ამ ციკლის ერთ ლექსს – “მეხუთე ფირფიტას” – სათაურის ქვეშ ასეთი მინაწერი აქვს: “გარსია ლორკას სურათთან”:
„გიყურებ და სულში ვმარხავ
ფერს – ამ დილის მინდვრებისას.
ძნელად ჰპოვონ შენებრ მწყემსი
შენი ერის დიდებისა.
ზოგჯერ ვფიქრობ, გავტეხ ამ ხატს,
სულს დავაქცევ ციერისას.
შენ რომ ერმა ტყვია დაგკრა,
ვაი, ბრალი იმ ერისა,
ვაი, ბრალი იმ ერისა,
ვაი, ბრალი იმ ერისა“
(ადეიშვილი 1976: 64).
ავტორი ასე იქცეოდა: საჩუქრად გაცემულ ამ წიგნის ეგზემპლარებში გადახაზავდა “გარსია ლორკას” და მას ილია ჭავჭავაძით ანაცვლებდა.
აშკარაა, სახელმწიფო დამოუკიდებლობის ნატვრის გამომხატველი ფორმულის – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” – ავტორის მკვლელობა მისივე ერის წარმომადგენლების მიერ პოეტს დამოუკიდებლობაზე საბოლოოდ უარის თქმად ესახებოდა იმ პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებში, რომელიც ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მებრძოლი დასის უშუალო იდეოლოგიური მემკვიდრე იყო. მისი ეს შეხედულება ადვილი ამოსაკითხავი იქნებოდა ამ პოეტური ტექსტიდან, თუ ავტორი მას ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნიდა. ამიტომ გახდა საჭირო ყალბი მიძღვნა, რაც იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ გარსია ლორკაც თავისიანებმა იმსხვერპლეს.
ეს ლიტერატურული ფაქტები უდავო დასტურია იმისა, რომ ჩვენი პოეტები, ყოველ შემთხვევაში, მათი ერთი ნაწილი მაინც, უმკაცრესი ცენზურული ვითარების პირობებშიც არ წყვეტდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრს, წერას და ამ თავისი ნაფიქრ-ნაწერის როგორმე, ზოგჯერ კურიოზული ხერხების გამოყენებითაც კი, მკითხველამდე მიტანის მცდელობას.
დამოწმებანი:
ადეიშვილი 1976: ნოდარ ადეიშვილი. თოვლის სინათლე. “საბჭოთა საქართველო”, 1976.
ბრეგაძე 2013: ლევან ბრეგაძე. ქართული ჟარგონის ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013.
გაჩეჩელაძე 2012: რევაზ გაჩეჩილაძე. გარდასულ დღეთა, კაცისა და პოეტის გამო… ბოლოსიტყვაობა წიგნისა: გივი გაჩეჩილაძე. ნაცნობი თარგმანები. უცნობი ლირიკა. თბილისი: “ლოგოსი”, 2012.
ინგლისური… 1946: ინგლისური ბალადები, სიმღერები და ლექსები. მთარგმნელი გივი გაჩეჩილაძე. თბილისი: საბლიტგამი, 1946.
მაჭავარიანი 2007: მუხრან მაჭავარიანი. თხზულებანი ოთხ ტომად, ტ. 1. თბილისი, 2007.
მაჭავარიანი 2014: მუხრან მაჭავარიანი. ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი. ჩანაწერები. თბილისი: “ინტელექტი”: 2014.
ქვლივიძე 1965: ქვლივიძე. ლექსები. პოემა. ესპანური მოტივები. თბილისი: “საბჭოთა საქართველო”, 1965.
ქვლივიძე 2002: მიხეილ ქვლივიძე. ვაპირებ ცხოვრებას. თბილისი: “თობალისი”, 2002.
ჩხეიძე 2013: როსტომ ჩხეიძე. მისტიფიკაციად – ინგლისური ნიღბები // ჟ. “ჩვენი მწერლობა”, 2013, #12 (194).
ცისკარი 1970: ჟ. “ცისკარი”, #1, 1970.
ცისკარი 1973: ჟ. “ცისკარი”, #3, 1973.
