შინაბერავ,

მე ვხედავ, ყოველი დილის გათენებისას

შენ იწყებ ლოცვას,

ლოცავ დედ-მამას და წყეულ სახლსაც, საიდანაც ვერა და ვერ გააღწიე,

მისტირი წარსულს ასაკთან ერთად,

ნაოჭთან ერთად,

ყოველ ძილისპირ წყევლი იმ ბიჭს,

რომელსაც უკვე ბაბუა ჰქვია,

შენს ბედისწერას მართავს ტკივილი, იქნებ, ერთხელაც გამოიდაროს,

ყველა დარაზულ ურდულთან ერთად

შეხვდე გაზაფხულს ღიას და თოთოს.

 

არ დაებოღმო

ამ ცხოვრებას,

ვალია შენი,

იშვილე ბავშვი.

 

 

გამოთხოვილო,

რომც თანაგიგრძნო მცირე წუხილით,

არა აქვს აზრი,

ბალახობ მშვიდად თავისუფლებას,

სიფრთხილით ხვდები დარდსა და იმედს,

შენთან ყველაფერს გაუდის ყავლი, ყოველი დაღლა ისე იწვნიე,

როგორც მეცხვარემ – მარტის ამინდი.

 

არ გაუწყრე

ამ ცხოვრებას,

ვალია შენი,

გაზარდე შვილი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10