სად ხარ, გალაკტიონ?!

როგორი წრიალი იცის ტანმა,

სანამ ახალი ამბის საწერად მოთავსდები.

გგონია, მოვიდნენ სიტყვები,

აჰა, და გგონია, ამოატრიალებ სამყაროს!

თან ვუბღვერ ჩემს ახლადშობილ,

ჯერ კიდეც ჭყინტ წიგნს,

სადაც ცხვარივით გაცხარებული,

ტრუსამდე გავშიშვლდი,

შაშვიც ვიყავი ქვრივის სამოსში,

სტაფილოსფერი ტუჩსაცხით,

ახალი კაცის ძიებაში.

ციცინათელაც ვიყავი,

უკანალით მანათობელი

და ყველაზე მაღალი გემოვნების

მამრიც მოვაჯადოვე.

არა, რა! მაინც უკმაყოფილო ვარ!

წეღან კვერცხიც კი მოვტაფე,

მაგრამ მარტო კუჭის დანაყრება რას მომიტანს?

რაღაც უჩვეულო მინდა გიამბობთ,

აი, ეს კაცი,

ასე ძალიან რომ მძულს და ასმაგად მიყვარს:

სად ხარ, გალაკტიონ,

შე არასწორო და მართალზე მართალო?!

შეხედე შენს ,,არტისტულ ყვავილებს”,

როგორ ფრთხილად და არტისტულად

ვაძრობ წიგნიდან პირველ მკვლელ ფურცელს,

სადაც ამ მაისს, ამ ივნისს, ივლისსაც

გადირეკს ნოემბრის ბაღები,

მხურვალე ვნებები რომ გაგივლის და

სასახლის ჩაქრება ჭაღები.

აი, ამ დროს მე ვალბობ ოქროს ლექსს

ჯერ წყალში, შემდეგ თაფლში და

ვსანსლავ მთელ სიწმინდეს,

რომ ვწერო რაიმე ცინცხალი.

ეს ტრუსიც შემოვიტრიტო,

მაგრამ გგონია, რომ ვნებები გამივლის?

არა, შენი ჭირიმე! არა ჩემი ჭირიშენ!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10