ამ მისტიფიკაციისადმი მიძღვნილ სტატიაში როსტომ ჩხეიძე შენიშნავს: “საბჭოთა ცენზურას ეს რომ სცოდნოდა, უბრალოდ ინგლისური პოეზიის მცოდნე ჰყოლოდათ თავიანთ რიგებში და მთარგმნელისათვის ლექსის ორიგინალი მოეთხოვათ, ეს თამაში გივი გაჩეჩილაძეს ძვირი დაუჯდებოდა” (ჩხეიძე 2013: 2)

დიახ, სახიფათო თამაში წამოუწყია მთარგმნელს! შედეგი კი რა უნდა მოჰყოლოდა ამას? მკითხველისთვის, ცხადია, უცნობი დარჩებოდა, და ბოლო დრომდე ასეთად დარჩა კიდევაც, ეს ამბავი. სამაგიეროდ ამ მისტიფიკაციის წყალობით დღეს ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნება სულაც არ ყოფილა მინავლებული იმ ხანაში, როდესაც, როგორც გვარწმუნებდნენ, ამაზე თითქოს აღარავინ ფიქრობდა, იმდენად დიდი ბედნიერება მოვიპოვეთ მისი დათმობით!

ცენზურის თვალის ასახვევად საკუთარი ლექსის თარგმანად გასაღების შემთხვევა სხვაც იცის ქართულმა პოეზიამ. მიხეილ ქვლივიძე მოგონებების წიგნში “ვაპირებ ცხოვრებას” იმ დაბრკოლებებზე მოგვითხრობს, რასაც ცენზურა უქმნიდა მწერლებს, და ერთი თავისი მისტიფიკაციის ამბავსაც გვიმხელს:

“ყოველივე ამის მომსწრე (მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი), რასაკვირველია, ვერ ვბედავდი ჩემი “უჯრის პატიმრების” განთავისუფლებას, არადა სწორედ ამ დროს გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოში” ჩემი კრებული მზადდებოდა, სადაც ჩემს საკუთარ ლექსებთან ერთად ფედერიკო გარსია ლორკას თარგმანების შეტანასაც ვაპირებდი… იმდენად ძლიერი იყო ჩემში “უჯრაში დაპატიმრებული” ლექსების დაბეჭდვის სურვილი, ისე ძლიერ მინდოდა მენახა ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ეს ჩემი “სულის ყივილი”, რომ ავდექი და რედაქტორს გავუგზავნე მოსკოვიდან, თან შევუთვალე: ეს ლექსებიც თარგმანებია, მათი ავტორი თანამედროვე ესპანელი პოეტი ბლას დე ოტეროა-მეთქი (ასეთი მწერალი მართლა არსებობდა ფრანკისტულ ესპანეთში, მაგრამ მე მის პოეზიას სრულიად არ ვიცნობდი!)… წიგნი გამოვიდა. იმ განყოფილებაში, რომელსაც “ესპანური მოტივები” ჰქვია, ლორკას თარგმანების გვერდით “ბლას დე ოტეროს” ავტორობით ჩემი ლექსებია დაბეჭდილი, ხოლო ესპანელი პოეტის სახელს სქოლიოში ასეთი განმარტება აქვს: “ბლას დე ოტერო – პოეტი-ანტიფაშისტი, ფრანკოს სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლი” (ქვლივიძე 2002: 83).

ოღონდ ესპანელი პოეტის სახელით გამოქვეყნებული ეს ლექსები ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხს არ ეხება (ან –  ნაკლებად ეხება) –  ისინი საბჭოური სოციალური ვითარების კრიტიკას შეიცავს. პირველი მათგანის სათაურია “მოგზაურობა აღთქმული ქვეყნისკენ”. ეს “აღთქმული ქვეყანა” უთუოდ კომუნიზმია, რომელიც, დაპირებების მიუხედავად, არა და არ დამყარდა:

“ფანჯრები ტირიან ირიბი ცრემლებით…

ვიღაცა გულისჯავრს პაპიროსს აყოლებს…

ღნავიან ბალღები… და მატარებელი

აღთქმული ქვეყნისკენ ყველას მიგვაქროლებს!

. . . . . . . .

ვაგონის გამყოლნი! (იციან ვინცა ვართ!)

მგზავრებს გვამშვიდებენ: ნუ ხართო მწყრალები,

ა იმ მთას გავცდებით თუ არა, იქიდან

გამოჩნდებიანო, ყველაფერს ვფიცავართ,

აღთქმული მიწა-წყლის მთათა მწვერვალები!”

(ქვლივიძე 1965: 119).

მაგრამ აქ ახლა მოტივაცია ჩვენთვის საინტერესო: “ისე ძლიერ მინდოდა მენახა ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ეს ჩემი “სულის ყივილი”, რომ ჩემი ლექსები უცხოელ პოეტს მივაწერეო, –  გაუწყებს პოეტი. მსგავსი მოტივაცია გივი გაჩეჩილაძესაც ექნებოდა, როცა თავისი “სულის ყივილს” სამი საუკუნის წინ მცხოვრებ შოტლანდიელ ავტორს მიაწერდა.

აკრძალული ეროვნული გრძნობების შეფარულად გამოხატვას ემსახურებოდა ყალბი მიძღვნაც.

ნოდარ ადეიშვილს აქვს ლექსების ციკლი “დაზიანებული ფირფიტები”. ამ ციკლის ყველა ლექსის ბოლო სტრიქონი, აზრობრივად უმნიშვნელოვანესი, რამდენჯერმე მეორდება და გამეორება შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, როგორც დაზიანებულმა ფირფიტამ იცის ხოლმე.

 

1 2 3 4 5 6 7 8