60-იანი წლების შუა ხანებში სტუდენტურ წრეებში გავრცელდა მაღალვერსიფიკაციულ დონეზე შესრულებული ანონიმი ავტორის ტექსტი, რომელიც ერთ-ერთი “მრავალჟამიერის” მოტივზე იმღერებოდა, და ყოველ სტროფს მოსდევდა მისამღერი –  “ოხო-ხოია, მრავალჟამი-ჟამიეეერ, / ოხო-ხოია, მრავალჟამიეეერ!”:

“საქართველო რუსეთია,

საქართველო ისე ჰქვია.

(მისამღერი)

რა ყოფილან ეს რუსები,

გაგვითავეს რესურსები.

(მისამღერი)

ჩვენ ყანაში ვიბრიდებით,

რუსებს რჩებათ ჰიბრიდები.

(მისამღერი)

ჩვენ აქ მზეში ვიტრუისებით,

რუსებს მიაქვთ ციტრუსები”.

შეუძლებელი იყო იმ ლექსების დაბეჭდვაზე ფიქრიც კი, რომლებშიც საქართველოს დამოუკიდებლობის ნატვრა ან დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო წუხილი იყო გამოთქმული, ვინაიდან, ყველამ კარგად იცოდა, რომ ამას რეპრესიები მოჰყვებოდა, რაც დაადასტურა კიდეც კოლაუ ნადირაძის ლექსის “25 თებერვალი, 1921 წ.” გამოქვეყნების კურიოზულმა ისტორიამ.

1985 წელს “მერანმა” გამოსცა კრებული – “პოეტის ათასი სტრიქონი”. დაახლოებით ათას-ათასი სტრიქონი არის მასში შესული ცამეტი ქართველი პოეტისა –  რომელთაგან მხოლოდ ორი იყო იმ დროს ცოცხალი – კოლაუ ნადირაძე და კარლო კალაძე.

წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავცელდა ხმა, ანტისაბჭოთა ლექსი გაიპარა ამ კრებულშიო.

ეს წარმოუდგენელი რამ იყო! იმდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, ანტისაბჭოთა რომ არაფერი გაპარულიყო წიგნში, გაზეთში, ჟურნალში, რომ დაუჯერებელი ჩანდა ეს ამბავი (გამოსაცემ წიგნს ჯერ კითხულობდა წიგნის რედაქტორი, მერე – უმცროსი რედაქტორი, შემდეგ მხატვარი, ვისაც ეს წიგნი უნდა გაეფორმებინა. ამის შემდეგ დედანი სტამბაში იგზავნებოდა და ასოთამწყობი კითხულობდა. ბრუნდებოდა უკან ანაწყობი და კორექტორები ადარებდნენ მას დედანს, ასწორებდნენ კორექტურულ შეცდომებს და ხელით აკინძული ფურცლები მთავლიტში მიჰქონდათ, ასე ერქვა მაშინდელ ცენზურას, და იქ წითელი ფანქრით შეიარაღებული მთავლიტის თანამშრომელი კითხულობდა მას ფხიზელი თვალით. გარდა ამისა, თუ საჭირო იქნებოდა, გამოსაცემ წიგნს წაიკითხავდა მთავარი რედაქტორი, მისი მოადგილე ან დირექტორიც კი).

კრებულის მხატვარ-დიზაინერს დაჰბადებია ასეთი იდეა: წიგნში წარმოდგენილი ყოველი პოეტის ხელნაწერის ნიმუში დართვოდა თავში იმ მონაკვეთს, რომელიც ამ პოეტს ეძღვნებოდა, და ამ მიზნით მიადგნენ ლიტერატურის მუზეუმს, მოიძიეს ხელნაწერები, გადაიღეს ფოტოები და… კი შეეძლოთ, ცოცხალი ავტორისთვის პირადად გამოერთმიათ მისი მანუსკრიპტი, მაგრამ იფიქრეს, რაკი აქა ვართ, მოდი, ვიკითხოთ, იქნებ კოლაუს ავტოგრაფიც ჰქონდეთო, და, მართლაც, გვაქვსო, უთხრეს, გადაიღეს მისი ფოტოც, დამზადდა კლიშეები. აქედან ზოგი ავტოგრაფი ძნელი გასარჩევია, ზოგიერთის წაკითხვა საერთოდ შეუძლებელია. ეს ლექსი, სათაურით “25 თებერვალი, 1921 წ.”, კარგად იკითხება; თან ლექსია ისეთი, ვერაფერს მოუხერხებ! მეტაფორულად ან სიმბოლურად კი არა, ყველაფერი პირდაპირ არის ნათქვამი: ტაბახმელაც იქვეა, კოჯორიც (“წითელ არმიასთან” შეტაკების ადგილები), გვარდიელებიც იქვე არიან, თბილისის დაცვისას დახოცილები. “წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით”. ან ეს რეფრენი თუნდაც: “თოვდა, და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”.

ლექსის ბოლოს თარიღია: 1969 წელი. ხელს აწერს ბატონი კოლაუ ნადირაძე. ეს ლექსი მან, ცხადია, თავისთვის დაწერა, ამისი გამოქვეყნების იმედი მას შეუძლებელია ჰქონოდა, მერე კი თავის მეგობარს, ერთ-ერთი გამომცემლობის თანამშრომელს, შალვა დემეტრაძეს, აჩუქა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი არქივი მოხვდა ლიტერატურის მუზეუმში…

ეს რომ სტამბურად აწყობილი ტექსტი ყოფილიყო, ვის გაეპარებოდა, მაგრამ ფოტო იყო, კლიშე იყო, წიგნის გაფორმების ელემენტი იყო, და არავინ მიაქცია ყურადღება!

მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი!

ტირაჟის ნაწილი უკვე გაეტანათ მაღაზიებში და გადაწყდა სასწრაფოდ უკანვე დაებრუნებინათ, ის ფურცელი ამოეხიათ და სხვა ჩაეკრათ. ამრიგად, არსებობს ორი ვარიანტი ერთი გამოცემისა… აქედან ერთი –  აკრძალული და ეს აკრძალული –  სულ რამდენიმე ცალია შემორჩენილი.

“სამსახურებრივი დაუდევრობისთვის” “მერანის” შვიდი და “მთავლიტის” ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.

არაორდინარული ხერხით გასაჯაროვდა მიხეილ ქურდიანის ეს უსათაურო ლექსი, 1970-იანი წლების მიწურულს დაწერილი:

“თუ მოვინდომე –  ყველაფერს შევძლებ,

მეტრ იპოლიტ ტენს გავურითმავ მეტროპოლიტენს.

მაგრამ, ღმერთო, გთხოვ მოწყალებას:

შვილებისთვის დაწერილ ლექსში

გამარითმინე სამშობლო და თავისუფლება”.

1 2 3 4 5 6 7 8