დელფოს ორაკულს

რად მომაშტერდი, დიდო ორაკულო,

ხომ არ გაბნევ, ხომ არ გაშფოთებ?

მე, ამერიკუსი, ამერიკელი,

დიდი ხნის წინ დედაჩემის წიაღში სიბნელიდან გამომჭედეს

უძველესი ევროპის წყვდიადიდან –

რად მომაშტრდი ახლა

ჩვენი ცივილიზაციის ბინდის ჟამს –

რად მომაშტერდი, თითქოს მე თავად ვიყო ამერიკა –

ახალი იმპერია

ანტიკური დროის ყველა იმპერიაზე ბევრად  მძლავრი,

განათებული გზატკეცილებით

თავის კორპორატიულ მონოკულტურას

და ინგლისურს, ჩვენი დროის ლათინურს

მთელ მსოფლიოში რომ მიაქანებს –

 

ო, დიდო ორაკულო, შენ, რომელიც საუკუნეებია ძილს მისცემიხარ

დააღწიე თავი  მარადიულ ძილქუშს

და გვამცნე როგორ ვიხსნათ თავი

საკუთარი თავისგან

და როგორ გადავურჩეთ მმართველთ,

 

მათ, ვინც

მდიდრებად და ღარიბებად

დიდი დაყოფის დროს,

როდესაც  უოლტ უიტმენს

ამერიკის სიმღერა მოესმოდა,

დემოკრატიას პლუტოკრატიად აქცევს.

 

ო,  მდუმარე სიბილა,

შენ, რომელიც ხარ ფრთოსანი ოცნება

გვამცნე სინათლის ტაძრიდან,

როგორც ბერძნული სახელების

სერიოზული თანავარსკვლავედიდან,

ჯერაც თავზე რომ დაგვყურებენ ისე

თითქოს  შუქურამ  თავისი სხივები ზღვაზე

გადაატარაო,

თქვი და დაგვანათე

საბერძნეთის ზღვის სინათლე

საბერძნეთის ბრწყინვალე ნათელი

შორსმჭვრეტელო სამუდამოდ გამქრალო სიბილა

გამოდი შენი მღვიმიდან ბოლოსდაბოლოს

და გვესაუბრე პოეტის ენით

მეოთხე პირის მხოლობითი რიცხვის ენით

ბუნდოვანი მომავლის ენით

შერეული ხალხის ენით

აღგზნებული ტკბილი სიცილით –

და მოგვეცი ახალი ოცნება საოცნებოდ

მოგვეცი ახალი მითები რითიც ვიცხოვრებთ!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10