მეგობარი სულის ბერვით ჯანჯაფილის ჩაის რომ გიწილადებს,  დედის სუნი რომ მოდგება ცხვირპირთან, იმედიანი, უბიწო,

როგორ არ უნდა აუცრემლდე სამყაროს?!

რაღაც სულ გინდა, აწმყოში მოამწვდიო,

შეყვარებულსაც ვერ გაჭვრეტ მომავალში,

შეშინდება გული.

 

სჯობს, ისევ სოფლის ჰორიზონტს გახედო,

გლეხს რომ ფასი ჰქონდეს, ხორბალს ასფალტზეც ააჯეჯილებდა.

მიწას რომ ფასი ჰქონდეს, მკვდარს როგორ ამობუდნიდა?!

ქალს რომ ფასი ჰქონდეს, კაცს კაცთან რა უნდა?!

ასოს რომ ფასი ჰქონდეს, ქალს ქალთან რა უნდა?!

 

 

დროსთან ერთად ზღვაც დაგვიშრა,

მთებიც ჩამოიშალა,

ცოლ-ქმარიც გაეყარა,

სისხლიც აღრევაც მოხდა,

გვარიც გადაშენდა,

ცარიელმა თოფმაც გაისროლა,

ომიც დასრულდა,

ასე ჩაიწურება ყოველივე.

 

მაგრამ რა ამოწურავს დარდსა და პოეზიას,

სათქმელი თუ ცომივით არ ამოხელე,

მუჭში არ მოგუნდე,

ცხელ თონეს არ ჩააკარი,

სუნმა არ გაგაბრუა,

მაშინ სხვა საქმე მონახე,

ნუ იჯახირებ, სადაც არ შეგივა, სადაც ვერ შეატევ.

 

*

 

რას მომიტანს ოთხმოც წლამდე თავის ყანყალი,

თუ დღეს პოეტობა კაცის გულივით მწყურია,

რად მინდა შორიდან მითვალთვალოს,

თითქოს ქალწული ვიყო თავიდან გასახედნი.

გახედეთ, ყველას სხვადასხვა ღმერთი გვყავს,

არცერთი არ ჭამს ერთმანეთს ჩვენსავით.

 

ნეტავ, დილა მენახა კმაყოფილი რომ შეგვრჩეს მობინდებამდე,

ნეტავ, ქალის გაჩენა მენახა კაცამდე,

ნეტავ, კაცი თუ იარსებებს სულ?!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10