,

ვინ შეგვინდობს,

ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, –

ერთი მითხარი!

ამას! –

იმას, რომ

ხელში ხმალი უნდა გვეჭიროს,

ჩვენ კი,

ხმლისა წილ,

ჯიხვისანი გვიჭირავს რქანი, –

ვინ,

ვინ შეგვინდობს,

ანდა რატომ უნდა შეგვინდოს, –

ერთი მითხარი!

იბასიანოს! –

დროა!

დროა! –

ქართულმა სუფრამ!

მოდის მერმისი, –

ცოცხით ხელში, –

მკაცრი და სუფთა!”

(ცისკარი 1973: 59-60).2

ლამის შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაა!

აქტუალური პოლიტიკური ქვეტექსტი აშკარაა! ის არ გაჩნდებოდა, ამ ლექსის წამკითხველს თითქმის იგივე ეროვნული საწუხარი რომ არ ჰქონოდა, რაც საუკუნე ნახევრის წინ მის წინაპრებს უკლავდა გულს. ლექსის გამოქვეყნებას კი შესაძლებელს ხდიდა ის გარემოება, რომ ცარიზმის ეროვნული პოლიტიკის კრიტიკა არამარტო დასაშვები, არამედ სასურველიც კი გახლდათ, რათა, როგორც უკვე ვთქვით, განმტკიცებულიყო 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების ლეგიტიმურობა. ანუ აქ შემოქმედის მხრივ მოვლენის შინაგანი წინააღმდეგობით მოხერხებულად სარგებლობის შემთხვევასთან გვაქვს საქმე.


1 –  ფილადელფოს კიკნაძე (1794-1833) – ქართველ თავადაზნაურთა შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.

2 – რვა ლექსისაგან შემდგარი მთელი ციკლი “1832” შევიდა წიგნში: მუხრან მაჭავარიანი. ლექსები. პოემა. თბილისი: გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, რომელიც 1983 წელს გამოვიდა, სწორედ იმ წელს, როდესაც საბჭოთა საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავს ზეიმობდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8