სულაც არ ყოფილა ძნელი,

კიბის საფეხურს კუდუსუნით ჩამოუჯდე,

ცოტა ხომ უნდა გაიბრუშო ძვალი,

რა საჭიროა ყოველ სირბილეში ტრაკის ჩარგვა?!

მუხლით იდაყვი დაიკავო,

პეშვით – ლოყა,

ქუსლმოღრენცილი ქოშისკენ გააქციო დახრილი თვალი,

ბარხატის მაქმანში ჩარჭობილი კატის სრიალა ბეწვი,

ოდნავ ნიავზე რომ ფრთხის ჩემსავით…

თავსაც გაესაუბრები, შეაღონებ ათასი კითხვით,

მაინც ვერ გაგარკვევს, სად დაუშვი შეცდომა,

ყველა ნერვი, იატაკის ჩვარივით რომ მოგიწურა…

მაინც რანაირი ალალი თავი მაბია,

თუ ვინმე თმით სათრევია, ჩემი თავია მხოლოდ.

 

*

აბა, როგორ არ ვიტირო მამაჩემის სოფელი?!

ქვიშნა ბალი მაინც დამერგო ჩემს მიწაზე,

მე თუ არა, ხე ხომ მაინც იხარებდა ყოველ გაზაფხულს, აძვრებოდნენ გოგო-ბიჭები, ვინ დაუშლიდა პირის გასველებას?! ვინ დაუშლიდა, აეხედათ ჩემებური ცისკენ,

ეყვირათ: გაცხონოს ღმერთმა ამ ხის დამრგველო.

ორი ხარი მყავდა,

ოთხი ძროხა, ერთს ცურები მოაჭამა თრიამ შუა აგვისტოში, თვალღია დამარხეს ბეღლის ბოლოში,

ბუზიც არ გაჰკარებია საცოდაობით.

ჯავრობდა ბებიაჩემი:

არ უნდა ენახა ბაღანას ესა, რო შემიშინდეს აწი, ვავა ჩქიმ ცოდაო.

 

*

რა თავს ვიტკივებ ახლა, რასაც ვყვები,

ვის სჭირდება ჩემი ამბები, მაგრამ ის ხომ მაინც დასაფასებელია, მცირე ტყუილშიც რომ ვერ ვიცხოვრე.

ფეხსაცმელზე თასმა რომ გაგენასკვება,

წაიკუზები დედამიწისკენ,

წამოგხდის ქარი კაბას, დაიმორცხვებ, შეუწითლდები ბუნებას, კაცის თვალი რომ არსაითაა და ვერ დაუვსებ.

სწორედ ასეთი გაქარწყლებული დროა ახლა.

ვინაც კაცად თავი იგრძნო,

ყველამ მოფუთნა თავისი ქალი.

ბამბის ტრიკო ამოაცვა,

შალის წინდებიანს შემოარბენინა სამი სოფელი.

მთის ბროლივით დაიწვინა გულზე,

განა – მხარზე მოქნეული ათრია ჯაყოს ცხვარივით სასაკლაომდე.

აბრწყინა, ახტუნავა სიმწვანეში.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10