პატარძალო,

როგორ უხდები ახალ ქალობას,

ხალათის კალთას გამობმული

ხის სარჭებით მოცქრიალე,

ცისკენ აშვერილი ხელებით

დაგრეხილ მავთულზე ჰფენ წინდის საყელოს,

გიჭმუჭნის სახეს მცხუნვარე სხივი,

ყველა ყვავილთან იწყებ გაფურჩქვნას,

ქმარი კი ტკბება ამ ნეტარებით,

თითქოს თაფლი ხარ,

ყოველ შენს მიმოხვრას დაჰყვება და

დათვივით ყნოსავს,

იმ იმედით, რომ არასოდეს გაუთავდები.

 

არ გაუცივდე

ამ ცხოვრებას,

ვალია შენი,

შენს ფაფუკ მუცელს შვილები შია.

 

 

 

ორსულო,

თუ რამეს ვხედავ მშვენიერებას,

მხოლოდ შენა ხარ,

შეცვლილი ფერით,

ანგელოზების ფრენას გამყოლი,

შენი სხეულის ცენტრის სიმრგვალე

ისე უხდება ამ დედამიწას…

არა ხარ ერთი,

შენ ან ორი ხარ,

ანდა სამი ხარ,

და მუცელს ისე ეალერსები,

როგორც ფუტკარი შროშანის ბუტკოს.

 

 

არ დაუფრთხე

ამ ცხოვრებას,

ვალია შენი,

უშობე შვილი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10