***

პოეზია არის ფანჯარა, საიდანაც ყველაფერი ისე ცხადად ჩანს, როგორც არასოდეს.

ყოველი ლექსი ნამდვილი არსებობის დედააზრია, ვნების შვილი.

პოეტი ტრანსმოცეკვავეა უკანასკნელ ვალსში.

თვალები & ტუჩები სიყვარულის კარია, მხედველობა & ხმა პოეზიის კარიბჭე.

პოეზია არის მცენარე, რომელიც ღამე იზრდება, რომ თქვას სურვილის სათქმელი.

ის არის amore, pan’e vino.

ის არის მედიტაცია ჩვენსა და  ყოველდღიურ რეალობას შორის.

ის არის მედიტაცია რომელიც შორს მოცურავეს მარტოობას უქარვებს.

ის ემსახურება ბევრ ბატონს,  რომელთაგანაც  ყველა  ნეტარი როდია.

მეტყველება პოეზიისთვის იგივეა, რაც ბგერა მუსიკისთვის ყველა რეგისტრში.

პოეზია არის არაფრისგან რაღაცის შექმნა.

მისი დანიშნულება  ბრწყინვალე  სხივად მოვლინებაა.

პოეზია სიყვარულის მსგავსად ძნელად კვდება ნანგრევებში.

პოეზია სიყვარულის მსგავსად ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.

პოეზია მთელი ხმით გაჰყვირის  ჩვენი შიშისა და სიყვარულის შესახებ.

ის ზოგჯერ საკუთარ ჩრდილს აწყდება შუაღამისას და გული უსკდება.

პოეზია უხილავის ხელის ანაბეჭდია, ხილული რეალობის ფეხის ნაკვალევი, რომელიც მას ჩრდილივით თან დასდევს.

სიყვარული ნეტარებს სიყვარულში. სიხარული ნეტარებს სიხარულში. პოეზია ნეტარებს პოეზიაში.

დიდი პოეზია რომ დაიბადოს, საჭიროა შიმშილი და ვნება.

მოყვარულისთვის ის მარგალიტია, მოძულესთვის ეკალი.

გონების აზრით, მან გულისკენ მისასვლელი გზები იცის.

მოაზროვნე პოეზია აღტყინების გარეშე არ არსებობს.

პოეზია არის  საკუთარი კანით აზროვნება.

და ყველა ბავშვი, ვისაც ფარვანას დაჭერა შეუძლია, ფლობს პოეზიას.

თავად ცხოვრება უდიდესი ტრაგიკომიკური პოემაა.

და პოეტი თავად უნდა გაერკვეს ჩიტების ჟრიამული აღტყინებული შეძახილია თუ სასოწარკვეთილი გოდება.

პოეზია მომღერალთა დაშლილი გუნდია სადაც ბოლოს ტკბილად მღეროდნენ ჩიტები.

პოეზია კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარია ბნელ ეპოქაში.

და პოეტი

როგორც ეროსის მატარებელი

როგორც სიყვარულის მატარებელი

და სიამოვნების და სიხარულის

და სრული თავისუფლების

მატარებელი

უნდა განისაზღვროს, როგორც

სახელმწიფოს –   სტრუქტურის,

რომელიც ჩვენს ყველა თავისუფლებას ჭამს-

ბუნებრივი, არამოძალადე

მტერი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10