თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელოვანი ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი, მხატვარი, მთარგმნელი, დრამატურგი, გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო აქტივისტი ლორენს ფერლინგეტი, დღეს ცოცხალ პოეტებს შორის ყველაზე ცნობილი პოეტია. ის 1919 წლის 24 მარტს, ნიუ-იორკში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა.

დედის ავადმყოფობის გამო, პატარა ფერლინგეტიმ, რამდენიმე წელი დეიდასთან ერთად საფრანგეთში გაატარა. მაგისტრის ხარისხი ლიტერატურაში მან კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს ლორენს ფერლინგეტი საზღვაო ძალებში მსახურობდა, 1947-51 წლებში კი პარიზში ცხოვრობდა და სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა სერიოზულად პოეზიით.

ლორენს ფერლინგეტიმ წერა ჟურნალისტიკით დაიწყო. ის წერდა სტატიებს სპორტის შესახებ, პარალელურად კი პატარა მოთხრობებს აქვეყნებდა ჟურნალში Carolina Magazine.

1951 წელს ლორენს ფერლინგეტი ამერიკაში დაბრუნდა და სელდენ კირბი სმითზე  იქორწინა. 1953 წელს ისინი სან-ფრანცისკოში  დასახლდნენ. ფერლინგეტის თქმით, მაშინ ქალაქი სამყაროს მოწყვეტილ კუნძულს ჰგავდა, რომელიც ოქროს მაძიებლებმა, მეზღვაურებმა, რკინიგზის ბარონებმა, თავგადასავლების მოყვარულებმა და ბედის მაძიებელმა ქალებმა დააარსეს. სან-ფრანცისკოში ის ფრანგულს ასწავლიდა, ხატავდა, პოეზიას თარგმნიდა და კრიტიკულ წერილებს წერდა. 1953 წელს, პიტერ დინ მარტინთან ერთად მაღაზია დიდი ქალაქის ჩირაღდნები დააარსა, ხოლო 2 წლის შემდეგ, როდესაც მარტინმა კალიფორნია დატოვა, იქვე გახსნა იგივე სახელწოდების, დღევანდელი გადმოსახედიდან, ისტორიული გამომცემლობა. ლორენს ფერლინგეტის იმთავითვე მიაჩნდა, რომ ხელოვნება არა მხოლოდ განსაკუთრებული განათლების მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა ყოფილიყო. მან თავის მაღაზიაში ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ყველას შეძლებოდა შესვლა და წიგნის იქვე წაკითხვა. თავის გამომცემლობაში ლორენს ფერლინგეტი იმ დროისთვის ახალი მიმართულების პოეტების წიგნებს ბეჭდავდა: მაგალითად, კენეთ რექსროტის, ბობ კაუფმანის, ალენ გინსბერგის, დენის ლევერტოვის, რობერტ დუნკანის, უილიამ კარლოს უილიამსის, გრეგორი კორსოს და სხვებისას. აღსანიშნავია ჯიბის წიგნების სერია, რომელიც ისეთი მცირე ზომის წიგნების გამოცემას გულისხმობდა, ადამიანს ჯიბეში რომ  ჩატეოდა და სულ თან ეტარებინა.

ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სკანდალს, რომელიც დიდი ქალაქის ჩირაღდნებში ალენ გინსბერგის კრებულის – „ყმუილი და სხვა ლექსები“ გამოქვეყნებას მოჰყვა. ამ ისტორიასვე უკავშირდება ამერიკული ლიტერატურული მოძრაობის, ბიტთაობის დაბადების ოფიციალური თარიღიც. 1955 წლის 7 ოქტომბერს, სულ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობმა, ბიტთაობის პოეტმა ალენ გინსბერგმა Six Gallery-ში თავისი ცნობილი ლექსი, ყმუილი წაიკითხა. ფერლინგეტიმ სათანადოდ შეაფასა გინსბერგის პოეზია, მიხვდა, რომ გინსბერგისა და ბიტთაობის სახით ამერიკულ ლიტერატურაში ახალი ხმა და მიმართულება გამოჩნდა. 1956 წელს მან ალენ გინსბერგის პირველი პოეტური კრებული გამოსცა. იმ დროის ამერიკაში გინსბერგის ლექსები ცენზურამ სკანდალურად და უხამსად ჩათვალა, წიგნი დააპატიმრა და ფერლინგეტს წიგნის გამოცემისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა, სასამართლომ გამომცემელი გაამართლა და ლორენს ფერლინგეტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ფერლიგნეტის წვლილი ლიტერატურაში სცილდება მის, როგორც გამომცემლის საქმიანობას. როგორც ერთ-ერთი კრიტიკოსი წერს, „მან თანამედროვე პოეტის სახე ჩამოაყალიბა, ამასთან შექმნა ახალი პოეტური ფორმები, რომლებიც რიტორიკულად ფუნქციონირებს და სოციალურადაც მნიშვნელოვანია.“ პაბლო ნერუდამ ერთხელ მას უთხრა: „მიყვარს თქვენი ფართოდ გაღებული პოეზია.“ მას შემდეგ, ის თავისი პოეზიის დასახასიათებლად ამ ტერმინს იყენებს. ასევე, ამბობს, რომ მისი პოეზია, თემატური თვალსაზრისით, ფართო დიაპაზონით ხასიათდება.  და მართლაც, ის ყველა სოციალურ, პოლიტიკურ  თუ პირად თემას ეხება.  თამამად ქმნის არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სასიყვარულო და ეროტიულ პოეზიასაც. თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში, ფერლინგეტს უამრავი სტილისტური თუ ტექნიკური ექსპერიმენტი ჩაუტარებია. დღესაც, როგორც ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში, ის კლასიკური პოეტური სტილის წინააღმდეგია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10